Instagram მომხმარებელთა ასაკის დასადასტურებლად ახალ მეთოდებს ცდის
Instagram ტესტავს ფუნქციების ახალ კომპლექტს, რომლის საშუალებითაც სოციალური მედიის პლატფორმის მომხმარებელთა ასაკის ვერიფიკაცია გამარტივდება. კერძოდ, პირებმა, რომელთაც სურთ დაამტკიცონ, რომ 18 წლის ან მეტის არიან, კომპანიას უნდა მიაწოდონ ვიდეოსელფი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ზრდასრული მეგობრებისგან მიღებული დასტური.
ონლაინსივრცეში ადამიანის ასაკის დადგენა რთული, მთელი ინდუსტრიის მასშტაბით გავრცელებული გამოწვევაა. ბევრ პირს, მაგალითად, თინეიჯერებს, ყოველთვის არ აქვს წვდომა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, რომლებიც ასაკის ვერიფიკაციას ამარტივებს. როგორც ინდუსტრიამ, ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ ახალი გზები, რათა ადამიანების ასაკი მაშინაც კი გადავამოწმოთ, თუ მათ პირადობის მოწმობა არ აქვთ, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამ ეტაპზე, ასაკის გადამოწმების ახალი სისტემის ტესტირება მხოლოდ ა.შ.შ-ში მცხოვრებ მომხმარებლებს მოიცავს. პირებს, რომელთაც მოესურვებათ, რომ პლატფორმაზე არსებული თავიანთი ასაკი რაიმე მიზეზით შეცვალონ და 18 წელი ან უფრო მეტი მიუთითონ, ზემოთ აღნიშნული სამი ვარიანტიდან ერთ-ერთის არჩევა მოუწევთ.
ასაკის დასამოწმებლად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ. მათ შეეძლებათ, რომ სოციალურ ქსელს მიაწოდონ ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა პასპორტი, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მართვის მოწმობა, მწვანე ბარათი და ა.შ. კომპანიის თქმით, მოწმობა სერვერზე 30 დღის განმავლობაში შეინახება და შემდეგ წაიშლება.
თუ მომხმარებელს პირადობის დამადასტურებელი რაიმე მოწმობა არ აქვს, მას შეეძლება, რომ საკუთარი წლოვანება ვიდეოსელფის საშუალებით დაამტკიცოს. ასაკის ვერიფიკაციის ამ მეთოდის ფარგლებში, Instagram თანამშრომლობს ლონდონში დაფუძნებულ სტარტაპთან Yoti-სთან. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი სოციალური ქსელის პლატფორმაზე ვიდეოს ატვირთავს, Meta (Instagram-ის მშობელი კომპანია) მასალას გაუზიარებს Yoti-ს, რომელიც პირის ასაკს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიის დახმარებით გადაამოწმებს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდგომ, მონაცემებს ორივე კომპანია წაშლის. Yoti-ს განცხადებით, სტარტაპის პროდუქტს მხოლოდ ასაკის დადგენა შეუძლია და ის კონკრეტულ პიროვნებებს ვერ ამოიცნობს.
ასაკის ვერიფიკაციის მესამე გზას კომპანია უწოდებს Social Vouching-ს. ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა აირჩიოს სამი უფროსი (18 ან მეტი წლის) მეგობარი, რომლებიც მის ასაკს დაადასტურებენ. პირები, რომელთაც კონკრეტული ადამიანი თავისი წლოვანების დასამტკიცებლად აირჩევს, კომპანიისგან მიიღებენ დადასტურების მოთხოვნას, რომელსაც 3 დღის განმავლობაში უნდა უპასუხონ. პლატფორმა მათ შესთავაზებს რამდენიმე ვარიანტს (13 წლამდე, 13-17 წლის, 18-20 წლის, 21 წლის ან მეტის, დარწმუნებული არ ვარ), რომელთაგან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ. აღსანიშნია, რომ სამივე მომხმარებელმა ერთი და იგივე ასაკობრივი ჯგუფი უნდა მიუთითოს, რათა კონკრეტული პირის წლოვანება დადასტურდეს.