რა არის ციფრული მარკეტინგი და რა პრობლემებს ჭრის ის?
დღევანდელობაში, ალბათ, ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ინტერნეტი და ჩვენი ცხოვრების რამხელა ნაწილს შეადგენს ის. მისი მოხმარება დღითი დღე იზრდება – ბოლო სამი წლის განმავლობაში მოზრდილებში ეს მაჩვენებელი 5%-ით გაიზარდა. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ფაქტი აღარცაა გასაკვირი, შეიცვალა ჩვენი მსყიდველობითი უნარები – ახლა უფრო ხშირად ვშოპინგობთ ონლაინ, ვიდრე – ოფლაინ. შესაბამისად, ოფლაინ მარკეტინგი არც თუ ისე ეფექტურია დღეს განსხვავებით ონლაინ, ანუ ციფრული მარკეტინგისგან.
მარკეტინგი ყოველთვის იყო სწორ დროს, საჭირო ადგილას სამიზნე აუდიტორიასთან დაკავშირებისა და წვდომის საშუალება. დღეს კი ეს ნიშნავს, რომ მარკეტინგი სწორედ იქ უნდა იყოს, სადაც ხალხი ყველაზე მეტ დროს ატარებს, ანუ – ინტერნეტში.
ყველაზე მეტად, ციფრული მარკეტინგი ეხება რეკლამას, რომელიც აუდიტორიამდე მიწოდებულია ციფრული არხებით, როგორებიცაა: საძიებო სისტემები, ვებსაიტები, სოციალური მედია, ელ.ფოსტა და მობილური აპლიკაციები. ამ ონლაინ მედია არხების გამოყენებით, ციფრული მარკეტინგი არის მეთოდი, რომლითაც კომპანიები პოპულარიზაციას უწევენ საქონელს, მომსახურებას და ბრენდებს. შესაბამისად, მომხმარებლები დიდწილად ციფრულ საშუალებებს ეყრდნობიან პროდუქტების შესასწავლად. მაგალითად, Think with Google-ის მარკეტინგულმა შეხედულებებმა დაადგინა, რომ მომხმარებელთა 48% სვამს კითხვებს საძიებო სისტემებში, ხოლო 33% ათვალიერებს ბრენდის ვებსაიტებს, 26% კი მობილურ აპლიკაციებში ეძებს ინფორმაციას სასურველი პროდუქტის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ციფრული მარკეტინგი არის არხების უზარმაზარი სისტემა, რომელთა მეშვეობითაც მარკეტერებმა უბრალოდ უნდა გააპიარონ თავიანთი ბრენდები, ონლაინ რეკლამა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მხოლოდ არხები. ციფრული მარკეტინგის ჭეშმარიტი პოტენციალის მისაღწევად, მარკეტერებმა ღრმად უნდა ჩააღწიონ დღევანდელ უზარმაზარ და რთული არხების სამყაროში, რათა აღმოაჩინონ სტრატეგიები, რომლებიც გავლენას ახდენს მომხმარებელთა ჩართულობაზე მარკეტინგის საშუალებით. მომხმარებელთა ციფრულ სამყაროში ჩართვით, თქვენ ზრდით ბრენდის ცნობადობას, აყენებთ საკუთარ თავს ინდუსტრიის ლიდერად, ხოლო თქვენს ბიზნესს – წინა პლანზე.
მრავალარხიანი ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის განხორციელებით, მარკეტერებს შეუძლიათ შეაგროვონ ღირებული ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიის ქცევის შესახებ, ასევე კარი გაუღონ მომხმარებელთა ჩართულობის ახალ მეთოდებს. გარდა ამისა, ეფექტური სტრატეგიით, ამავე კომპანიებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ერთხელ მოპოვებული აუდიტორია ხანგრძლივი პერიოდით. Invesp-ის ანგარიშის მიხედვით, კომპანიები, რომლებსაც აქვთ მომხმარებელთა ჩართვის ძლიერი სტრატეგიები, ინარჩუნებენ თავიანთი მომხმარებლების საშუალოდ 89%-ს, შედარებით სუსტი omnichannel პროგრამების მქონე კომპანიებთან შედარებით, რომლებსაც აქვთ მხოლოდ 33%-იანი შენარჩუნების მაჩვენებელი.
რა პრობლემებს წყვეტს ციფრული მარკეტინგი?
პრობლემა: მე არ ვიცნობ ჩემს აუდიტორიას საკმარისად კარგად, რომ კომუნიკაცია დავიწყო
თქვენი აუდიტორიის გაცნობას დრო სჭირდება. თქვენ შეიძლება გქონდეთ განსაზღვრული, როგორ იქცევა აუდიტორია და ამის მიხედვით ალტერნატიული პერსონაც გყავდეთ შექმნილი, მაგრამ არის დიდი ალბათობა, რომ მომხმარებლები, რომლებიც აქტიურად ატარებენ დროს ონლაინში, არ მოიქცნენ ისე, როგორც თქვენ მოელით. თქვენ დაგჭირდებათ სხვადასხვა ენის ტესტირება, რათა თუნდაც პროდუქტის აღწერები ზუსტად მოარგოთ სხვადასხვა ქვეყნის აუდიტორიას. სწორედ ამიტომ, ეცადეთ, მოერგოთ თქვენს აუდიტორიას, შედეგად კი შექმნით სანდოობას, რომელიც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან. ციფრული მარკეტინგი სხვა არაფერია, თუ არა აუდიტორიაზე მორგება და მისთვის პროდუქტის რელევანტურად შეთავაზება.
პრობლემა: მე არ მაქვს ოპტიმიზებული ჩემი არხები SEO-სთვის
ბრენდის მარკეტინგზე მუშაობის პერიოდში რა ეტაპზეც არ უნდა იყოთ, მნიშვნელოვანია გქონდეთ მაქსიმალურად გაუმჯობესებული SEO პრაქტიკა. საძიებო სისტემებში რეიტინგის გაუმჯობესების გარდა, SEO-ს შეუძლია გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს თქვენი კამპანიის ტესტირებას და ოპტიმიზაციას. შედეგად თქვენ შეძლებთ, აუდიტორიას უფრო მაღალი ხარისხის, ღირებული შინაარსის კონტენტი მიაწოდოთ, სწორედ ისეთი, როგორიც თქვენს პოტენციურ კლიენტებს სურთ.
პრობლემა: მე არ მაქვს სოციალური მედიის სტრატეგია
იმის მიუხედავად, გსურთ თუ არა ორგანული სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება, ფასიანი სოციალური მედიის სტრატეგია თუ ამ ორის ნაზავი, მნიშვნელოვანია, გქონდეთ სოციალური მარკეტინგის გარკვეული ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია შესანიშნავია ბრენდინგისა და ჩართულობისთვის, ის ასევე შეიძლება იყოს სასარგებლო არხი ციფრული მარკეტინგის რეკლამისთვის. გამომდინარე აქედან, სოციალური მედია ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელმაც შესაძლოა, თქვენი ბრენდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშოს.
ციფრული მარკეტინგი ასევე გეხმარებათ, შექმნათ საერთო კომუნიკაცია სხვადასხვა არხში და მხოლოდ ერთ კონკრეტულ არხზე არ იყოთ ორიენტირებული. გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ერთგან ანთავსებთ, ლოგიკურად უნდა “გადაიღვაროს” სხვა არხშიც. ამ ერთიანი კომუნიკაციით უკეთესად დაინახავთ, რომ თქვენი მომხმარებლების პოვნა სრულიად სხვადასხვაგანაა შესაძლებელი.
ციფრული მარკეტინგი თითქმის ნებისმიერი ბიზნესის მთლიანი მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი უნდა იყოს. აქამდე არასოდეს ყოფილა მსგავსად შესაძლებელი, გქონდეთ თანმიმდევრული და სტაბილური კონტაქტი თქვენს მომხმარებლებთან. თანაც, ის გვთავაზობს პერსონალიზაციის მაღალ დონეს ციფრული მონაცემების მეშვეობით. რაც უფრო მეტად აითვისებთ ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობებს, მით უფრო მეტად შეძლებთ გააცნობიეროთ თქვენი კომპანიის ზრდის პოტენციალი.