“იფიქრე განსხვავებულად. იფიქრე მომხმარებლებზე” – ჯესიკა ლივინგსტონი
90-იანი წლების ბოლოს საკმაოდ პოპულარული იყო Apple-ის კამპანია სლოგანით “იფიქრე განსხვავებულად”. განსხვავებულად ფიქრი კი სწორედ ისაა, რაც სტარტაპის დამფუძნებლებს სჭირდებათ. თითქმის შეუძლებელი იქნება წარმატებული სტარტაპის შექმნა ერთმანეთის მსგავსი, შაბლონური იდეებით.
სოციალური ზეწოლის ქვეშ ძნელია განსხვავებულად აზროვნება. ხალხი უარყოფს თქვენს განსხვავებულ იდეას და შეიძლება, დასცინონ კიდეც მას. სწორედ ამიტომ, განსხვავებული იდეის შემთხვევაში, აუცილებლად მოგიწევთ ისეთი რამის კეთება, რაც ადამიანების უმეტესობას სულელურად მოეჩვენება და ამისთვის უბრალოდ მზად უნდა იყოთ. ეს ის პროცესია, რომლის გავლაც თითქმის ყველა წარმატებულ სტარტაპ დამფუძნებელს მოუწია.
ამ ყველაფრის წინაშე მე თვითონაც აღმოვჩნდი – ეს ძნელი წარმოსადგენია, ახლა, როდესაც Y Combinator ასეთი ცნობილი ბრენდია; თუმცა, როცა ჩვენ პირველად დავიწყეთ მასზე მუშაობა, მაშინ ძალიან გვიჭირდა. არავის ეგონა, რომ YC რაიმე სარგებელს მოიტანდა.
როცა გიჟური იდეა გაქვს, რთულია, მას გაჰყვე, რადგან გიჟური იდეების უმეტესობა სინამდვილეში ცუდია. მაშინ, როგორ უნდა გავფილტროთ კარგი და ცუდი გიჟური იდეები? მხოლოდ განსხვავებულად ფიქრი საკმარისი არ არის – სტარტაპის დამფუძნებლებს მომხმარებლებზე ორიენტირება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, დამფუძნებლებისთვის ზემოხსენებული სლოგანი უნდა გახდეს “იფიქრე განსხვავებულად. იფიქრე მომხმარებლებზე”. აი, ამ შემთხვევაში, გიჟური იდეა ნამდვილად გაამართლებს.
ვიცოდით, რომ YC-ზე მუშაობის პროცესში დროს არ ვკარგავდით. ყველას ეგონა, რომ ეს სულელური იდეა იყო, მაგრამ სტარტაპის დამფუძნებლებს მოვწონდით და ისინი დროთა განმავლობაში ჩვენი მომხმარებლები გახდნენ. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით დამფუძნებლებზე, როგორც მომხმარებლებზე და ეს არის ერთ-ერთი რამ, რითაც YC განსხვავდება სხვა ინვესტორებისგან.
მომხმარებლების გახარება არამხოლოდ მოგცემთ ნიშანს, რომ თქვენ სწორ გზაზე ხართ, ის ასევე მოგცემთ ძალას, შეებრძოლოთ დიდ წინაღობებს.
როგორი უნდა იყოს სტარტაპი ადრეულ ეტაპზე? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ატარებთ პატარა წვეულებას თქვენს მომხმარებლებთან და არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს დანარჩენი მსოფლიო, რადგან თქვენ ძალიან კარგად ატარებთ დროს. თუმცა, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ მომხმარებლების ეს რაოდენობა მომავალში გაიზრდება.
გახსოვდეთ, რომ რაც უფრო დიდი იქნება განსხვავება თქვენს აზრსა და საზოგადოების აზრს შორის, მით მეტი პოტენციალი ექნება თქვენს იდეას.
ასე რომ, აქ არის ჩემი ოთხი პუნქტი განსხვავებული აზროვნების შესახებ. ერთი – თქვენ უნდა იყოთ მზად ამ ყველაფრისთვის. მეორე – თქვენ არ უნდა გააკეთოთ ეს უსასყიდლოდ; თქვენ უნდა გააკეთოთ ეს მომხმარებლების მომსახურების პროცესში. მესამე, თუ ამ მომხმარებლებს გაახარებთ, ეს მოგცემთ ძალას, შეებრძოლოთ წინაღობებს და მეოთხე – უფსკრული სხვების ხედვასა და შენ შორის შენი პოტენციალის ნიშანია.