fbpx

რა არის ჩვეულებრივი აქცია?

ჩვეულებრივი აქცია

რა არის ჩვეულებრივი აქცია?

ჩვეულებრივი აქცია არის კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც წარმოადგენს ამ კომპანიის საკუთრების უფლებას. აქციებს ძირითადად საფონდო ბირჟებზე ყიდულობენ და ყიდიან. ხოლო მათი შესყიდვის შემდეგ, ფიზიკური ან იურიდიული პირი ხდება მეწილე, ანუ აქციონერი. იმის გასაგებად თუ რა წილს ფლობს აქციონერი კომპანიაში საკმარისია მის საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობა შევაფარდოთ კომპანიის მიერ გამოშვებული (ემისირებული) აქციების საერთო რაოდენობასთან. ჩვეულერბრივ აქციონერთა უფლებები სხვადასხვა კომპანიაში შესაძლოა განსხვავებული იყოს, თუმცა არსებობს უფლებები, რომლებიც თითქმის ყველა კორპორაციის შემთხვევაში მსგავსია.

ჩვეულებრივი აქციის მფლობელის უფლებები

ჩვეულებრივი აქციის ფლობისას, ზოგადად, ინვესტორებს აქციონერთა კრებაზე დასწრებისა და კომპანიის მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის, ანუ ხმის მიცემის უფლება აქვთ. თუმცა, კომპანიებმა შესაძლოა გამოსცენ სხვადასხვა კლასის ჩვეულებრივი აქცია – ხმის მიცემის უფლებით ანდა ამ უფლების გარეშე. აღნიშნული ორმაგი კლასიფიკაციის გამოყენების მთავარი მიზეზი კი კომპანიაზე კონტროლის შენარჩუნებაა. ამ მიდგომის ერთ-ერთი მაგალითი არის Alphabet, რომლის A კლასის აქციებს (NASDAQ:GOOGL) აქვთ ხმის უფლება, ხოლო C კლასის აქციებს (NASDAQ:GOOG) – არა. ხმის მიცემის უფლებებში განსხვავების მიუხედავად, სხვადასხვა კლასები ჩვეულებრივ სარგებლობენ ერთი და იმავე უფლებებით კომპანიის მოგებაზე.

ამის გარდა, ჩვეულებრივი აქციის მფლობელი კომპანიის პოლიტიკით განსაზღვრულ დივიდენდს იღებს. საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ამ შემთხვევაში, აქციონერებისთვის მოგება შესაძლოა განაწილდეს სრულად ან ნაწილობრივ, მაგრამ საყურადღებოა, რომ დივიდენდის განაწილების ვალდებულება კომპანიას არ აქვს. თუმცა, ინვესტორს აქვს შესაძლებლობა, აქციები გადაყიდოს ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე შესაბამისად გაზრდილ ან შემცირებულ თანხაში.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩვეულებრივი აქციის მფლობელების მოთხოვნებს ყველა სხვა კრედიტორის (მათ შორის, პრივილეგირებული აქციის მფლობელების) წინაშე არსებული ვალდებულებების გასწორების შემდეგ დარჩენილი აქტივებით აკმაყოფილებს კომპანია. შედეგად, კომპანიის ლიკვიდაციის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ კომპენსაცია მიიღონ. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი აქციები უფრო მეტი რისკის შემცველია, ვიდრე პრივილეგირებული აქციები.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post