მომხმარებლებს TikTok-ზე გატარებული დროის გაკონტროლება შეეძლებათ
TikTok-ის მომხმარებლებს სულ მალე მათ მიერ აპლიკაციაში გატარებული დროის უფრო მეტად გაკონტროლება და ამავდროულად მისი აღრიცხვა შეეძლებათ. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული დანიშნულებების მქონე ორი ახალი ხელსაწყო ხელმისაწვდომი მომდევნო კვირებში გახდება.
ჩვენ გვჯერა, რომ ციფრული გამოცდილება სიხარულის, გართობისა და კავშირების მომტანი უნდა იყოს. ციფრულ მოწყობილობებთან და აპლიკაციებთან დადებითი ურთიერთკავშირი მხოლოდ ეკრანთან გატარებული დროის გაზომვით არ შემოიფარგლება. მასში იგულისხმება ტექნოლოგიის გამოყენების კონტროლი და დარწმუნება იმაში, რომ ინტერნეტსივრცეში გატარებული დრო ჩვენს კეთილდღეობაზე პოზიტიურად აისახება. სწორედ ამიტომ, ვქმნით ინსტრუმენტებს, რათა ჩვენი საზოგადოების წევრების ციფრულ კეთილდღეობას მხარი დავუჭიროთ, – ნათქვამია TikTok-ის განცხადებაში.
პლატფორმის მიერ შემოთავაზებული პირველი ხელსაწყო ადამიანებს საშუალებას მისცემს, გააკონტროლონ, თუ რა რაოდენობის დროს ატარებენ აპლიკაციაში. კერძოდ, ახალი ინსტრუმენტის დახმარებით, მომხმარებლები დააყენებენ შეტყობინებებს, რომლებიც TikTok-ზე გატარებული გარკვეული (10, 20, 30 ან სხვა, მათთვის სასურველი) დროის შემდეგ, მათ შესვენებისკენ მოუწოდებს.
აღსანიშნია, რომ კონკურენტების მსგავსად, TikTok მომხმარებლებს უკვე სთავაზობს დღიური გამოყენების მაქსიმალური დროის დაწესების ფუნქციას. მის ფარგლებში, ადამიანებს შეუძლიათ, რომ 40, 60, 90 ან 120-წუთიანი ლიმიტები დააყენონ.
რაც შეეხება მეორე სიახლეს, ეს არის პლატფორმის მოხმარების დროების აღმრიცხველი დაფა, რომელიც მოიცავს TikTok-ზე დღიურად გატარებული საათებისა და აპლიკაციის გახსნის რაოდენობებს. ასევე, მომხმარებლებს შეეძლებათ, რომ სოციალური ქსელის მოხმარების დრო დღისა და ღამის პერიოდების მიხედვით დაყოფილი სახითაც იხილონ.
ამის გარდა, კომპანია აცხადებს, რომ TikTok-ის 13-იდან 17 წლამდე ასაკის მომხმარებლებს, რომლებიც პლატფორმას ერთი დღის განმავლობაში 100 წუთზე დიდხანს გამოიყენებენ, აპლიკაციის შემდგომ გახსნაზე დროის ლიმიტის ხელსაწყოს არსებობის შესახებ შეახსენებს.