როგორ გამოიყურება Apple-ის AR სათვალის მოდელი
Apple რომ AR/VR პროდუქტებზე მუშაობს, ამის შესახებ ჭორები 2015 წლიდან ვრცელდება. კომპანიის ეს გასაიდუმლოებული პროექტები უახლეს წლებში დასრულდება და მომხმარებლებიც მალე რეალურად იხილავენ ერთ-ერთ ხელსაწყოს, AR სათვალეს.
თუმცა, სანამ მისი ბაზარზე ჩაშვების თარიღი მოახლოვდებოდეს, ამ დრომდე გაჟონილი ინფორმაციების საფუძველზე, AppleInsider-მა Apple glass-ის რენდერები შეიმუშავა.
მახასიათებლები
სანამ ზემოაღნიშნულ გამოსახულებამდე მივიდოდეთ, მანამდე პროდუქტის შესახებ ცოტაოდენ ინფორმაციას გავეცნოთ. ჯონ პროსერის თქმით, ჭკვიანი სათვალის მარჯვენა ჩარჩოში LiDAR არის ინტეგრირებული და პროტოტიპს სხვა კამერები არ აქვს. აღნიშნული ტექნოლოგია, შესაძლოა, გარემოსა და მომხმარებლის ხელის მოძრაობის თვალყურის დევნებისთვის იყოს გამოყენებული.
სხვა დამატებითი ინფორმაციების თანახმად, დისპლეი შესაძლებელია ნაჩვენები იყოს პატარა პროექტორის ან თავად ეკრანზე არსებული გამჭვირვალე პიქსელების საშუალებით. ანუ, თეორიულად, მომხმარებელი რუკის მიმართულებებს, შემომავალ შეტყობინებებს ან სხვა გრაფიკას მის თვალწინ არსებული სამყაროს აღქმის დაკარგვის გარეშე დაინახავს.
რაც შეეხება გარეგნულ მახასიათებლებს, AR სათვალის კორპუსი, სავარაუდოდ, პლასტმასისგან დამზადებული, მსუბუქი და თხელი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქტს Apple-ის iOS Springboard მსგავსი ინტერფეისი სახელწოდებით Starboard ექნება. მისი გაკონტროლება კი, ჟესტებითაც იქნება შესაძლებელი.
სათვალის ბაზარზე ჩაშვება და მოსალოდნელი ფასი
AR სათვალის გამოშვება 2025 წლამდე (ან უფრო გვიან პერიოდამდე) არ არის მოსალოდნელი. ჯონ პროსერის თანახმად, რეგულარული სათვალის საწყისი ფასი, სავარაუდოდ, $499 იქნება. ხოლო რეცეპტიანი ლინზის საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საფასური იქნება გადასახდელი. ასევე აღსანიშნია, რომ უსადენო დატენვისთვის პროდუქტს, სავარაუდოდ, დასადგამი მოჰყვება.