ბრენდის სტრატეგია 3 საათში
გადაწყვეტილების მიღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა კომპანიის სახელი, ლოგო, იდენტობა და ა.შ., საკმაოდ სტრესულ პროცესად შეიძლება მოგეჩვენოს. თუმცა, ბრენდის შესახებ არსებული აბსტრაქტული ცნების რაიმე უფრო კონკრეტულად ქცევისთვის მარტივი რეცეპტიც არსებობს.
ამ სტატიიდან შეიტყობ, თუ როგორ ჩაატარო Brand Sprint, რომლის დახმარებითაც შენს გუნდთან ერთად კომპანიის შესახებ საერთო სურათს დახატავ.
რა არის Brand Sprint?
თავად სპრინტი (Sprint) არის მოკლე დისტანციაზე სირბილი, ცურვა და ა.შ. – ანუ, მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის მოკლე დროში ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბება.
Brand Sprint მხოლოდ 3 საათს წაგართმევს და ჯამში 6 სავარჯიშოსგან შედგება. მათ გაკეთებას შენს გუნთან ერთად ყოველგვარი ექსპერტების დახმარების გარეშე შეძლებ, შედეგად კი ერთგვარი ბრენდის ,,შპარგალკა’’ დაგრჩება, რომელიც სამომავლოდ მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს გაგიმარტივებს.
მოსამზადებელი ეტაპი
სანამ Brand Sprint-ს დაიწყებ, რამდენიმე საკითხი უნდა მოაგვარო:
1.დარწმუნდი, რომ Brand Sprint-ს ჩატარება აუცილებელია – ამისთვის კარგი მიზეზებია: კომპანიის სახელის მოფიქრება, ლოგოს დიზაინის შექმნა, სააგენტოს დაქირავება, მანიფესტის დაწერა და ა.შ.
2.კალენდარში გამოყავი 3 გადაბმული საათი – პროცესი უფრო მარტივდება, როდესაც არ გიწევთ დაშლა და თავიდან შეკრება.
3.მოიწვიე საჭირო ადამიანები – დაგჭირდება ორიდან ექვს მონაწილემდე.
ოთახში აუცილებლად უნდა იყოს – აღმასრულებელი დირექტორი.
ჩამოთვლილთაგან ერთერთი მაინც – თანადამფუძნებელი, მარკეტინგის ხელმძღვანელი, დიზაინის ან პროდუქციის ხელმძღვანელი.
არ დაგავიწყდეს, რომ ერთი მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს ,,გადაწყვეტილებების მიმღები’’ – ეს შეიძლება იყოს როგორც აღმასრულებელი დირექტორი, ასევე თანადამფუძნებელი ან მარკეტინგის დირექტორი (CMO).
ასევე, დაგჭირდება ერთი ან ორი ფასილიტატორი, რომლებიც დაგეხმარებიან საორგანიზაციო საკითხებში. ისინი შეიძლება იყვნენ მარკეტინგის, დიზაინის განყოფილებიდან.
შეიძლება დაგჭირდეს მომხმარებლის ექსპერტი.
4.მოიმარაგე – თაბახის ფურცლები,კალმები და დაფა.
5.შეადგინე ქცევის წესები – რადგანაც Brand Sprint დიდხანს არ გრძელდება, საჭიროა, რომ გუნდმა დრო პროდუქტიულად გამოიყენოს. ამიტომ, პროცესში ელექტრონული მოწყობილობების მოხმარების აკრძალვა და განრიგის მკაცრად დაცვა აუცილებელია.
უშუალოდ Brand Sprint
სტატიის ამ ნაწილში დეტალურად ისწავლი, თუ როგორ ჩაატარო Brand Sprint-ის 6 სავარჯიშო და რამდენი დრო დაუთმო თითოეულ მათგანს. მაშ ასე:
ნაწილი 1 – იფიქრე კომპანიის მოტივაციაზე
სავარჯიშო 1: 20 წლიანი გეგმა (15 წუთი)
გუნდების დიდი ნაწილი ფოკუსირდება იმაზე, თუ რას აკეთებენ ახლა და, რა თქმა უნდა, ეს სრულიად ლოგიკურია. თუმცა, თუ შენი კომპანია წარმატებას მიაღწევს, ბრენდი დიდხანს იარსებებს. ამიტომ, პირველი სავარჯიშოთი მომავალში გაიხედავ და იფიქრებ იმაზე, თუ რას შეიძლება აკეთებდეს შენი კომპანია დღეიდან 20 წელში.
ინსტრუქცია: დაფაზე დახატე თაიმლაინი და დააწერე 5, 10, 15 და 20 წელი მომავალში. ის შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს:
Note-and-Vote ინსტრუქცია
ეს სავარჯიშო ფიქრისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს აჩქარებს და მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ასევე და ჯგუფურ სამუშაოებს. მისი პრინციპი კი საკმაოდ მარტივია:
- თითოეული მონაწილე საკუთარ ფურცელზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ თავისებურ ხედვას დაწერს.
- შემდეგ, თითოეული მათგანი საკუთარ პასუხებს ხმამაღლა ამოიკითხავს, ხოლო ფასილიტატორი მათ დაფაზე გადაიტანს.
- დაფაზე დაწერილი სიიდან მონაწილეები მათთვის ყველაზე მისაღებ პასუხებს ამოიწერენ.
- იკამათეთ და განიხილეთ საკითხი 5 წუთის განმავლობაში (დროის გასაკონტროლებლად გამოიყენეთ ტაიმერი).
- ,,გადაწყვეტილებების მიმღები’’ ამოარჩევს მისთვის ყველაზე საინტერესო ხედვებს.
- არ დაგავიწყდეთ დაფისთვის ფოტოს გადაღება.
შეიძლება იფიქრო, რა აზრი აქვს იმის წარმოდგენას, თუ რას გავაკეთებთ 20 წელში? რეალურად, არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ 20-წლიან გეგმას ზედმიწევნით მიჰყვები. ამ ვარჯიშის მთავარი დანიშნულებაა, გუნდმა ბრენდის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე იფიქროს.
სავარჯიშო 2: რა, როგორ, რატომ (30 წუთი)
ეს სავარჯიშო ასევე ცნობილია როგორც საიმონ სინეკის ,,ოქროს წრე’’ და ის შეგახსენებს, თუ რატომ არსებობს საერთოდ შენი კომპანია.
ინსტრუქცია: დაფაზე 3 კონცენტრული წრე დახაზე. გარე წრეს დააწერე ,,რა’’, შუა წრეს ,,როგორ’’, ხოლო შიდა წრეს ,,რატომ’’. შენი ,,ოქროს წრე’’ შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს:
აქ შემდეგ კითხვებზე პასუხი უნდა მოაგროვო:
- რას აკეთებს კომპანია?
- როგორ აკეთებს? (რა არის კომპანიის ,,საიდუმლო რეცეპტი’’)
- რატომ აკეთებს? (პასუხი უნდა აღნიშნავდეს იმის რეალურ მიზეზს, თუ რატომ არსებობს კომპანია. როგორც წესი, ეს მიზეზი დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეიცვლება)
შემდეგ კი, კვლავ Note-and-vote.
ნაწილი 2 – დაამატე დეტალები
სავარჯიშო 3: ტოპ 3 ღირებულება (30 წუთი)
აქ წინა სავარჯიშოში კითხვაზე ,,რატომ?’’ პასუხს უფრო დაავიწროვებ და კომპანიის ღირებულებებს ჩამოწერ. ესენი შეიძლება იყოს: პატიოსნება, სამართლიანობა, ხელმისაწვდომი, მარტივი, სანდო და ა.შ.
მართალია, კომპანიები ღირებულებების სიას ადგენენ ხოლმე, თუმცა აუცილებელი ნაწილი ავიწყდებათ – მათი შემცირება და პრიორიტეტების მიხედვით დალაგება. აღნიშნული სიის შედგენისას, საბოლოოდ მხოლოდ სამი მათგანი უნდა დაგრჩეს, რომელთა საწყისში იქნება ერთი, კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება.
ინსტრუქცია: ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად და მათი პრიორიტეტულობის მიხედვით დასალაგებლად კიდევ ერთი Note-and-vote-ის ჩატარება დაგჭირდება.
სავარჯიშო 4: ტოპ 3 აუდიტორია (30 წუთი)
ჩამოყალიბებული ღირებულებები ბრენდის ირგვლივ გადაწყვეტილებების მიღებაში ძალიან დაგეხმარება, მაგრამ მხოლოდ ეს არაა საკმარისი – უნდა იცოდე, ვის ესაუბრები. ამიტომ, ამ სავარჯიშოში ჩამოწერ სავარაუდო აუდიტორიებს და შემდეგ დაადგენ, თუ რომელი მათგანია კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ამ საკითხთან დაკავშირებული ხშირი შეკითხვაა, ფართო კატეგორიები გამოვიყენოთ (მაგალითად, ათლეტები) თუ სეგმენტები (მაგალთად, მორბენალები). აი, ეს კი უკვე შენზეა დამოკიდებული.
ინსტრუქცია: გამოიცანი, კვლავ Note-and-Vote!
ნაწილი 3 – შეადარე შენი ბრენდი სხვებს
სავარჯიშო 5: პიროვნულობის სლაიდერები (30 წუთი)
ამ სავარჯიშოში კომპანიას 2 უკიდურესობას შორის მოაქცევ.
ინსტრუქცია:
- დაფაზე 4 ხაზი გაავლე და თითეულის ორივე ბოლოში შემდეგი წარწერები გააკეთე:
- ,,მეგობარი’’ და ,,ავტორიტეტი’’
- ,,ახალგაზრდა & ინოვაციური’’ და ,,განვითარებული & კლასიკური“
- ,,ლაღი’’ და ,,სერიოზული’’
- ,,მასობრივი მოზიდვა’’ და ,,ელიტური’’
დიაგრამა დაახლოებით შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს:
2. დაურიგე ყველას ამ PDF-ის ბეჭდური ვერსია.
3. თითოეული მონაწილე ფურცელზე მონიშნავს საკუთარ ხედვას იმაზე, თუ რა ადგილს იკავებს კომპანია ორ უკიდურესობას შორის.
4. ყველა გადის დაფასთან და საკუთარი ინიციალების მითითებით, ფურცელზე შედგენილი სლაიდერი გადააქვს მასზე.
5 .განიხილეთ ყველა მწკრივი, რომელზეც აზრთა დიდი განსხვავება შეიმჩნევა. (მაგალითად თუ ერთმა მონაწილემ წერტილი ,,მასობრივ მოზიდვასთან’’ მონიშნა, ხოლო მეორემ -,,ელიტურთან’’, მათ უნდა ახსნან საკუთარი პოზიციები). დისკუსია 5-10 წუთზე დიდხანს არ უნდა გაგერძელდეს.
6. ,,გადწყვეტილების მიმღები’’ საბოლოო გადაწყვეტილებას მონიშნავს დაფაზე.
7. არ დაგავიწყდეს დაფისთვის ფოტოს გადაღება.
სავარჯიშო 6: ბიზნეს-ლანდშაპტი (30 წუთი)
ინსტრუქცია:
1. დახაზეთ საკოორდინატო სიბრტყე
- X ღერძზე მონიშნეთ ,,კლასიკური’’ და ,,თანამედროვე’’
- Y ღერძზე მონიშნეთ ,,გამომხატველი’’ და ,,თავშეკავებული’’
2.ყველა მონაწილე ჩამოწერს იმავე სფეროსა და ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების სიას და შემდეგ მათგან 1 ან 2 ყველაზე მნიშვნელოვანს ამოარჩევს.
3.თითოეული მათგანი საკუთარ არჩევანს ხმამაღლა ამოიკითხავს და ფასილიტატორი კომპანიების დასახელებებს წებოვან ფურცლებზე დაწერს (ერთი კომპანია – ერთი ფურცელი).
4.საკოორდინატო სიბრტყეზე შესაბამის ადგილას სათითაოდ მოათავსეთ ფურცლები.
5.ფასილიტატორი ,,გადაწყვეტილების მიმღებს’’ ჰკითხავს, რომელიმე ფურცელს ადგილს ხომ არ შეუცვლიდა.
6.საბოლოოდ, საკოორტინატო სიბრტყეზე შენი კომპანია მოათავსე.
7.გადაამოწმე – გადახედე უკვე გაკეთებულ სავარჯიშოებს და იფიქრე, რამდენად შეესაბამება ფურცლის ადგილმდებარეობა უკვე მიღებულ პასუხებს.
8.დაფას ფოტო გადაუღე.
და Brand Sprint დასრულებულია!
ამ სავარჯიშოების დახმარებით მიღებული 6 დიაგრამა შენი კომპანიის ბრენდის კონკრეტული გამოხატულებაა. ის შეგიძლია ერთგვარ სახელმძღვანელოდ გამოიყენო, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დადგები; გადაწყვეტ, რომ ახალ თანამშრომლებს კომპანია კარგად გააცნო, ან უბრალოდ გაიხსენო, თუ რის გამო არსებობს საერთოდ შენი კომპანია.