Facebook პოდკასტების პლატფორმას ხურავს
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შექმნიდან ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში ფეისბუქი თავის პოდკასტების პლატფორმას ხურავს. პოდკასტების შემქმნელები ამ კვირიდან უკვე ვეღარ შეძლებენ სერვისში ახალი შოუების ატვირთვას, ხოლო პლატფორმა კი მთლიანად 3 ივნისს დაიხურება, იტყობინება Bloomberg News.
ეს ნაბიჯი Facebook-ის აუდიო პროდუქტებთან დაკავშირებული რეფორმების ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. კომპანია ასევე ხურავს საიტებს: Soundbites-სა და Audio hubs და Live Audio Rooms-ის პირდაპირი ტრანსლაციის ფუნქციას (ოდესღაც ხმაურიანი აუდიო აპლიკაციის Clubhouse-ის კლონი) მის Facebook Live ფუნქციონალში ჩააინტეგრირებს.
Facebook-ის სპიკერმა ადელაიდა კორონადომ განაცხადა, რომ ცვლილებები კომპანიის აუდიო შეთავაზებებს გაამარტივებს.
„ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავამარტივოთ აუდიო ხელსაწყოების ნაკრები Facebook-ზე“, – თქვა კორონადომ. ”ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით და ვაანალიზებთ Facebook-ის მიერ შემოთავაზებულ ფუნქციებს, რათა ყველაზე კომფორტული და მნიშვნელოვანი გამოცდილება შევუქმნათ მომხმარებლებს.”
2020 და 2021 წლებში აუდიო ბაზარი წარმოუდგენლად აქტიური იყო: ბაზარზე უკვე არსებული მოთამაშეები, როგორიცაა SiriusXM და Amazon, ყიდულობდნენ პოდკასტების ქსელებს, ხოლო სრულიად ახალი აუდიო აპი Clubhouse მაშინ $4 მილიარდად შეფასდა. ასე რომ, ფეისბუქიც – კომპანია, რომელმაც თითქმის ყველა ტექნიკური ტენდენციის კოპირება შეძლო, ჩაერთო. ერთწლიანი ექსპერიმენტის შემდეგ კი, კომპანია აშკარად მივიდა დასკვნამდე: რომ Facebook-ს პლატფორმაზე ზრუნვა კომპანიას არ უღირს და მისი დახურვა აუცილებელია.