როგორ მივიღოთ კარგი და სწრაფი გადაწყვეტილებები
ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურად უამრავი წვრილი თუ მსხვილი გადაწყვეტილების მიღება უწევს. თუმცა, ხშირად ამ პროცესს ყველაზე მეტად ჩვენს ტვინში არსებული დიდი ინფორმაცია აფერხებს. ანალოგიურად, ბევრი თანამშრომლის, მენეჯერისა და ლიდერის გონება სავსეა იმ ვარიანტებისა და არჩევანის ფართო სპექტრით, რომლებსაც ისინი ყოველდღიურ სამუშაო პროცესში აწყდებიან, როგორებიცაა: სტრატეგიის ჩამოყალიბება, ახალი პროდუქტების შემუშავება, გუნდის შეკრება თუ მომავალი კარიერული ნაბიჯის გადაწყვეტა.
სწორედ ამიტომ, მსგავს რუტინაში სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ძალიან რთული ხდება და ხშირად გადაწყვეტილებაზე ფიქრს უფრო დიდი დროის რესურსი მიაქვს, ვიდრე თვითონ მის შესრულებას.
როგორ უნდა მივიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად? საამისოდ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გაგიზიარებთ:
ენდეთ ინტუიციას
ხშირად ისეთ საკითხებზე გვიწევს მუშაობა, რომლებიც ჩვენგან ბევრ დროსა და დაკვირვებას ითხოვენ. თუმცა, დატვირთულ ყოველდღიურობაში დროის სიმცირის ფაქტორი იჩენს თავს. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს? ჩვენს ინსტინქტს უნდა მივენდოთ, ზედმეტი დრო არ დავხარჯოთ და გადაწყვეტილება სწრაფად მივიღოთ.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი ინტუიცია და ინსტინქტი სხვა არაფერია, თუ არა თქვენივე გამოცდილების ანარეკლი. სწორედ ამიტომ, ისწავლეთ მისი ჭკვიანურად გამოყენება.
აიმაღლეთ ცნობიერება
ზოგიერთი გადაწყვეტილება ჩვენგან დიდ ცოდნას, გამოცდილებას და გონებამახვილობას მოითხოვს. ასეთ სიტუაციაში კი გამოსავალი ცნობიერების ამაღლებაა. რაც მეტი იცით, მით უფრო მარტივად გადაჭრით პრობლემას. ამიტომაც ეცადეთ, ხშირად დაესწროთ თემატურ ტრენინგებს და უნარების გაუმჯობესებაზე იზრუნოთ, რის მერეც ბევრად უფრო თამამად შეძლებთ გადაწყვეტილებების მიღებას.
არ მიიღოთ გადაწყვეტილებები გრძნობებზე დაყრდნობით
ეცადეთ, გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაციას შედარებით შორიდან შეხედოთ. ეს დაგეხმარებათ, რაციონალურად გააანალიზოთ მდგომარეობა და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. როდესაც გადაწყვეტილების მიღებისას ემოციებს ჩვენი მართვის საშუალებას ვაძლევთ, შესაძლოა, რეალობა ბოლომდე ვერ დავინახოთ და ბუნდოვანი გონებით გადავწყვიტოთ ესა თუ ის საკითხი.
მოერიდეთ გადაწყვეტილებების შემგროვებლობას
ნუ დააგროვებთ იმ მინი გადაწყვეტილებებს, რომლებიც დიდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს შეგიშლით. ხშირად სწორედ ამ პატარ-პატარა გადაწყვეტილებებით ვირთულებთ საქმეს, რის გამოც სიტუაციის ადეკვატურად აღქმა გვიჭირს ხოლმე. ეცადეთ, დიდ გამოწვევებს შორი მანძილიდან შეხედოთ და პატარა გადაწყვეტილებებით თავი არ დაიბრკოლოთ.
მიუხედავად იმისა, რომ კარგი გადაწყვეტილების მიღება უფრო მეტად ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება, თქვენ მაინც შეგიძლიათ მსგავსი სისტემით იხელმძღვანელოთ, რათა თქვენი გადაწყვეტილების მიღების უნარი დახვეწოთ. ჭკვიანური, ობიექტური, პრაგმატული გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარება არა მხოლოდ თქვენს კარიერას, არამედ თქვენი გუნდისა და ორგანიზაციის წარმატებასაც შეუწყობს ხელს.