კარგონმა Flexport-ისგან ინვესტიცია მიიღო
ქართულ სტარტაპ კარგონში მსოფლიოში ყველაზე მსხვილმა ლოგისტიკურმა სტარტაპმა, Flexport-მა განახორციელა ინვესტიცია.
,,Flexport ჩვენთვის ის კომპანიაა, რომელსაც შორიდან შევყურებდით. გარკვეულწილად წარმოუდგენელიც იყო, რომ ჩვენს რეგიონში და კარგონში ინვესტიციას განახორციელებდა.
ეს ამბავი, პირველ რიგში, იმ საქმიანობის აღიარებაა, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ. ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი გამოცდილების გაზიარება და ჩვენი რეგიონის ჭრილში პარტნიორობა’’, – აცხადებს კარგონის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ვანო ჩალაძე.
ცნობისთვის, კარგონი არის ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც ტვირთის მფლობელებს გადამზიდავებთან აკავშირებს და პიქირით. სტარტაპის პლატფორმაზე დარეგისტრირება ერთი მხრივ იურიდიულ პირებს, მეორე მხრივ კი მძღოლებს შეუძლიათ. ამის შემდეგ ტვირთის მფლობელი უთითებს ტვირთის რაოდენობასა და დანიშნულების ადგილს. სისტემა თავად პოულობს შესაფერის მძღოლს და გადატანის საფასურსაც ითვლის. ალგორითმი ავსებს სატვირთოებს, მძღოლები კი დამატებით ანაზღაურებას იღებენ. საბოლოოდ კი, ტვირთის გამგზავნი ხარჯების 15%-სა და დროის 90%-ს ზოგავს. აღსანიშნია, რომ გამგზავნს გზავნილის გადაადგილებისთვის თვალის დევნება შეუძლია.
რაც შეეხება Flexport-ს, ის არის სან-ფრანცისკოში დაფუძნებული გლობალური ექსპედიტორი, რომელიც ბიზნესებს ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს. სტარტაპის პლატფორმა ბიზნესებს ანალიტიკისა და თვალყურის დევნების სხვადასხვა ინსტრუმენტით უზრუნველყოფს, რაც ტვირთის გადაზიდვის პროცესს ამარტივებს. დღეისთვის კომპანიის ღირებულება $8 მილიარდს შეადგენს.