fbpx

რუსეთის ომი უკრაინაში – ტექნოლოგიური სექტორის ფრონტი

ომის

რუსეთის ომი უკრაინაში – ტექნოლოგიური სექტორის ფრონტი

სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან უკრაინელები აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას რუსეთის მიერ გავრცელებული პროპაგანდის გასანეიტრალებლად, ადგილობრივების სულისკვეთების ასამაღლებლად და მსოფლიოს მასშტაბით ომის საწინააღმდეგო განწყობის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, ამ ერთი თვის პერიოდში შექმნილი აპლიკაციები თუ ვებსაიტები და მობილიზებული რესურსები უფრო კარგად აჩვენებს, რამდენად დახვეწილად იყენებს უკრაინა ინტერნეტისა და ტექნოლოგიების, როგორც თანამედროვე ეპოქის იარაღების ძალას. სწორედ ამ საშუალებებით უზრუნველყოფს ქვეყანა სამოქალაქო და სამხედრო პირებისთვის საჭირო ინფორმაციებსა თუ ხელსაწყოებზე წვდომას და ტერიტორიული უსაფრთხოების დასაცავად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.  

რუსეთში დამოუკიდებელ მედიას სდევნიან, დისიდენტებს აკავებენ, ადგილობრივი ინტერნეტსივრცე კი სამთავრობო პროპაგანდითა და ომის შესახებ შეთქმულების თეორიებით არის დატვირთული. თუმცა, არსებულ მდგომარეობას უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო წარმატებით უმკლავდება და თავის 2020 წელს ჩაშვებულ აპლიკაციაში ,,Дія’’ არაერთი ცვლილება შეაქვს. საჯარო სერვისების პორტალი ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანი რესურსების, მათ შორის უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის დისტანციური სამუშაოების, ხოლო მოსწავლეებისთვის ვიდეოგაკვეთილების მოსაძიებელ სივრცედ იქცა. თუმცა, მისი ახალი ფუნქციებიდან ყველაზე გამორჩეული სამხედრო დანიშნულების ხელსაწყოებია. ერთ-ერთი მათგანი არის Clearview AI-ის სახის ამოცნობის ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც უკრაინული მხარე დაღუპული რუსი სამხედროების იდენტიფიცირებას შეძლებს. უკრაინის ვიცეპრემიერი და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილო ფედოროვი აცხადებს, რომ ეს ტექნოლოგია ხელს შეუწყობს რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებების უარყოფას – ,,ე.წ. სპეციალური ოპერაციის მითის გაქარწყლებას, რომელშიც ‘’არ მონაწილეობენ წვევამდელები’’ და [რუსეთის მხრიდან] ‘’არავინ იღუპება’’. Clearview AI-ის დამფუძნებლის თქმით, მათ სოციალური ქსელებიდან და სხვა ვებგვერდებიდან მოპოვებული დაახლოებით 10 მილიარდი ფოტო (აქედან 2 მილიარდზე მეტი რუსული სოციალური მედიის სერვისიდან, VKontakte-დანაა) აქვთ მონაცემთა ბაზაში. აღსანიშნია, რომ ამგვარ მონაცემთა შეგროვებისა და პირთა ვინაობების არაზუსტი გამოვლენის შესაძლებლობის გამო ამერიკულ სტარტაპს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. 

აპლიკაცია ,,Дія’’-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა – მისი საშუალებით, უკრაინელებს შეუძლიათ გაგზავნონ ფოტო- და ვიდეომასალები (გეოლოკაციის მითითებით), რომლებშიც ასახული იქნებიან რუსი სამხედროები ან მათი სამხედრო ტექნიკა, ასევე პირები, რომელთაც ადამიანები საეჭვოდ მიიჩნევენ. როგორც ფედოროვი ამბობს, მოწოდებული მონაცემები ერთიანდება რუკაზე, რომელიც უკრაინის სადაზვერვო სამსახურისთვისაა ხელმისაწვდომი. 

რუსული ჯარებისა და ტექნიკის მდებარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება უკრაინელებს ამ დანიშნულებისთვის სპეციალურად შექმნილი Telegram-ის არხებითაც შეუძლიათ. ერთ-ერთი მათგანია ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ბოტი – @evorog_bot. ამ შემთხვევაში, მონაცემის გაგზავნამდე პირებმა აპლიკაცია ,,Дія’’-ის საშუალებით ვინაობა უნდა დაადასტურონ. სამინისტროს განცხადებით, ,,ეს აუცილებელია ხარისხიანი ინფორმაციის შესაგროვებლად და იმისათვის, რომ დივერსანტებმა ვერ შეძლონ ყალბი ფოტოების ან ვიდეოების მოწოდება’’. უწყება მოქმედების შემდგომ ნაბიჯებსაც აწოდებს მოსახლეობას:

• ,,აირჩიეთ რაც იხილეთ – აღჭურვილობა თუ ოკუპანტი;
• გამოაგზავნეთ ფოტო ან ვიდეომტკიცებულება;
აირჩიეთ ტერიტორია და მიუთითეთ გეოლოკაცია, სადაც მტერი შენიშნეთ;
• აღწერეთ დეტალები’’.

მეორე მათგანია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის Telegram ბოტი, სახელწოდებით  @stop_russian_war_bot. ,,ნახეთ მტერი?, [მაშინ] გთხოვთ, გამოაგზავნოთ ინფორმაცია მკაფიოდ და სტრუქტურულად:

• ქალაქი, მოქმედების რეგიონი, აღმოჩენის დრო, გეოლოკაცია (თუ შესაძლებელია);
• დანახული მტრის ძალების ძალების რაოდენობრივი შემადგენლობა და მათი ტიპი;
დამატებითი ინფორმაცია მოძრაობის მიმართულებების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ;
საეჭვო პირების დამახასიათებელი ნიშნები’’, – წერს სამსახური. 

ქვეყნის შიგნით გამოსაყენებელი საჭირო რესურსების გარდა, უკრაინამ შექმნა უფრო მასშტაბური მნიშვნელობის ხელსაწყოებიც. ერთ-ერთი ასეთია ომის დანაშაულების ამსახველი ვებგვერდი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია წარადგინოს ფოტოები, ვიდეოები და სხვა დამატებითი ინფორმაცია, მათი შემდგომი გამოძიების მიზნით. 

,,გენერალურმა პროკურატურამ, უკრაინელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შექმნა ეს რესურსი უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სათანადო დოკუმენტაციისთვის. მტკიცებულებები გამოყენებული იქნება უკრაინის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გასასამართლებლად, ასევე ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში და მისი შექმნის შემდეგ, სპეციალურ ტრიბუნალში’’, – აცხადებს უწყება.

ინფორმაციის გასაგზავნ გვერდზე არის სპეციალური ფორმა, სავარაუდო დანაშაულების ჩამონათვალით. ესენი შესაძლოა იყოს:

• „წამება (ცემა, გაუპატიურება, დასახიჩრება);
სამედიცინო პერსონალის დაზიანება, მკვლელობა;
ოკუპანტის მიერ სამოქალაქო ტანსაცმლის, შეიარაღებული ძალების ფორმების, ჰუმანიტარული და სამედიცინო დაწესებულებების ემბლემების გამოყენება;
ბავშვთა ინფრასტრუქტურის დაზიანება ან განადგურება (საგანმანათლებლო დაწესებულებები, პანსიონები, საავადმყოფოები და ა.შ.)’’. 

ამის გარდა, გენერალური პროკურატურა იყენებს მონაცემებსა და სხვადასხვა ანგარიშებს, რათა ვებსაიტის ვიზიტორებს ყოველდღიური შეფასებები შესთავაზოს შესაძლო ომის დანაშაულების შესახებ. 

არსებული, მონაცემებთან დაკავშირებული, ზომების მიღების გარდა, უკრაინამ სამხედრო დახმარების მობილიზებისთვის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი ჩამოაყალიბა.სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე კი მსურველებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუერთდნენ ლეგიონს. ამის გარდა საიტზე განთავსებული რუკა ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, ნახონ, რამდენი მოხალისე ჩავიდა უკრაინაში თითოეული ქვეყნიდან. რუსეთი კი წითლად არის ნაჩვენები, რაოდენობით მინუს 14 000, რაც უკრაინული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობაა.  

სამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებული აქტივობების გარდა, განსაკუთრებით გამოხატული იყო ქვეყანაში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით კერძო სექტორის გამოხმაურება. 

უკრაინაში დაფუძნებულმა კომპანიებმა Stfalcon და Ajax Systems ერთ ღამეში შექმნეს აპლიკაცია Air Alert, რომელიც მომხმარებლებს უგზავნის საჰაერო თავდასხმის, ქიმიური ან სხვა სახის საფრთხის შესახებ შეტყობინებებს იმ შემთხვევაშიც, თუ მოწყობილობაზე უხმო რეჟიმია დაყენებული. აღსანიშნია, რომ გაფრთხილების მისაღებად აპლიკაციისთვის ადგილმდებარეობაზე წვდომის მიცემა არაა საჭირო. მომხმარებლები მხოლოდ უთითებენ სასურველ რეგიონს, რომლის შესახებაც სურთ შეტყობინებების მიღება. Air Alert ამ დროისთვის როგორც Google play-ზე, ასევე AppStore-ზეა ხელმისაწვდომი. 

ამის გარდა, უკრაინული წარმოშობის ლოჯისტიკისა და სატვირთო მანქანების ტექნოლოგიის სტარტაპმა Cargofy შექმნა ვებსაიტი Pomich, რომელიც სატვირთო მანქანების მფლობელებს აკავშირებს ადამიანებთან, რომელთაც უკრაინელებისთვის საკვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება სურთ. 

ცხადია, კერძო სექტორის გამოხმაურება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება – მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებადი მრავალი კომპანიაა ჩართული უკრაინისა და ქვეყნის მოსახლეობის დასახმარებლად დისტანციური სამსახურისა თუ საცხოვრებლის მოძიების, ჰუმანიტარული რესურსების მობილიზებისა და რუსეთისთვის სხვადასხვა შეზღუდვების დაწესების გზით. 

რუბრიკის წარმდგენია

Share this post