Meta-ის ინჟინერიის მიმართულების ლიდერი თანამდებობას ტოვებს
მთავარი საოპერაციო ოფიცრის, შერილ სენდბერგისა და AI მიმართულების ვიცეპრეზიდენტის, ჯერომ პესენტის Meta-იდან წასვლის შემდეგ, კომპანიაში კიდევ ერთი თანამდებობრივი ცვლილებაა. ამჯერად, The Verge-ის მიერ მოპოვებული შიდა დოკუმენტის მიხედვით, პოსტს ინჟინერიის მთავარი ლიდერი, დევიდ მორტენსონი ტოვებს. არსებული ინფორმაციით, თვის ბოლოს მის თანამდებობას ინჟინერიის მიმართულების ამჟამინდელი ვიცეპრეზიდენტი სანტოშ ჯანარდანი დაიკავებს. აღნიშნული ცვლილება Meta-ის სპიკერმა ჯონ კარვილმა დაადასტურა.
,,წარმოუდგენლად ვამაყობ იმით, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ’’, – ამბობს მორტენსონი წერილში და დასძენს, რომ Meta-მ ,,კომპანიის ისტორიაში (ყოველ შემთხვევაში, გასული ათწლეულის) ყველაზე დიდი სიმძლავრის კრიზისული სიტუაცია გადალახა’’. სავარაუდოდ, ის კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებულ შეზღუდვებს გულისხმობს. ინჟინერიის ლიდერი აღნიშნავს, რომ კომპანიამ ,,შეძლო პროდუქტიულობის შენარჩუნება მაშინ, როდესაც სახლლიდან მუშაობაზე გადავედით’’. მორტენსონის თქმით, მართალია ის თანამდებობას ტოვებს, თუმცა კომპანიიდან სრულად არ მიდის – ის დიდხნიან შვებულებას აიღებს და Meta-ში კვლავ დაბრუნდება.
მორტენსონის თანამდებობა ითვალისწინებს იმ გუნდების ზედამხედველობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან hardware-ის, ქსელის, პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა ცენტრების განვითარებასა და მუშაობაზე. აღსანიშნია, რომ იგი Meta-ში 11 წლის განმავლობაში ინჟინერიის მიმართულებით სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, ხოლო არსებული პოსტი დაახლოებით 2 წლის წინ დაიკავა.