fbpx

ვინ არიან ანგელოზი ინვესტორები

angel ინვესტორები

ვინ არიან ანგელოზი ინვესტორები

ანგელოზი ინვესტორები (ასევე ცნობილი, როგორც ენჯელ ინვესტორები, კერძო ინვესტორები, ბიზნესანგელოზები და seed ინვესტორები) არიან პირები, რომლებიც ადრეული განვითარების სტარტაპებს კომპანიის მცირე წილის (10-25%) სანაცვლოდ აფინანსებენ.

 

როგორც წესი, ისინი არიან ანტრეპრენერები ან ადამიანები, რომელთაც ბიზნესსამყაროში დიდი გამოცდილება აქვთ. სწორედ ამიტომ, მათთან დადებულ გარიგებას, ფულთან ერთად, სხვა ღირებულებებიც მოაქვს სტარტაპებისთვის.

სანამ ანგელოზ ინვესტორებთან თანამშრომლობის დადებითი მხარეების განხილვაზე გადავიდოდეთ, მანამდე ისინი ოდნავ უკეთ გავიცნოთ.

ანგელოზი ინვესტორების საქმიანობა

ანგელოზი ინვესტორები, როგორც წესი, სტარტაპებში ინვესტიციას საკუთარი ფინანსებით დებენ. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ჩვეულებისამებრ, ფიზიკურ პირებს წარმოადგენენ, სუბიექტი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს სახსრებს, შეიძლება იყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს),  საინვესტიციო ფონდი და ა.შ.

მართალია, ბიზნესანგელოზებს ინვესტირება დამოუკიდებლად შეუძლიათ, თუმცა ხშირად ისინი სინდიკატის სახით, ერთობლივი ძალებით აფინანსებენ სტარტაპებს. აღნიშნულ გაერთიანებაში გამოიყოფა ხოლმე წამყვანი ინვესტორი, რომელიც გარიგებას უწევს კოორდინაციას. მას ასევე ყველაზე ახლო შეხება აქვს კომპანიასთან გარიგების დადების შემდეგ და შეუძლია იმოქმედოს როგორც მრჩეველმა ან არააღმასრულებელმა დირექტორმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანგელოზი ინვესტორები ადრეული ეტაპის სტარტაპს აფინანსებენ. ცხადია, ამ ტიპის ინვესტიციები მაღალრისკიანია, ამიტომ ისინი ბიზნესანგელოზების პორტფელის 10%-ზე მეტს არ შეადგენს.

სარგებელი სტარტაპებისთვის

ანგელოზ ინვესტორებთან თანამშრომლობას სტარტაპებისთვის არაერთი სარგებელი მოაქვს. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ:

ექსპერტის მენტორინგი – ისინი კომპანიის დამფუძნებლებს საკუთარ ცოდნას უზიარებენ და ზრდისთვის საჭირო სტრატეგიულ, ფინანსურ და სექტორთან დაკავშირებულ რჩევებს აძლევენ.

კავშირები – სფეროში საჭირო ცოდნის გაზიარების გარდა, სტარტაპი ბიზნესანგელოზისგან სხვა სახის მხარდაჭერასაც სთავაზობს საკუთარი კონტაქტების სახით.

კონტროლის შენარჩუნება – სტარტაპებისთვის ანგელოზ ინვესტორებთან ურთიერთობა უფრო ხელსაყრელია, ვიდრე თუნდაც ვენჩურულ კაპიტალისტებთან. კერძო ინვესტორები, როგორც წესი, კომპანიის წილის 10-25%-ს იღებენ, რაც დამფუძნებლებს უფრო მტკიცე კონტროლს უტოვებს.

სანდოობის მინიჭება – ბიზნესანგელოზების ინვესტიციამ თქვენს კომპანიას შესაძლოა მეტი სანდოობა მიანიჭოს დაფინანსების შემდეგი რაუნდებისთვის (თუნდაც, ვენჩურული კაპიტალისტების მხრიდან).

რისკები სტარტაპისთვის

არ არსებობს გარანტია იმისა, რომ თქვენი კომპანია გაიზრდება ინვესტიციისა და ბიზნესანგელოზის ჩართულობის შედეგად.

რას აქცევენ ანგელოზი ინვესტორები ყურადღებას

ვენჩურული კაპიტალისტებისაგან განსხვავებით, ანგელოზი ინვესტორები კვლევებსა და ანალიზს კვირების განმავლობაში არ ატარებენ. თქვენი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მათ სწრაფად მიიღონ შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით:

ურთიერთგაგება –  ინვესტორსა და დამფუძნებლებს მყარი მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი, როგორც წესი, რამდენიმე წელს გაატარებენ ერთად მუშაობაში.

ენთუზიაზმი – თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ანგელოზი ინვესტორები არა კომპანიაში, არამედ მის დამფუძნებლებისა და იდეის რწმენაში დებენ ინვესტიციას. ამიტომ, დამფუძნებლებს სტარტაპთან დაკავშირებით დასახული გეგმების განსახორციელებლად სწრაფვა უნდა ჰქონდეთ და მიზნების ერთგული უნდა იყვნენ.

პატიოსნება – მათ ინვესტორთან გამჭვირვალეობა უნდა შეინარჩუნონ რიცხობრივი შედეგებისა და თუნდაც კომპანიის შექმნის ისტორიის შესახებ.

გაცნობიერებულობა – სტარტაპდამფუძნებლებმა უნდა იცოდნენ, რა რაოდენობის თანხა როდის დასჭირდებათ. ამის გარდა, გააზრებული უნდა ჰქონდეთ განვითარების გზა.

მტკიცებულება – გარიგების მიმდინარეობისას მათ საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა შეეძლოთ. ეს შეიძლება იყოს ფინანსური მდგომარეობის, პატენტების, მომხმარებელთა ლოიალობისა ან თუნდაც ბაზრის კვლევის შესახებ ინფორმაცია.

რა უნდა გაითვალისწინონ დამფუძნებლებმა

ბიზნესანგელოზისგან ინვესტიციას ერთ დღეში ვერ მიიღებთ. ასე რომ, ჩაატარეთ კვლევა და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებისთვის მოემზადეთ. აუცილებელია, რომ დახვეწილი პრეზენტაცია (Pitch deck) გქონდეთ, ამიტომ მასზე მუშაობას საკმარისი დრო დაუთმეთ.

ჩვეულებისამებრ, ინვესტიციის მოსაზიდად ბიზნესანგელოზთან მიმართვიდან დაახლოებით 6 თვე არის საჭირო.

 

 

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post