100 ყველაზე ინოვაციური WealthTech კომპანია
კვლევითმა ფირმამ FinTech Global 2022 წლის WealthTech100 სია გამოაქვეყნა. დარგის ექსპერტებისა და ანალიტიკოსების მიერ შედგენილი რეიტინგი მოიცავს მსოფლიოს წამყვან WealthTech კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან ციფრული სტრატეგიების ტრანსფორმაციითა და სამომხმარებლო შეთავაზებების მუდმივი განვითარებით.
ცნობისთვის, WealthTech არის ფინტექ ინდუსტრიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და მოიცავს ტექ-კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლებს ინვესტიციებისა და აქტივების მართვის ციფრული ხელსაწყოებით და პროგრამებით. ბოლო წლების მანძილზე, ამ სახის ტექ-პროდუქტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და ნავარაუდევია, რომ ამ ინდუსტრიის მოცულობა 2030 წლისთვის $11,9 მილიარდს მიაღწევს.
„ბიზნესები, რომლებიც უახლეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს ფეხს ვერ უწყობენ, ნაკლებად კონკურენტუნარიანები გახდებიან და დროთა განმავლობაში ბაზრის წილსაც დაკარგავენ. WealthTech100 სია მათ საშუალებას აძლევს ყურადღება გაამახვილონ ბაზარზე არსებულ წამყვან კომპანიებზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ფინანსური დაგეგმვა, კლიენტების მოზიდვა, პორტფელის მენეჯმენტი და ციფრული ბროკერობა’’, – აცხადებს FinTech Global-ის დირექტორი რიჩარდ საჩარი.
WealthTech-ის სფეროში 100 ინოვაციური ლიდერის იდენტიფიცირების პროცესი წელს განსაკუთრებით კონკურენტული იყო და შერჩევის პროცესში 1200-ზე მეტი კომპანია განიხილებოდა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, მრჩეველთა საბჭო და FinTech Global-ის გუნდი მრავალი კრიტერიუმით ხელმძღვანელობდა, რომელთა შორისაც იყო:
- კომპანიის მიერმოგვარებული პრობლემის ინდუსტრიული მნიშვნელობა;
• ტექნოლოგიური გადაწყვეტის ინოვაციურობა;
• ხარჯების პოტენციური დაზოგვა, ეფექტურობის გაუმჯობესება;
• ზრდა(მოზიდული კაპიტალის, შემოსავლებისა და მომხმარებლების მოპოვების თვალსაზრისით);
• რამდენად მნიშვნელოვანია აქტივების მენეჯმენტის, კერძო ბანკინგისა და ფინანსური კონსულტაციების სფეროში მომუშავე პირებისთვის ამ კომპანიის შესახებ ცოდნა?
100 რჩეულ WealthTech კომპანიას შორის მოხვდნენ:
Docupace – პლატფორმა, რომელიც ფინანსური რჩევებისა და საინვესტიციო ინდუსტრიებში ოპერაციების გაციფრულებასა და ავტომატიზაციაზეა ორიენტირებული.
Ortec Finance – კომპანიის გადაწყვეტა ხელს უწყობს კლიენტების მიზნებზე დაფუძნებული დაგეგმვის პროცესსა და მონიტორინგს, ასევე საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს.
PaxFamilia – საკონსულტაციო პლატფორმა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მომხმარებლების საჭიროებების გააზრებასა და მათთვის სწორი გადაწყვეტების, საჭირო დროს მიწოდებაში ეხმარება.
PureFacts – ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ფინანსური სერვისების ფირმებს შემოსავლის გაზრდაში, რისკის შემცირებაში და კლიენტებისთვის უკეთესი მომსახურების მიწოდებაში ეხმარება.
Sentifi – AI-ის დახმარებით ყოველდღიურად 500 მილიონზე მეტ ტვიტში, სიახლეში, ფორუმსა და ბლოგში საინვესტიციო სიგნალებს ამოიცნობს.
TelosTouch – პლატფორმა ინსტიტუტებს, მრჩევლებსა და კლიენტებს აკავშირებს, რათა მომხმარებელთა სერვისების პერსონალიზება, ასევე შემოსავლისა და ლოიალობის გაზრდა უზრუნველყოს.
WealthTech100 სრული სიის ნახვა კი ბმულზეა შესაძლებელი.