რა არის ინოვაციის უმნიშვნელოვანესი რესურსი კომპანიაში 💡
შენი აზრით, რა განაპირობებს ნებისმიერი ინოვაციის დანერგვას და მის სწრაფ წარმატებას? აქსელერატორები ან ინკუბატორები? ინოვაციის ტრეინინგ კურსები ან ბიზნეს მოდელის ცვლილება? ყველა ზემოთ ჩამოთვლილს თითქმის ყოველთვის მოაქვს წარმატება. თუმცა, არსებობს უფრო ფუნდამენტური რამ, რასაც დღესდღეობით დიდ კომპანიებში საუკეთესო ინოვაციური ლიდერები მიმართავენ ხოლმე. ისინი კომპანიის მასშტაბით ეძებენ და პოულობენ იმ ლატენტურ რესურსს, რომელიც ყველა ორგანიზაციაში არსებობს, თავისი იდეებით სტიმულს აძლევს სიახლეების დანერგვას და კომპანიას მდგრადი ორგანიზაციული განვითარების იმპულსს უნარჩუნებს. როგორც წესი, ეს რესურსი გაფანტულია სხვადასხვა დეპარტამენტებში. ამ ადამიანების ჯგუფს, ცვლილების აგენტებს (change agents) უწოდებენ.
ვინ არიან ცვლილების აგენტები და როგორ მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება?
ცვლილების აგენტები შენივე თანამშრომლები არიან – ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან მენეჯმენტის ინოვაციურ იდეებს და მისი ენთუზიასტი მომხრეები ხდებიან; ისინი მზად არიან პირველებმა გამოსცადონ ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლე და წარმოადგენენ ე.წ. რბილ ძალას (soft power) მოძველებული და ტრადიციული ბიზნეს მიდგომების წინააღმდეგ.
ეს ადამიანები სხვა თანამშრომლებისგან იდეების სიმრავლით გამოირჩევიან. ისინი ბევრს ფიქრობენ ინოვაციებზე, ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიაზე და ყოველდღე ატარებენ ექსპერიმენტებს სამუშაოს შესასრულებელი ახალი გზების საპოვნელად.
შესაძლოა ახლახანს გაიფიქრე, რომ იცი ვისზეც ვსაუბრობ. თუმცა, სავარაუდოდ, ცდები. რადგან, როგორც წესი ცვლილების ნამდვილი აგენტები ჩართულები არიან ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობაში და ამის გამო ხშირად მენეჯმენტისთვის შეუმჩნევლები რჩებიან. ეს განსაკუთრებით ხშირია იმ კომპანიებში, რომლებიც თანამშრომლების სიმრავლით გამოირჩევა.
სირთულის მიუხედავად, ცვლილების აგენტების ადრეულ ეტაპზე პოვნა აუცილებელია. მათი აღმოჩენით შეძლებ ჩამოაყალიბო ჯგუფი, რომელიც იდეებთან ერთად, მათი განვითარების უამრავ განსხვავებულ გზას შემოგთავაზებს. შენ არ მოგიწევს მათი მოტივირებისთვის ძალისხმევის დახარჯვა. რადგან მათ ბუნებრივად აქვთ განვითარებისა და სიახლის შექმნის სურვილი.
ცვლილების აგენტების პოვნა კონკურენტებს შორის გამოგარჩევს. მაგრამ, მათი აღმოჩენისთვის მუდმივი ძიებაა საჭირო. სწორედ ამ პროცესის გასამარტივებლად გჭირდება ცვლილების აგენტების ქსელის ჩამოყალიბება.
რაში გამოიყენებ ცვლილების აგენტების ქსელს?
როგორც წესი, როცა კომპანია რაიმე ახალ – ინოვაციურ იდეაზე მუშაობს, გუნდის ფორმირებისას წევრები ირჩევიან კომპანიის ზედაპირიდან და არა ორგანიზაციული სიღრმეებიდან. როგორც ზემოთ ვახსენე, ცვლილების აგენტები შეუმჩნეველი, ჩვეულებრივი თანამშრომლები არიან. შესაბამისად, ხშირად ისინი ინოვაციურ გუნდში საერთოდ ვერ ხვდებიან.
სწორედ ამიტომაა აუცილებელი ანალიზი. უნდა განისაზღვროს რეალურად ვინ ახდენს გარშემომყოფებზე ყველაზე დიდ გავლენას; ვის შეუძლია ახალ ინიციატივებში მონაწილეობის მიღება; ვინ იწვის სიახლის დატესტვის სურვილით მანამ, სანამ ის ფართოდ გავრცელდება; ვის სურს ინოვაციური პროდუქტის შექმნა ან ახალი საკომუნიკაციო არხების განვითარება.
მოკლედ, ამ მიდგომით მოტივირებულ ადამიანებს აღმოაჩენ, მიიღებ ახალ იდეებს, ამ მათი განვითარების ხედვას და ჩამოაყალიბებ ორგანიზაციაში ცვლილების აგენტების ქსელს.
აღნიშნული ქსელი აუცილებელია ნებისმიერი ინოვაციური პროდუქტის ან ტექნოლოგიური განვითარებისთვის. შიდა ჯგუფების აქტიური ანალიზი და თანამშრომლების უნარების და მისწრაფებების გაგება ეხმარება მენეჯმენტს იპოვოს ადამიანები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანან, თუმცა ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ახალი პროდუქტის/მომსახურების შექმნასა და დახვეწაში.
თანამედროვე კომპანიების კომპლექსურობა ქმნის ისეთ კულტურულ და სტრუქტურულ გამოწვევებს, რომლებიც მათ განვითარებას ანელებენ. ამასთან დასაპირისპირებლად საუკეთესო გზა კი ცვლილებების აგენტების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიკაცია და მათი ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარების პროცესებში ჩართვაა.