fbpx

დამფუძნებელი გუნდის მნიშვნელობა სტარტაპებისთვის

დამფუძნებელი გუნდის მნიშვნელობა სტარტაპებისთვის

ნებისმიერი სტარტაპის წარმატებისთვის დამფუძნებელი გუნდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხშირად უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე – პროდუქტი. ეს კი იმიტომ, რომ სტარტაპის წარმატება, დიდწილად, საჭირო ცოდნითა და გამოცდილებითაა განპირობებული.

„დამფუძნებლის ინდივიდუალური მახასიათებლები მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადამიანის უნარია, ჰყავდეს გამოცდილი გუნდი“, – აცხადებენ მკვლევრები. “რაც უფრო დიდია ეს გუნდი, მით უფრო დიდია ფირმის წარმატების ალბათობა.”

გუნდის ფორმირება

INSEAD-ის ბოლოდროინდელმა კვლევის ფარგლებში მკვლევრებმა აკადემიურ ლიტერატურას გადახედეს, რათა სტარტაპ გუნდის წარმატების საიდუმლო ამოეხსნათ. კვლევით ცნობილი გახდა, რომ ახალი სტარტაპების დიდი უმრავლესობა მარცხდება, მაგრამ, ამავდროულად, ხაზი გაესვა ერთ ფაქტს – ამ წარუმატებლობებიდან ბევრი ნაკლებად უკავშირდებოდა ცუდ პროდუქტს, არამედ – დამფუძნებელი გუნდის პრობლემებს.

პირველ თვეებში და წლებში არსებული გაურკვევლობისა და რთული სამუშაო გარემოს გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ შეკრული და ერთიანი დამფუძნებელი გუნდი გრძელვადიანი წარმატებისთვის გადამწყვეტია. ადრეული ეტაპები უთანხმოების უამრავ შესაძლებლობას წარმოადგენს, იქნება ეს დაფინანსების ან პროდუქტის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები ან უბრალოდ სტრესი და დაღლილობა. სწორედ ამიტომ, საჭიროა, დამფუძნებლებმა გააცნობიერონ, რომ პროდუქტი და იდეა, სავარაუდოდ, განვითარების ყველა ეტაპს გაივლის, მაგრამ წარმატებისთვის გუნდი სტაბილური უნდა იყოს.

გუნდის შერჩევა და როლების გადანაწილება

ცნობილი ფაქტია, რომ სტარტაპების უმეტესობაში გუნდი, ძირითადად, შემთხვევითობის პრინციპით არის შექმნილი – ანუ თვითშერჩეულია. ფაქტობრივად, არ არსებობს მენეჯერი, რომელიც გუნდის წევრებს შეარჩევს. ამის ნაცვლად, სტარტაპ გუნდები, როგორც წესი, იკრიბებიან საკუთარი ნებით და როლებს, რომლებსაც ისინი ინაწილებენ, დიდწილად, ერთმანეთში წყვეტენ.

და მაინც, როგორ ხდება როლების განაწილება დამფუძნებელ გუნდს შორის? ვინ იქნება აღმასრულებელი დირექტორი? ვინ იქნებოდა CFO ან COO? ისეთ სიტუაციებში, როდესაც კაპიტალი თანაბარია, ვინ გახდება „ბოსი“ ხშირად მგრძნობიარე საკითხია.

გუნდები, როგორც წესი, გუნდში როლების გაყოფისას, ორ განსხვავებულ კომპეტენციას აქცევენ ყურადღებას:

1. ადრეული გამოცდილება – თუკი მაგალითად რომელიმეს მარკეტინგული გამოცდილება ჰქონდა, მარკეტინგის ხელმძღვანელის როლს ირგებს.

2. სოციალური სტატუსი – მათ შორის ისეთი ატრიბუტები, როგორიცაა სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, პრესტიჟი და საგანმანათლებლო მიღწევები, შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს როლების გადანაწილებისას და გავლენა მოახდინოს პროცესზე.

საინტერესოა, რომ როდესაც დამფუძნებლების როლები სწორად არის გადანაწილებული მათი სოციალური სტატუსის მიხედვით, სტარტაპის წარმატების მაჩვენებელი უფრო მაღალია ხოლმე. ეს ასე იყო მაშინაც კი, როდესაც „სტატუსები“ მოძველებულ სტერეოტიპებით განისაზღვრებოდა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ სტანდარტებით ოპერირება გუნდში ნაკლებ კონფლიქტს იწვევს და, შედეგად, სტარტაპი უფრო წარმატებულია ხოლმე.

იდეა თუ გუნდი

სტარტაპ სამყაროში, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კითხვაა: იდეაა პირველ ადგილზე თუ გუნდი? INSEAD-ის თავდაპირველი ანალიზი ვარაუდობს, რომ გუნდი და იდეა ერთმანეთზეა დამოკიდებული.

თუ თქვენი გუნდი ასე მნიშვნელოვანია თქვენი ახალი წამოწყების წარმატებისთვის, როგორ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ სწორ ადამიანებს ირჩევთ? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ასეთ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ:

მოახდინეთ თქვენი სისუსტეების იდენტიფიცირება – ჩვენ ყველას გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. მაგალითად, თუ ტექნიკური უნარები გაქვთ და თქვენს ბიზნესში ჰუმანიტარული უნარებიც მნიშვნელოვანია, შეარჩიეთ გუნდის წევრი ამ ნიშნით.

განსაზღვრეთ დროითი ვალდებულებები – იდეალურ შემთხვევაში დამფუძნებლები ახალ წამოწყებას დროის უდიდეს ნაწილს უთმობენ, თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ მათ სხვა საქმეც აქვთ და მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე ახერხებენ მუშაობას თქვენთან ერთად. სწორედ ამიტომ, ეცადეთ დროის ეს პერიოდი გამოიყენოთ ჭკვიანურად და სტარტაპის ამოცანები კონკრეტულ პერიოდებში მოაქციოთ.

ისაუბრეთ – კარგად აუხსენით ალტერნატიულ დამფუძნებელს თქვენი სტარტაპის მისია და ამოცანები. ეცადეთ, დაარწმუნოთ, რომ ამ იდეის განხორციელების პროცესში გამოგყვეთ. ესაუბრეთ ნაკლებად ოფიციალური ენით და აჩვენეთ, რა გაძლევთ მოტივაციას.

მუდმივად შეაფასეთ – თქვენ მოგიწევთ, შეაფასოთ რამდენად კარგად აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებებს თქვენი დამფუძნებელი გუნდი და შეავსოთ ცოდნასთან დაკავშირებული ხარვეზები, რომლებსაც გამუდმებით აწყდებით გუნდში.

 

რუბრიკის წარმდგენია

Share this post