fbpx

კრიპტოშემწირველთა ნაწილს უკრაინისგან Airdrop-ით სურდა მოგების მიღება

Airdrop

კრიპტოშემწირველთა ნაწილს უკრაინისგან Airdrop-ით სურდა მოგების მიღება

რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, უკრაინის ფინანსური თუ ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, არაერთი ინიციატივა შეიქმნა. მათ შორის ერთ-ერთი იყო კრიპტოვალუტების სახით მიღებული მხარდაჭერა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კრიპტოშემწირველთა გარკვეული ნაწილი ქველმოქმედებას მოგების მიღების მიზნით ახორციელებდა – უკრაინის კრიპტოსაფულეზე ჩარიცხვებმა მას შემდეგ იკლო, რაც ცნობილი გახდა, რომ დონაციის შემთხვევაში, Airdrop-ის გაცემა აღარ იგეგმებოდა.

ცნობისთვის, Airdrop გულისხმობს კრიპტოვალუტის უფასოდ გადაცემას, რაც რომელიმე პროექტის ცნობადობის გაზრდისა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ხორციელდება. საჩუქრის მისაღებად, პირი პროექტში რაიმე სახით უნდა იყოს ჩართული – ეს შეიძლება იყოს რეგისტრაცია, გაზიარება, მოწონება და ა.შ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ჩართულობაში უკრაინის მთავრობის ოფიციალურ კრიპტოსაფულეში დონაციის დაფიქსირება იგულისხმებოდა.

2022 წლის 26 თებერვალს, უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის საშუალებითაც მიიღებდა შემოწირულობებს. ტვიტერის ოფიციალური ანგარიშით გავრცელებული ინფორმაცია მოიცავდა უკრაინის Bitcoin-ისა და Ethereum-ის საფულეების მისამართებს, რომლებზეც მსურველებს კრიპტოვალუტის გაგზავნა შეეძლოთ.

,,დაუდექით უკრაინელ ხალხს გვერდით. ამიერიდან კრიპტოვალუტის შემოწირულბებს ვიღებთ. Bitcoin, Ethereum და USDT’’, – ვკითხულობთ განცხადებაში.

Ethereum-ის მაგალითი რომ ავიღოთ, პირველი ორი დღის განმავლობაში, უკრაინის კრიპტოსაფულის მისამართზე გარკვეული რაოდენობის ჩარიცხვები ხორციელდებოდა. რაოდენობა გარკვეულწილად შემცირდა 28 თებერვლისთვისა და პირველი მარტისთვის. თუმცა, 2 მარტს, Airdrop-ის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, შეწირულობების რაოდენობამ პიკს მიაღწია.

airdropაღნიშნულის შემდეგ კი, უკრაინის ვიცე-პრემიერმა და უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ Airdrop უქმდებოდა.

,,[საკითხის] განხილვის შემდეგ, გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ Airdrop. ამის ნაცვლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, ჩვენ მალე NFT-ებს გამოვუშვებთ. Fungible Token-ის გაცემასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ გვაქვს’’,აცხადებდა ფედოროვი.

განცხადების გაკეთებისთანავე ETH შეწირულობების რაოდენობამ ვარდნა დაიწყო და 4 მარტს მიაღწია იმ დაბალ ნიშნულს, რომელზეც მომდევნო კვირებია სტაბილურად დგას.

Airdrop-ის გაუქმების გადაწყვეტილებაზე უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილემ, ალექს ბორნიაკოვმა გააკეთა კომენტარი.

„ბევრი ადამიანი ძალიან მცირე რაოდენობის თანხას გზავნიდა, მათ უბრალოდ ჯილდოს მიღება სურდათ. არა მგონია, ახლა Airdrop-ის, როგორც მოგების მიღების საშუალების გამოყენების დრო იყოს, ამიტომ, გადავწყვიტეთ, უარი გვეთქვა მასზე’’, – აცხადებდა იგი.

აქვე აღსანიშნია, რომ უკრაინას არ დაუდგენია კრიპტოდონაციის მინიმალური რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ძალიან მცირე რაოდენობის გადარიცხვის შემთხვევაშიც კი შეეძლოთ შემწირველებს Airdrop-ის მიღება.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post