fbpx

BAYC-მა საკუთარი კრიპტოვალუტა ApeCoin გამოუშვა

ApeCoin

BAYC-მა საკუთარი კრიპტოვალუტა ApeCoin გამოუშვა

Yuga Labs-მა, ყველასათვის ცნობილი და წარმატებული NFT პროექტის, Bored Ape Yacht Club (BAYC)-ის შემქმნელმა, ახალი კრიპტოვალუტა სახელწოდებით ApeCoin ($APE) გამოუშვა. აღნიშნულის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, BAYC NFT-ის ფასის ქვედა ზღვარმა 100 Eth-ს გადააჭარბა.

,,ApeCoin არის ApeCoin DAO-ის საკუთრებაში. უკანასკნელი არის დეცენტრალიზებული ორგანიზაცია, რომელშიც თითოეული ტოკენის მფლობელს აქვს ხმის უფლება [მმართველობის წესებთან, პროექტებთან, პარტნიორობებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით]. ApeCoin-ის ფლობა იქნება ერთადერთი მოთხოვნა DAO-ის წევრობისთვის. DAO-ს მხარს უჭერს Ape Foundation, რომელიც შეიქმნა ApeCoin-ის კანონიერი მმართველის როლის შესასრულებლად და ApeCoin DAO საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ადმინისტრირებისთვის’’, – წერია განცხადებაში.

Ape Foundation-ის თავდაპირველი საბჭო იმოქმედებს 6-თვიანი ვადით, რის შემდეგაც, DAO-ის წევრები ყოველწლიურად უყრიან კენჭს საბჭოს წევრებს. საბჭოს ხუთი საწყისი წევრია:

• ალექსის ოჰანიანი – Reddit-ის თანადამფუძნებელი და Seven Seven Six-ის დამფუძნებელი;
• ემი ვუ – Ventures & Gaming-ის ხელმძღვანელი FTX-ში;
• მარია ბაივა – Sound Ventures-ის დირექტორი;
• იატ სეიუ –  Animoca Brands-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე;
• დინ სტაინბეკი – Horizen Labs-ის პრეზიდენტი და გენერალური კონსულტანტი.

ApeCoin-ის მთლიანი მარაგი იქნება 1 მილიარდი ტოკენი და ეს რაოდენობა იქნება უცვლელი – ის არასდროს გაიზრდება ან შემცირდება. იგი განაწილდება ოთხ ძირითად ჯგუფს შორის:

• BAYC დამფუძნებლები – 8%
• პროექტის კონტრიბუტორები – 14%
• Yuga Labs და ქველმოქმედება – 16%
• ეკოსისტემის ფონდი – 62% (აქედან 15% BAYC/MAYC NFT მფლობელებისთვისაა ხელმისაწვდომი, დანარჩენი 47% კი დროთა განმავლობაში ჩაეშვება).

კრიპტოვალუტის სრული დანიშნულება ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, ის იქნება ,,მთავარი ტოკენი [კომპანიის] ყველა ახალი პროდუქტისა და სერვისისთვის“. თავდაპირველ ეტაპზე კი ცნობილია, რომ ის იქნება თამაშშიდა ვალუტა. Animoca Brands-ის განცხადებით, მისი მობილური თამაში Benji Bananas გადავა play-to-earn ფორმატში და მასში გამომუშავებული ტოკენები შემდგომ ApeCoin-ში გადაცვლადი იქნება. ამის გარდა, სასაქონლო ნიშნის სარეგისტრაციო დოკუმენტი გვიჩვენებს DAO-ის გეგმას, გაყიდოს ვირტუალური და ფიზიკური საქონელი, მათ შორის სამკაულები, წიგნები, ტანსაცმელი და სასმელები.

ცნობისთვის, Bored Ape Yacht Club 2021 წლის აპრილში ჩაეშვა და მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი NFT პროექტი, მრავალმილიონიანი გაყიდვებით. გასულ კვირას Yuga Labs-მა Larva Labs-ისგან შეიძინა CryptoPunks და Meebits.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post