სტარტაპები, რომლებიც IPO-ზე გავიდნენ – Affirm
Affirm PayPal-ის თანადამფუძნებლის, მაქს ლევჩინის, ქმნილებაა. ფინტექ სტარტაპი თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეძენილი საქონლის საფასური ყიდვისთანავე სრულად არ დაფაროს, არამედ – ეტაპობრივი შენატანებით გადაიხადოს.
Airbnb-ისა და DoorDash-ის ძალიან წარმატებული IPO-დებიუტების შემხედვარემ, Affirm-მაც გადაწყვიტა სახალხოდ გასვლა. ჯერ კიდევ stock-მარკეტზე გასვლამდევე კომპანიის ლიდერშიპმა კომპანიის აქციის საწყისი ფასი 41-44$-დან 49$-მდე აწია(იციან საკუთარი ფასი), რაც კომპანიის $12 მილიარდიან საბაზრო კაპიტალიზებას ნიშნავდა; თუმცა პირველივე დღეს, 13 იანვარს, მისი აქციების ფასმა 90$-მდე აიწია.
რის გამო იყო Affirm-ის IPO წარმატებული, ამის სამი, ურთიერთგადაჯაჭვული მიზეზი შეგვიძლია გამოვყოთ
მარტივი და კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილება
როგორც ზემოთ ვთქვით, მისი საშუალებით შეგვიძლია, შეძენილი პროდუქტის ღირებულება ერთბაშად კი არა, ნაწილობრივი შენატანებით დავფაროთ. რომელი იტყოდით უარს, თუნდაც ახალი სმარტფონის შეძენისას, მთელ ხელფასს თუ არ დატოვებდით მაღაზიაში?! მაგრამ განვადებით ან სესხითაც ხომ შეგიძლია იგივე გააკეთო?! საქმეც ისაა, რომ – არა. Affirm იმითაა განსაკუთრებული, რომ სრული საფასურის გადახდის გადავადების გამო მომხმარებელი ხშირად პროცენტს არც კი იხდის, ანდა, თუ იხდის – საბანკო თუ სწრაფი სესხის ინსტიტუტებთან შედარებით, მაინც ბევრად ნაკლებს.
ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ მომხმარებელთა დიდი ნაწილისგან პროცენტს საერთოდ არ იღებს, აბა, რანაირად არის კომპანია მომგებიანიო. საქმე ისაა, რომ ისეთ მომხმარებელთათვის, ვისაც Affirm პროცენტს საერთოდ არ ახდევინებს, ის თავად სავაჭრო ობიექტისგან იღებს მომხმარებლის მიერ დახარჯული თანხის 3-5%-ს.
სავაჭრო ობიექტიც სიამოვნებით მიდის ამ “დათმობაზე”, რადგან Affirm-ის წყალობით, მისი ძვირადღირებული საქონლის შეძენას ბევრად მეტი მომხმარებელი “ბედავს”. მოკლედ, როგორც გამყიდველის, ისე მყიდველისათვის, Affirm-ს სარგებელი მოაქვს. ხოლო ამას დამატებული მისი მოქნილობა ექაუნთის გააქტიურების ან მისი აპლიკაციის გამოყენების კუთხით, საბოლოოდ მომხმარებლისთვის ძალიან კომფორტულ და მარტივ სამომხმარებლო გამოცდილებას ქმნის.
პოტენციური ბაზრის სიდიდეა
Affirm-ის აქციებით დაინტერესების მეორე მიზეზი მისი პოტენციური ბაზრის სიდიდეა. რეალურად, საცალო ვაჭრობის ნებისმიერ სფეროშია შესაძლებელი მისი მოხმარების დანერგვა. Affirm-ის დანიშნულებასა და გამოყენების სიმარტივეს ის უზარმაზარ – პოტენციურ 25 ტრილიონიან ბაზარზე გაჰყავს. Affirm, მაგალითად, კარგად გამოყეებადი აღმოჩნდა იქომერსში, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სილამაზე, ავეჯი და ელექტრონიკა. მხოლოდ ხსენებული სეგმენტების საცალო ვაჭრობაში აშშ-ში 500 მილიარდი ტრიალებს.
ამასთან, Affirm-ის მიერ შემოთავაზებული გადახდის დანაწევრებული მეთოდი პოპულარობას იხვეჭს, და 2023 წლისთვის, ვარაუდობენ, რომ იქომერსში დახარჯული თანხების 3% ამ ტიპის გადახდებზე მოვა.
გუნდი
და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს, ვინ არის კომპანიის სათავეში; მაქს ლევჩინი, სრული გენიოსი, რომელმაც: შექმნა PayPal, მიჰყიდა eBay-ს, მიღებული კაპიტალით დააფუძნა Slide, მიჰყიდა Google-ს და მიღებული სახსრებით სტარტაპ-სტუდია HVF შექმნა, რომელმაც აღმოაცენა კიდეც Affirm. მის მიღმა კი Affirm-ს ფინტექ ვეტერანთა მთელი გუნდი დგას. ეს ყველაფერი კი კომპანიის სამომავლო წარმატებაში ჩვენც და ინვესტორებსაც გვარწმუნებს.