fbpx

ინსტაგრამს Family Center დაემატა – რა უნდა ვიცოდეთ ამ სიახლეზე?

Family Center

ინსტაგრამს Family Center დაემატა – რა უნდა ვიცოდეთ ამ სიახლეზე?

ინსტაგრამზე დაემატა Family Center, რომელიც მშობლებისთვისა და მეურვეებისთვის ერთ სივრცეში აერთიანებს თინეიჯერების მონიტორინგის საშუალებებსა და მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსებს. ინსტრუმენტი შეიქმნა მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, რომელიც აერთიანებდა ონლაინუსაფრთხოების ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ინიციატივასთან დაკავშირებულ სხვა ჯგუფებს.  

,,ექსპერტებთან, მშობლებთან, მეურვეებთან და მოზარდებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა შეგვექმნა Family Center – ადგილი, რომლიდანაც მშობლები ზედამხედველობას გაუწევენ თინეიჯერების Meta ანგარიშებს; დააყენებენ და გამოიყენებენ მეთვალყურეობის ინსტრუმენტებსა და გაეცნობიან მნიშვნელოვან რესურსებს იმის შესახებ, თუ როგორ ესაუბრონ შვილებს ინტერნეტის გამოყენებაზე’’, – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, ზედამხედველობის ინსტრუმენტების თავდაპირველი ნაკრები მშობლებსა და მეურვეებს საშუალებას მისცემს:

• ნახონ, თუ რამდენ დროს ატარებენ მოზარდები ინსტაგრამზე და დააწესენ დროის ლიმიტები;
• მიიღონ შეტყობინებები, როდესაც მათ მოზარდი გაუზიარებს, რომ ვინმე დაარეპორტეს;
• იხილონ და მიიღონ განახლებები იმის შესახებ, თუ რა ანგარიშები აქვთ გამოწერილი მოზარდებს და რომელ ანგარიშებს აქვთ გამოწერილი მოზარდის ანგარიში.

ამის გარდა, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ახალი ფუნქციების დამატებაც იგეგმება. Მათ შორის, ერთ-ერთი მშობლებსა და მეურვეებს საშუალებას მისცემს, დააწესონ კონკრეტული საათები, რომელთა განმავლობაშიც შეძლებს მოზარდი ინსტაგრამის გამოყენებას. ამასთანავე, ერთზე მეტ მშობელს ექნება ანგარიშის ზედამხედველობის შესაძლებლობა. 

რაც შეეხება საგანმანათლებლო ნაწილს, Family Center მოიცავს მნიშვნელოვან რესურსებს პარტნიორი ორგანიზაციებისგან The Trevor Project და American Foundation for Suicide Prevention. ხოლო საგანმანათლებლო ცენტრში მშობლებსა და მეურვეებს წვდომა ექნებათ სასარგებლო სტატიებზე, ვიდეოებსა და რჩევებზე ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა ის, თუ როგორ ესაუბრონ მოზარდებს სოციალური მედიის გამოყენებაზე. 

აღსანიშნია, რომ ამ დროისთვის, ზედამხედველობის ფუნქციის ინიციირება შეუძლიათ მხოლოდ თინეიჯერებს. თუმცა, ზაფხულში ამის შესაძლებლობა მშობლებსა და მეურვეებსაც ექნებათ. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის გააქტიურებას მშობელი ან მეურვე მოითხოვს, მოზარდის დასტური იქნება საჭირო. კონტროლის ფუნქცია ავტომატურად წაიშლება ანგარიშიდან, როდესაც მისი მფლობელი 18 წლის გახდება.

ინსტაგრამის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ თავის ტვიტერის ანგარიშზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ Family Center გააგრძელებს ზრდასა და ცვლილებების დანერგვას მისი გამოყენების პროცესში. ასევე აღნიშნა, რომ კომპანია მშობლებისგან და მოზარდებისგან უკუკავშირს იღებს.

,,ჩვენ ვიცით, რომ მშობლები დაკავებულნი არიან და ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამიტომ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ხელსაწყოები მაქსიმალურად მარტივი გამოსაყენებელია’’, – თქვა მოსერიმ.

როგორც ციფრული კეთილდღეობის ექსპერტები აცხადებენ, სიახლის მიზანი მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთშეთანხმებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაა, რაც მოზარდების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითაც აისახება. 

„შვილების ციფრულ ცხოვრებაში მშობელთა ინფორმირებული ჩართულობის წახალისება არის მნიშვნელოვანი გზა ინტერნეტსივრცეში ახალგაზრდების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ შვილებს და აკონტროლონ მათი დამოუკიდებლობის თანდათანობითი ზრდა, როდესაც ისინი აპლიკაციას პასუხისმგებლობითა და უსაფრთხოდ, სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის დემონსტრირებით გამოიყენებენ. მშობლების ჩართვით, ჩვენ შევძლებთ, მხარი დავუჭიროთ მათი აღზრდის მეთოდებს ციფრულ ეკოსისტემაში ისე, რომ ისინი ფიზიკურ სამყაროს შეესაბამებოდეს და აყალიბებდეს შვილების გრძელვადიან ფიზიკურ, გონებრივ და სოციალურ კეთილდღეობას“, – აცხადებს მაიკლ რიჩი, ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს ციფრული კეთილდღეობის ლაბორატორიის დირექტორი და დამფუძნებელი.

ამჟამად Family Center ხელმისაწვდომია აშშ-ში და უახლოეს თვეებში მისი წვდომის გლობალურად გავრცელება იგეგმება. ასევე ხელსაწყო აპრილში Quest VR-ზე დაემატება. 

ცხადია, კომპანიის მიზანი დადებითი ეფექტის მოხდენაა, თუმცა, რამდენიმე საყურადღებო საკითხი მაინც ბუნდოვანი და განსახილველი რჩება. ამ მხრივ, პირველ რიგში აღსანიშნია, რომ ხელსაწყოები არსებითად პრევენციულია და არ ცდილობს აპლიკაციის ამ დრომდე გამოყენებით უკვე გამოწვეული ზიანის დაფიქსირებასა და გამოსწორებას. ასევე საინტერესოა იმ მოზარდების საკითხი, რომელთაც არ მეთვალყურეობენ მშობლები/მეურვეები და რომლებიც არიან ინტერნეტსივრცეში ძალადობის გამოცდისა თუ ფსიქოლოგიური ზიანის მიღების მაღალი რისკის ქვეშ. საყურადღებოა თანხმობის ნაწილიც – იქნება თუ არა ხელსაწყო ისეთივე ეფექტური იმ შემთხვევაში, თუ მოზარდებისთვის არაკომფორტულია მშობლებისთვის აპლიკაციაში მიღებული გამოცდილების გაზიარება. 

რუბრიკის წარმდგენია

Share this post