fbpx

რა არის SWIFT სისტემა?

SWIFT

რა არის SWIFT სისტემა?

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებული რეგიონების, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარებასა და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას, ქვეყნის მიმართ არაერთი სანქციის დაწესება მოჰყვა. სხვა ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, აქტიურად განიხილება რუსეთის SWIFT-იდან გათიშვაც, რასაც უკვე ბევრი ევროპული ქვეყანა მხარს უჭერს.

სულ ცოტა ხნის წინ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ შემდეგი განცხადება გაავრცელა,,დღეს კვლავ ვესაუბრე უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს. კიდევ ერთხელ დამარწმუნა რუსეთის წინააღმდეგ შორსმიმავალი სანქციებისადმი, SWIFT სისტემის დაბლოკვის ჩათვლით, მის მხარდაჭერაში’’. აღნიშნული კი სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის ამ სანქციის გამოყენების შესახებ შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

რა არის SWIFT?

SWIFT არის აბრევიატურა, რომელიც აღნიშნავს Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication-ს, ანუ მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოებას. მას ფინანსური ინსტიტუტები ერთმანეთში სხვადასხვა ტრანზაქციის (გადარიცხვის, ვალუტის გადაცვლისა და ა.შ) შესახებ შეტყობინებების უსაფრთხოდ გაცვლისთვის იყენებენ. იგი დაარსდა 1973 წელს, ბრიუსელში (ბელგია), ფინანსური ინსტიტუტების ტელექსის სისტემაზე დამოკიდებულების აღმოფხვრის მიზნით.

მის მომსახურებას 200-ამდე ქვეყანაში 11 000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი იყენებს. 2021 წელს სისტემა ყოველდღიურად საშუალოდ 42 მილიონ FIN შეტყობინებას ატარებდა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.4%-ით მეტია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ SWIFT საერთაშორისო ფინანსური გადარიცხვების მთავარი საყრდენია.

სვიფტი

ვინ ფლობს და არეგულირებს მას?

SWIFT-ს ფლობენ და აკონტროლებენ აუქციონერები [ანუ, ფინანსური ინსტიტუტები]. მისი მეწილეები ირჩევენ დამოუკიდებელი 25 დირექტორისგან შემდგარ საბჭოს, რომელიც მართავს კომპანიას და ზედამხედველობას უწევს მენეჯმენტს.

სისტემის მთავარი ზედამხედველი არის ბელგიის ეროვნული ბანკი, რომელიც დაკვირვებას G-10 წევრი სახელმწიფოების (კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, შვედეთი, შვეიცარია, ინგლისი, აშშ [ამ შემთხვევაში, ფედერალური სარეზერვო სისტემა]) ცენტრალურ ბანკებთან, ასევე ევროპის ცენტრალურ ბანკთან ერთად ახორციელებს.

იქიდან გამომდინარე, რომ SWIFT არა ბანკი, არამედ ფინანსური ტრანზაქციების უსაფრთხო შეტყობინებების სისტემაა, ის ბანკების მსგავსად არ რეგულირდება.

სისტემაზე წვდომის დაკარგვა

SWIFT-ზე წვდომის დაკარგვა ნიშნავს, რომ რუსული ბანკები უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებთან გადახდების განსახორციელებლად ან მისაღებად მას ვეღარ გამოიყენებენ. ამან კი ქვეყანას შესაძლოა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიაყენოს. აღსანიშნია, რომ ეს საკითხი 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროსაც განიხილებოდა. მაშინ ალექსეი კუდრინმა (რუსეთის ფინანსთა მინისტრი 2000-2011 წლებში) ივარაუდა, რომ ,,თუ SWIFT სისტემიდან რუსეთს გათიშავენ, მხოლოდ ეს ფაქტორი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ით შემცირებას გამოიწვევს შეზღუდვის დაწესებიდან ერთი წლის განმავლობაში’’.

მხოლოდ ვარაუდით რომ არ ვიმსჯელოთ, ამის რეალური მაგალითი 2012 წელს სისტემიდან ირანული ბანკების გათიშვაა (ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიიდან ამოღების შემდეგ, ზოგიერთი მათგანი 2016 წელს სისტემას დაუბრუნდა). მას შემდეგ, რაც მათ SWIFT-ზე წვდომა დაკარგეს, ქვეყანამ ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების თითქმის ნახევარი და საგარეო ვაჭრობის 30% დაკარგა. სწორედ ასეთივე ზიანის მომტანი შეიძლება იყოს რუსეთის ეკონომიკისთვის ეს სანქცია.

თუმცა, რუსეთის SWIFT სისტემიდან გათიშვამ შესაძლოა სხვა ქვეყნებზეც მნიშვნელოვნად იმოქმედოს. რუსეთი ევროპის ნაწილისთვის ენერგომატარებლების [ბუნებრივი რესურსები, რომელთა გადამუშავებითაც ელექტროენერგია მიიღება] ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ქვეყნები კი სწორედ SWIFT სისტემის საშუალებით იხდიან იმპორტირებული რესურსების საფასურს.

SWIFT-ის ალტერნატივა

ამ სისტემის ალტერნატივა არ, ან ჯერ არ არსებობს. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთის მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან გათიშვის საკითხი დღის წესრიგში დადგა, პოტენციური ზიანის შესამცირებლად, ქვეყანამ შესაბამისი ზომები მიიღო. ამ პერიოდიდან რუსეთის ცენტრალური ბანკი ფლობს საკუთარ ფინანსური შეტყობინებების სისტემას სახელწოდებით SPFS. თუმცა, მას მხოლოდ 400 მომხმარებელი ჰყავს, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსული ბანკებია.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post