Facebook-ის კრეატორებს ვიდეოებიდან ფულის გამომუშავება შეეძლებათ
ცოტა ხნის წინ Meta-მ გამოაცხადა, რომ Facebook-ის კრეატორებს ამიერიდან ფულის გამომუშავება ფეისბუქის ვიდეოებით შეეძლებათ, თუკი ვიდეოებისთვის ლიცენზირებულ მუსიკას გამოიყენებენ. კომპანია იწყებს „მუსიკის შემოსავლების გაზიარებას“, რათა ვიდეოს შემქმნელებს საშუალება მისცეს, ჩართონ ლიცენზირებული მუსიკა თავიანთ ვიდეოებში Facebook-ზე და მიიღონ წილი რეკლამიდან. Meta ამბობს, რომ ეს ხსნის შემოსავლის გამომუშავების ახალ გზას როგორც კრეატორებისთვის, ასევე – მუსიკის უფლებების მფლობელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კრეატორებს აქამდეც შეეძლოთ ლიცენზირებული მუსიკის გამოყენება ვიდეოებში, ისინი ამ დრომდე მონეტიზაციას ვერ ახდენდნენ.
ახალი ფუნქციის ფარგლებში, როდესაც კრეატორი ლიცენზირებულ მუსიკას Facebook-ზე 60 წამიან ან მეტი ხანგრძლივობის მქონე ვიდეოში გამოიყენებს, მას უკვე შეეძლება ფულის გამომუშავება. კრეატორები მიიღებენ შემოსავლის 20%-იან წილს ვიდეოებიდან, ცალკე წილი გადაეცემა მუსიკის უფლებების მფლობელებს და Meta-ს, თუმცა კომპანიამ უარი თქვა სხვა კონკრეტული დეტალების გაზიარებაზე.
მეტა ამბობს, რომ Facebook Reels ამ დროისთვის არ არის ვიდეოს ის ტიპი, რომელსაც მონეტიზაციის უფლება აქვს. თუმცა კი, შესაძლებელია, რომ კომპანიამ მომავალში მუსიკის შემოსავლის გაზიარება Reels-ზეც დაუშვას.
თქვენ შეგეძლებათ, Creator Studio-ში ნახოთ ის სიმღერები, რომლებითაც მონეტიზაციას შეძლებთ. ხოლო მას შემდეგ, რაც თქვენს ვიდეოს თქვენს Facebook გვერდზე ატვირთავთ, Creator Studio-ში შეტყობინებას დაინახავთ, რომელიც შეგატყობინებთ, აქვს თუ არა სიმღერას მუსიკის შემოსავლის გაზიარების ფუნქცია. როდესაც ვიდეო გამოქვეყნდება თქვენს გვერდზე, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვენი ვიდეო გამოიმუშავებს და აზიარებს შემოსავალს.
Meta ამბობს, რომ ეს ფუნქცია შესაძლებელი გახდა პლატფორმაზე არსებული “უფლებების მენეჯერის” მეშვეობით (ვიდეო, აუდიო და გამოსახულების შესატყვისი ხელსაწყო), რომელიც შექმნილია კონტენტის მფლობელებისთვის მათი უფლებების დასაცავად და სამართავად.