fbpx

Clubhouse – საწყისებთან დაბრუნება

Clubhouse – საწყისებთან დაბრუნება

გაინტერესებთ, რა არის კომპანიის სწრაფი ზრდის საიდუმლო? ამისთვის შეგვიძლია გადავხედოთ Clubhouse-ის წარმატების ისტორიის ერთ ფურცელს, რადგან მათ ბორბალი თავიდან არ გამოუგონიათ და არც შენ მოგიწევს.

ყველაფერ ძველს მოეძებნება ახალი გამოყენება. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს Clubhouse-ის მაგალითზე – ტექნოლოგიური ინდუსტრიის ახალ ფენომენზე.

Clubhouse-მა განვითარების შთამბეჭდავი გზა გაიარა – სულ ერთ წელიწადში შეძლო ბაზარზე თავის დამკვირდება და ახლა 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ბუნებრივია, საინტერესოა, თუ რა არის მათი ასეთი სწრაფი ზრდის საიდუმლო.

შეიძლება, რომ Clubhouse-ის უეცარი წარმატების საიდუმლო არც არსებობდეს. მათი გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ აპლიკაცია ჩაწვდა ფუნდამენტურ სიმართლეს  – ყველა ადამიანს უნდა, რომ ჰქონდეს ხმა, გამოხატოს საკუთარი აზრი და საზოგადოების ნაწილად იგრძნოს თავი.

Clubhouse-ს თავიდან არ გამოუგონია ბორბალი. სწორედ ამიტომაა, რომ ყველას შეუძლია ადამიანის ბუნებრივი სწრაფვები ბიზნეს იდეად აქციოს და შექმნას წარმატებული სერვისი ან პროდუქტი. თუ გვინდა, რომ Clubhouse-ს მსგავს წარმატებას მივაღწიოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის შეცდომებიც, რომლებიც განვითარების გზაზე დაუშვეს.

აპლიკაციის წარმატებით გაშვების ერთი წლის თავზე, წარმოგიდგენთ 3 ბიზნეს გაკვეთილს, რომელიც ინდუსტრიის unicorn-სგან შეგვიძლია ვისწავლოთ.

მიეცი ხალხს მიკროფონი

ადამიანებს სურთ, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ჰქონდეთ. სოციალური მედია ამის საუკეთესო მაგალითია. მილიონობით მომხმარებელზე დაკვირვება ცხადჰყოფს, რომ საკუთარი შეხედულებების, გრძნობებისა და ცხოვრების ფრაგმენტების გაზიარება ყველას უნდა. ზუსტად ამავე მიზეზით გასამმაგდა podcast-ების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით.

ასეთივე ტემპით იზრდება ხმოვანი ტექნოლოგიების გამოყენება. ხმოვანი ასისტენტები Amazon Alexa და Siri-დან დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული მომსახურების სერვისებამდე – ყველგან არის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა თავიანთი აზრები, კითხვები და მოთხოვნები გააჟღერონ. და იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ხმოვანი ფუნქცია (მაგალითად, ხმოვანი ფოსტები) პოპულარულობას კარგავს, ახალი იტერაციები მალევე იკავებენ მათ ადგილს (მაგალითად, Apple Voice Memo).

ადამიანებს უნდათ, რომ მათ მოუსმინონ, Clubhouse კი სწორედ ამ სურვილს იყენებს და (მოწვევის შემდეგ) ყველას ეძლევა „მიკროფონის აღების“ საშუალება. Podcast-თან შედარებით შესვლის დაბალი ბარიერი და სხვა სოც. ქსელებთან შედარებით უფრო მეტად უსაფრთხო გარემო, საშუალებას აძლევს ხალხს, რომ გამოხატონ საკუთარი თავები და ისაუბრონ სასურველ თემებზე.

კომპანიის ზრდის პროცესი ყველა ბიზნესისთვის ერთნაირი ვერ იქნება, მაგრამ Clubhouse-ის წარმატება მნიშვნელოვანი შეხსენებაა იმისა, რომ ადამიანებს უნდათ აზრის გამოთქმის პლატფორმა და მსმენელის ყოლა. იქნება ეს სოც. ქსელების, მომხმარებლების მიერ შექმნილი კონტენტის, ფიდბექისა თუ მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტის გამართული მუშაობის გამოყენებით  – ბიზნესებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ მისცენ მომხმარებლებს მიკროფონი და მოუსმინონ მათ.

გამოიყენე საზოგადოების ძალა

რამის გაზიარების შესაძლებლობა კარგია, მაგრამ ვინმეს ყოლა ვისთვისაც შეგიძლია გაზიარება უფრო დადებითი ემოციის მომტანია.

მაგალითად, Facebook-ზე პოსტის გაზიარება, როდესაც მეგობრები არ გყავს ან თუნდაც ისეთი შეფასების დაწერა, რომელსაც არავინ წაიკითხავს – როგორი კარგიც არ უნდა იყოს საკუთარი პერსპექტივის გაზიარება, თუ მსმენელი აუდიტორია არ გვყავს, ხმის ქონა საკმარისი არ იქნება.

Clubhouse-ს ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედაც ეს არის – ის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, რომ შექმნან პატარა საზოგადოებები, იპოვონ მათთვის საინტერესო ხალხი, თემები, ოთახები და ლაივ რეჟიმში ისაუბრონ მათთან ერთად. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პანდემიის პერიოდშია.

ამასობაში, კონკურენცია იზრდება. Instagram-მა ახლახანს Group Livestreaming-ი გახადა შესაძლებელი; Facebook კი Clubhouse-ის კონკურენციის კონკურენტზე მუშაობს; Twitter-მა დაამატა ხმოვანი ჩატის ოთახები და სხვა – ადამიანებს ნებისმიერი მათგანის გამოყენება შეუძლიათ საკუთარი თავის გამოსახატად. ასეთი კონკურენციის პირობებში ის გაიმარჯვებს, ვინაც ყველაზე ერთგული და სტაბილური მომხმარებლები ეყოლება.

მსგავსი რამ უკვე გვინახავს – Peloton ამის კლასიკური შემთხვევაა. მომხმარებლები მხოლოდ ველოტრენაჟორებს არ იძენენ და იყენებენ – ამის გაკეთება ბევრად იაფადაც შეუძლიათ. ისინი ვარჯიშის მოყვარულ ხალხთან ერთად საზოგადოებებს ქმნიან. ვიდეო თამაშები, მაგალითად Fortnight და ფეხსაცმლის ბრენდებიც კი ამას აკეთებენ – ისინი აერთიანებენ ხალხის ჯგუფებს. მნიშვნელობა არ აქვს სერვისი იქნება, თუ პროდუქტი – წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ის ერთიანობის შეგრძნებას იწვევდეს. სწორედ ასე გეყოლება ერთგული მომხმარებელი.

არ შეგეშინდეს საწყისებთან დაბრუნება

კომპანიის ასეთი ტემპით განვითარება, როგორც Clubhouse-მა შეძლო ზოგჯერ გაუმართავი თვითმფრინავით ტურბულენტურ ზონაში ფრენას გავს. სწორი პროდუქტის  მისაღებად საჭიროა დრო და შეცდომების დაშვება. მაგრამ, როდესაც ასეთი სისწრაფით იზრდები, პროდუქტის გამოსაცდელი დრო აღარ გრჩება. სწორედ ამიტომ გაუჩნდა clubhouse-საც გარკვეული პრობლემები. კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა მომხმარებელთა უნებართვოდ ჩაწერილი საუბრების ინტერნეტში გავრცელების ფაქტები.

მსგავსი პრობლემების მოგვარება შესაძლებელია, მაგრამ მთავარია გვახსოვდეს, რომ როდესაც ასეთ პოპულარულ პროდუქტს ქმნი, არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს საწყისები. რა ტიპის ბიზნესიც არ უნდა იყოს, მომხმარებელთა ბაზა და უსაფრთხოების გაიდლაინები – მსგავსი ფუნდამენტური საკითხები უმნიშვნელოვანესია.

ყველა კომპანია ვერ შეძლებს unicorn-ის სტატუსის 1 წელიწადში მოპოვებას. შეიძლება არც ილონ მასკმა და მარკ ზაკერბერგმა გამოიყენონ შენი პროდუქტი, მაგრამ clubhouse-ის წარმატებიდან ერთი-ორი გაკვეთილის სწავლა მაინც არის შესაძლებელი. მთავარია გვახსოვდეს, რომ კომპანიამ თავიდან არ გამოიგონა ბორბალი და არც სხვა ბიზნესებს სჭირდებათ ამის გაკეთება. წარმატების საიდუმლო მარტივია – მთავარია ვიცოდეთ, თუ რა გვაქცევს ადამიანებად.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post