fbpx

a16z-მა სტარტაპაქსელერატორი START ოფიციალურად წარადგინა

START

a16z-მა სტარტაპაქსელერატორი START ოფიციალურად წარადგინა

ვენჩურული კაპიტალის ფირმამ, Andreessen Horowitz (a16z)-მა საკუთარი სტარტაპაქსელერატორი სახელწოდებით START ოფიციალურად წარადგინა. ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომიდან პროგრამა ბეტა რეჟიმში მიმდინარეობდა. აღსანიშნია, რომ ამ პერიოდში ფირმამ 1000-ზე მეტი განაცხადი მიიღო, თუმცა, START-ში მხოლოდ 11 მონაწილე მოხვდა.

„თუ ტექნოლოგიური კომპანიის დაარსება თქვენი ოცნებაა, ჩვენ გელოდებით მაშინაც კი, თუკი ჯერ იდეა არ გაქვთ ჩამოყალიბებული და ყოველდღიური სამსახურიდანაც არ წამოსულხართ’’, – წერს ფირმა.

ფირმის თქმით, აქსელერატორში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადამიანებს, რომელთაც პროდუქტის ხედვის დახვეწა, სამიზნე აუდიტორიის დადგენა, მინიმალურ სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) შექმნა და მისი ჩაშვება ან თუნდაც, ბაზარზე უკვე ჩაშვებული პროდუქტის მასშტაბირება სურთ. პროგრამის ფარგლებში დამფუძნებლები სხვადასხვა სახის მხარდაჭერას მიიღებენ, მათ შორის კი იქნება შესაბამისი კავშირების დამყარებაში დახმარება.

კომპანია აქსელერატორის მონაწილეებს $1 მილიონამდე დაფინანსებას გარკვეული წილის სანაცვლოდ სთავაზობს. თუმცა, ინვესტიციის პირობებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ფირმა არ ასაჯაროებს. არც ისაა ცნობილი, თუ რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება პროგრამა. თუმცა, აღსანიშნია, რომ ის დისტანციურად გაიმართება და START-ში მონაწილეობის მიღება მთელი მსოფლიოდან იქნება შესაძლებელი.

პროგრამაში გამოყოფილია ოთხი ძირითადი მიმართულება, ესენია:

• ამერიკული დინამიზმი [იგულისხმება დამფუძნებლები და სტარტაპები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს ატარებენ];
• მომხმარებელი;
• საწარმო;
• ფინტექი.

START-ში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება ბმულის საშუალებით შეუძლიათ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post