fbpx

ინვესტიციის მიღების ძირითადი ეტაპები

ინვესტიციის ეტაპები

ინვესტიციის მიღების ძირითადი ეტაპები

კაპიტალის ნაკლებობა სტარტაპების ადრეულ ეტაპზე ჩავარდნის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. ამიტომ ანტრეპრენერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერ კიდევ მანამ შეისწავლოს გარე კაპიტალის მოძიების პროცესი, სანამ უშუალოდ მის მოპოვებას ეცდება. ამ სტატიაში განვიხილავთ ინვესტიციის მიღების ძირითად ეტაპებს, რომლებიც თითქმის ყველა ინდუსტრიისთვის საერთოა.

სტარტაპებისთვის გარე ინვესტიციების მოზიდვის ოთხი მთავარი საფეხური არსებობს. ესენია: Seed; Series A; Series B; Series C; მათ  წინ უძღვის pre-seed ინვესტირების ეტაპი. ეს სტარტაპის ადრეული ინვესტიციაა, რომელსაც დამფუძნებელი საკუთარი ჯიბიდან იღებს. თანხა შეიძლება იყოს $10,000-დან $100,000-მდე. ამას შეიძლება დაემატოს მეგობრების და ოჯახის წევრებისგან მიღებული თანხები – $100,000-დან $200,000-მდე. როგორც წესი, ეს „ინვესტორები“ თანხის სანაცვლოს კომპანიის აქციებს არ იღებენ. ამას მოყვება seed ინვესტირების ეტაპი.

Pre Seed დაფინანსების ეტაპი

კომპანიის დაფინანსების ეს ადრეული ეტაპი ხშირად საერთოდ არ შედის დაფინანსების რაუნდებს შორის. იგი ცნობილია, როგორც “წინასწარი” დაფინანსება და ეს ეტაპი, როგორც წესი, ეხება იმ პერიოდს, როდესაც კომპანიის დამფუძნებლები პირველად იწყებენ თავიანთ საქმიანობას. ყველაზე გავრცელებული “წინასწარი” დამფინანსებლები არიან თავად დამფუძნებლები, ასევე ახლო მეგობრები, მხარდამჭერები და ოჯახი. კომპანიის ბუნებიდან და ბიზნეს იდეის შემუშავებისას დაწესებული საწყისი ხარჯებიდან გამომდინარე, დაფინანსების ეს ეტაპი შეიძლება ძალიან სწრაფად განხორციელდეს ან შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. ასევე, სავარაუდოა, რომ ინვესტორები ამ ეტაპზე არ ახორციელებენ ინვესტიციას კომპანიაში კაპიტალის სანაცვლოდ. უმეტეს შემთხვევაში, ინვესტორები წინასწარი დაფინანსების სიტუაციაში მხოლოდ მაშინ არიან, როდესაც თავად ეკუთვნით ეს კომპანია.

Seed დაფინანსების ეტაპი

Seed ინვესტიცია დაფინანსების პირველი ოფიციალური ეტაპია. ის უფინანსებს სტარტაპს პირველ ნაბიჯებს. ეხმარება, მაგალითად, მარკეტის კვლევით მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრაში ან/და პროდუქტის დეველოპმენტში საბოლოო პროდუქტის მისაღებად.

ამ სტადიაზე პოტენციური ინვესტორი შეიძლება იყოს: დამფუძნებელი, მეგობრები, ოჯახი, ინკუბატორები, ვენტურული კაპიტალის კომპანიები და სხვა. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ტიპია ე.წ Angel ინვესტორები. ისინი თანხის სანაცვლოდ კომპანიის აქციებს იღებენ (დაახლ. 10-15%).

Seed დაფინანსება შეიძლება იყოს $10,000-დან $2 მილიონამდე. ზოგიერთი სტარტაპისთვის ეს ეტაპი სრულიად საკმარისია კომპანიის წარმატებული ფუნქციონირების დასაწყებად და ზემოთ ჩამოთვლილ სხვა ეტაპებზე გადასვლა აღარ არის საჭირო. კომპანიების უმრავლესობა, რომლებიც seed ინვესტიციას იღებენ შეფასებულნი არიან $3-დან $6 მილიონამდე.

ცნობილი seed ინვესტორები არიან: Entrepreneur First, Techstars, Bain Capital Ventures, National Institutes of Health და Y Combinator.

Series A დაფინანსების ეტაპი

Series A დაფინანსების პირველი ინსტიტუციური რაუნდია, რომელსაც ვენტურული ინვესტორები ხელმძღვანელობენ. დაფინანსების ტიპიური რეინჯი $3-დან $5 მილიონამდეა, თუმცა შეიძლება $8-$10 მილიონსაც მიაღწიოს. ინვესტორი კი იღებს საშუალოდ კომპანიის 25-35%-ს. ეს დამოკიდებულია ბაზრის შესაძლებლობებზე და სტარტაპის შეთავაზების უნიკალურობაზე.

Series A დაფინანსების ეტაპზე ინვესტორები არ ეძებენ დიდებულ იდეებს. ისინი ეძებენ კომპანიებს ძალიან კარგი იდეით და ამასთან, ძლიერი სტრატეგიით მის წარმატებულ, შემოსავლიან ბიზნესად გადასაქცევად. ამიტომაცაა, რომ ამ ეტაპზე გადასული კომპანიების ღირებულება $23 მილიონამდეა.

რაც შეეხებათ ინვესტორებს, ისინი ძირითადად ტრადიციული ვენტურული კაპიტალის კომპანიები არიან. ესენია მაგალითად: Sequoia Capital, Benchmark Capital, Greylock და Accel Partners. აქვე გვხვდებიან Angel ინვესტორებიც. თუმცა მათი გავლენა seed დაფინანსების ეტაპისგან განსხვავებით მცირეა. კიდევ ერთი გავრცელებული მეთოდი კი crowdfunding-ია. ამის მიზეზად შეგვიძლია სტარტაპების მიერ ინვესტორების დაინტერესების სირთულე ჩავთვალოთ.

Series B დაფინანსება

Series B რაუნდი სხვა არაფერია თუ არა კომპანიის ახალ ეტაპზე გადაყვანა. ინვესტორები ეხმარებიან სტარტაპებს ბაზრის რიჩის გაფართოებით. ასეთ კომპანიებს უკვე გავლილი აქვთ seed და series A ეტაპები. შესაბამისად ფლობენ მომხმარებელთა ბაზებს და ინვესტორებისთვის უკვე დამტკიცებული აქვთ, რომ შეუძლიათ წარმატებას უფრო დიდ მასშტაბებზეც მიაღწიონ.

Series B ეტაპზე გადასული კომპანიები უკვე დამკვიდრებულნი არიან ბაზარზე. ამაზე მათი ღირებულებაც მეტყველებს ($30-$60 მილიონი). საშუალო ღირებულება $58 მილიონის ტოლია. მათ მიერ მოძიებული ინვესტიცია კი საშუალოდ $33 მილიონია.

Series A და Series B ეტაპებზე ინვესტორებში მთავარი მოთამაშეები არ იცვლებიან. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ Series B-ის ემატება ვენტურული კაპიტალის კომპანიების ახალი ტალღა, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან უფრო გვიანი ეტაპის ინვესტიციებში.

რა ტიპის ინვესტორები არსებობენ?

ინვესტორები

ინვესტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიზნესის სფეროში – ხშირად ისინი სასიცოცხლო ძალას წარმოადგენენ სტარტაპებისთვის. სწორ ინვესტორს შეუძლია, დაეხმაროს სტარტაპს დასაწყისიდან საბოლოო წარმატებამდე. თუმცა, არასწორად შერჩეული ინვესტორი შეიძლება დიდი წინაღობა გახდეს დამწყები ბიზნესისთვის და სარგებლის მაგივრად, ზიანი მოუტანოს მას.

Series C დაფინანსება

Series C-ზე გადასული ბიზნესები უკვე საკმაოდ წარმატებულები არიან. ისინი ეძებენ დამატებით ინვესტიციას, რომელიც მათ ახალი პროდუქტის განვითარებაში ან ახალი კომპანიის შეძენაში დაეხმარება. რაც მთავარია, ამ ინვესტიციებს კომპანიისთვის უსწრაფესი ზრდა მოაქვს.

ამ ეტაპზე სტარტაპის საშუალო ღირებულება $100 მილიონია. მიღებული ინვესტიცია კი $50 მილიონზე მეტი.

Series C-ს შეიძლება მოყვეს Series D ეტაპი, რომელიც საბოლოო ბიძგია კომპანიის IPO-მდე; ან საჭიროა იმ დასახული მიზნების საბოლოოდ შესასრულებლად, რომელსაც კომპანიამ წინა ეტაპზე ვერ მიაღწია.

C და D საფეხურებზე მთავარი, ცნობილი ინვესტორები არიან: Go-Jek, Bain Capital Ventures, Citigroup, Lightspeed Venture Partners და Index Ventures.

Series D დაფინანსების ეტაპი

არც თუ ისე ბევრ სტარტაპს აქვს ხოლმე ამ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობა. D დაფინანსების ეტაპი მეწარმეებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ სახსრები განსაკუთრებული სიტუაციისთვის. მაგალითად, სხვა კომპანიასთან შერწყმისთვის ან და კიდევ უფრო გასაზრდელად.

შესაბამისად, Series D დაფინანსება სთავაზობს სტარტაპებს ყველაზე მნიშვნელოვან, ინოვაციურ და მრავალფეროვან გადაწყვეტილებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, შეიძინონ სხვა სტარტაპი და შეერწყან მათ. ასევე, თუ სტარტაპმა ვერ მიაღწია კონკრეტულ ზრდის ეტაპს C სერიის სახსრებით, მაშინ მას დასჭირდება, მოიპოვოს მეტი თანხები D სერიის დაფინანსების საშუალებით, რათა გააგრძელოს არსებობა.

 IPO-ზე გასვლა

IPO არის კორპორატიული აქციების ფართო საზოგადოებისთვის პირველად შეთავაზების პროცესი. მზარდი სტარტაპები, რომლებსაც ესაჭიროებათ დაფინანსება, ხშირად იყენებენ ამ პროცესს სახსრების გამოსამუშავებლად, ხოლო ძლიერი და დამკვიდრებული ორგანიზაციები იყენებენ მას იმისათვის, რომ სტარტაპების მფლობელებმა გაყიდონ თავიანთი ნაწილი ან მთლიანი სტარტაპი ფართო საზოგადოებისთვის აქციების შეთავაზებით.

IPO-ს პროცესი მოიცავს კონკრეტულ მოვლენებს: საჯარო შეთავაზების ჯგუფის ფორმირება, რომელიც შედგება ანდერრაიტერებისგან, იურისტების, სერტიფიცირებული საჯარო ბუღალტრებისგან და SEC ექსპერტებისგან. სტარტაპის ინფორმაციის შედგენა, მათ შორის ფინანსური მაჩვენებლები და მოსალოდნელი სამომავლო ოპერაციები. ხდება სტარტაპის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც აყალიბებს მოსაზრებას მისი საჯარო შეთავაზების შესახებ. შემდეგ კი სტარტაპი განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის კონკრეტულ თარიღს.

ინვესტირების მთავარი არსი ეტაპების ცვლის მიუხედავად იგივე რჩება – ინვესტორი დებს თანხას კომპანიაში, მისი აქციების სანაცვლოდ. თუმცა მოთხოვნები ეტაპობრივად კომპანიის პროფილის და მისი რისკებს შესაბამისად იცვლება. ნებისმიერი ინვესტიცია – Seed-დან Series D-მდე – სტარტაპს დასახული მიზნის მიღწევაში ეხმარება. აფინანსებს როგორც პროდუქტის დეველოპმენტის ხარჯებს, ისე ეხმარება უკვე წარმატებულ სტარტაპებს ახალი კომპანიების შეძენაში.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post