Amazon Web Services რობოტიკის ახალ პროგრამებს იწყებს
Amazon Web Services ახალ სერვისს სახელწოდებით IoT RoboRunner უშვებს. კომპანია ასევე რობოტიკის აქსელერაციის პროგრამას AWS Robotics Startup Accelerator იწყებს. ამის შესახებ გიგანტმა თავის ფლაგმან კონფერენციაზე Re:Invent განაცხადა.
AWS IoT RoboRunner-ის შესახებ
IoT RoboRunner დეველოპერებს ეხმარება შექმნან აპლიკაციები, რომლებიც სხვადასხვა მწარმოებლის რობოტებთან ინტეგრირდება. აღნიშნული სერვისი საწარმოებს გარკვეული რაოდენობის რობოტების ერთობლივად მუშაობის მართვას გაუადვილებს.
RoboRunner დეველოპერებს რობოტთა მთელი ფლოტის მონაცემთა ცენტრალიზებული ბაზით უზრუნველყოფს. ამის გარდა, სპეციალური რეგისტრის საშუალებით მათ მიერ შესრულებული ყველა დავალებისთვის თვალყურის დევნება იქნება შესაძლებელი.
AWS Robotics Startup Accelerator-ის შესახებ
რობოტიკის სტარტაპაქსელერატორი AWS-მა MassRobotics-თან თანამშრომლობით შექმნა.
დღეს მხოლოდ რამდენიმე წარმატებული კომერციული რობოტიკის კომპანია მოღვაწეობს და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, რობოტიკაში პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობის პოვნა რთულია. მეორე – ავტონომიისა და ინტელექტის მაღალი დონის მქონე რობოტების კონსტრუირება მულტიდისციპლინურ უნარებს მოითხოვს. ასეთი შესაძლებლობის მქონე ადამიანების პოვნა და შემდეგ დაქირავება რთულია. მესამე მიზეზი კი ისაა, რომ კარგი პროდუქტის შექმნა დიდ კაპიტალს მოითხოვს, – აღნიშნავს AWS-ის მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი ვერნერ ვოგელსი.
AWS Robotics Startup Accelerator პროგრამა ადრეულ სტადიაზე მყოფი ($10 მილიონზე ნაკლები შემოსავლითა და $100 მილიონზე ნაკლები მოზიდული ინვესტიციით) სტარტაპებისთვისაა ღია. აქსელერატორის მიერ შერჩეული კომპანიები რობოტიკის ექსპერტების სპეციალიზებულ ტრენინგებზე, მენტორობასა და AWS კრედიტებში 10,000 აშშ დოლარამდე მიიღებენ წვდომას.