fbpx

როგორ ჩავდოთ ინვესტიცია სტარტაპებში – სემ ალტმანი

ალტმანი

როგორ ჩავდოთ ინვესტიცია სტარტაპებში – სემ ალტმანი

,,უამრავი რჩევა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეთ კარგი სტარტაპდამფუძნებელი. თუმცა, ბევრი არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეთ სტარტაპების კარგ ინვესტორად’’, – ამბობს Y Combinator-ის ყოფილი პრეზიდენტი სემ ალტმანი და გვიყვება იმ საკითხების შესახებ, რომლებიც სწორედ უკანასკნელისთვის არის საჭირო – ,,… სამი რამ უნდა გააკეთოთ: მოიპოვოთ წვდომა კარგ საინვესტიციო შესაძლებლობებზე; სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ იმის შესახებ, თუ რაში ჩადებთ ინვესტიციას და თქვენთვის სასურველი კომპანიები დაარწმუნოთ, რომ ინვესტორად აგირჩიონ. სულ ეს არის’’.

 

წვდომა

როგორც ალტმანი აღნიშნავს, ჩამოთვლილი სამი საკითხიდან ყველაზე მარტივი პირველი მათგანი – საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომის მოპოვებაა. ამისათვის კი მთავარი მონდომებით და ბეჯითად მუშაობაა, რასაც ბევრი ინვესტორი თავს არიდებს – ,,გასაკვირია, რომ ინვესტორების უმეტესობა ბევრს არ შრომობს, მაგრამ ეს ასეა და არის [სხვების] შეცდომა, რომლის სათქვენოდ გამოყენება შეგიძლიათ. კავშირების დამყარებაში დიდი ენერგიის ჩადება მართლაც შედეგიანია’’.

თუმცა, მაინც როგორ უნდა დავამყაროთ შესაბამის ადამიანებთან კავშირი? ამასთან დაკავშირებით, სემი ამბობს, რომ უნდა გავარკვიოთ ის, თუ როგორ დავეხმაროთ ადამიანებს – თქვენს მთავარ სამუშაოდ აქციეთ იმის დადგენა, თუ როგორ დაეხმაროთ იმ პირებს, რომლებიც სამომავლო ინვესტიციების მოძიების ქსელის ნაწილი გახდებიან.

გადაწყვეტილებები

ალტმანის თქმით, კარგ ინვესტორად ჩამოყალიბების ერთ-ერთი გზა იმის პროგნოზირების სწავლაა, თუ ვინ გახდება წარმატებული. თუმცა, როგორ უნდა ამოვიცნოთ ადამიანებში სამომავლო სიდიადე? – ,,[ამის დადგენა] მარტივია, თუ ადამიანებს რამდენჯერმე შეხვდებით. თუ სამი თვის განმავლობაში ვინმეს სამჯერ შეხვდებით და მათ ყოველ ჯერზე შესამჩნევ გაუმჯობესებას შეატყობთ, ყურადღება მიაქციეთ ამას. ხშირად, გაუმჯობესების მაჩვენებელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამჟამინდელი შესაძლებლობები’’.

რაც შეეხება შესაძლებლობებსა და ხასიათის შტრიხებს, რა ტიპის დამფუძნებლები უნდა ვეძიოთ ინვესტირებისას? როგორც ალტმანი აღნიშნავს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ დამფუძნებლები იყვნენ მებრძოლები, ძლიერნი, მისიაზე ორიენტირებულნი, კომპანიით შეპყრობილნი, ჯიუტები, შეუპოვრები, უკიდურესად ჭკვიანები, გაბედულები, სწრაფები, მამაცები, მაღალი რწმენის მქონეები, კომუნიკაბელურები და ამბიციურები.

ალტმანი ამბობს, რომ გარდა დამფუძნებლების უნარ-ჩვევების გაანალიზებისა და სავარაუდო წარმატება-წარუმატებლობის პროგნოზირების უნარის გამომუშავებისა, ბაზრის საკითხითაც უნდა დავინტერესდეთ – ,,დამფუძნებელთან და კომპანიასთან ერთად, უნდა გაინტერესებდეთ ბაზრის ზრდის ტემპი და მისი შესაძლო ზომა. არ ვიცი, რატომ არის ინვესტორების უმეტესობა ასე შეპყრობილი ბაზრის ამჟამინდელი ზომით, ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესდნენ, რამდენად დიდი იქნება ის 10 წელიწადში. თუმცა, ეს თქვენთვის შესაძლებლობაა [მათი შეცდომა სათქვენოდ გამოიყენოთ]’’.

სტარტაპების მახასიათებლებიც რომ განვიხილოთ, ალტმანის თქმით, მის მიერ დაფინანსებულ საუკეთესო კომპანიებს მსგავსი ხელწერა აქვთ – როგორც წესი, მათ აქვთ შემდეგი მახასიათებლების უმეტესობა: დამაჯერებელი დამფუძნებლები; მისია, რომელიც სტარტაპისკენ ნიჭიერ ადამიანებს იზიდავს; იმდენად კარგი პროდუქტი, რომ ადამიანები მეგობრებს მის შესახებ სპონტანურად უყვებიან; სწრაფად მზარდი ბაზარი; ქსელის ეფექტი; სწრაფი ზრდის უნარი და პროდუქტი, რომელიც ფუნდამენტურად ახალია ან უკვე არსებულ ვარიანტებზე 10-ჯერ უკეთესი.

ინვესტორები და სტარტაპის პრეზენტაცია – ქართული სტარტაპების რჩევები

სტარტაპის

,,ინვესტორებს მხოლოდ იმ შემთვევაში მიმართეთ, თუ დაფინანსება ნამდვილად გჭირდებათ’’, – გვეუბნება Kroudi-ს თანადამფუძნებელი ჯოსუა რეხტსტეინერი. დავუშვათ, სტარტაპის გუნდმა დაადგინა, რომ დამატებითი ფინანსები რეალურად სჭირდება, რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში?

დარწმუნება

,,რაც უფრო უკეთესია ინვესტიციის შესაძლებლობა, როგორც წესი, მით უფრო რთულია კომპანიის დარწმუნება იმაში, რომ ინვესტორად აგირჩიონ. ამ შემთხვევაში, გაყიდვების ტრადიციული ტაქტიკა საკმაოდ კარგად მუშაობს – დამფუძნებლებთან ბევრი დრო გაატარეთ; აუხსენით, რისი გაკეთება გსურთ მათ დასახმარებლად; სთხოვეთ დამფუძნებლებს, რომლებთანაც წარსულში მუშაობდით, მათ დაურეკონ და ა.შ.’’, – ამბობს ალტმანი და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, სარგებლის მომტანი, ხელმისაწვდომი და მეგობრული ადამიანის რეპუტაცია გამოვიმუშაოთ – ,,დამფუძნებლებს მეექვსე გრძნობა აქვთ იმის შესახებ, თუ ვინ მოექცევა მათ როგორც თანასწორს და ვინ მოიქცევა როგორც ბოსი… გარიგებების დახურვის ცუდი მაჩვენებლის მოპოვების საუკეთესო გზაა – არ მოეპყროთ დამფუძნებლებს ისე, როგორც თანასწორებს’’.

გარდა მეგობრულობისა, მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ გამბედაობა – ,,…ინვესტორების უმეტესობა ელოდება, რომ ვინმე სხვა იმოქმედებს პირველი. თუ სწრაფად და სხვებზე ადრე მიიღებთ გადაწყვეტილებას, დამფუძნებლები ამას დააფასებენ’’.

გუნდის დახმარება

დავუშვათ, ზემოთ განხილული სამივე კომპონენტი წარმატებით შევასრულეთ და სტარტაპის ინვესტორი გავხდით, ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ცხადია, სხვა საკითხებიც გვეხება, თუმცა, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია მათი დახმარებაა.

დამფუძნებლები უფრო ამბიციურები უნდა გახადოთ და საკუთარი თავის რწმენა გაუჩინოთ. დაეხმარეთ მათ ამბიციური, მაგრამ მიღწევადი მიზნების დასახვაში. ადამიანების უმეტესობა მათთვის მიუწვდომელ მიზნებს ისახავს, რაც შემდგომ მათ დემოტივაციას იწვევს, – ამბობს ალტმანი და აღნიშნავს, რომ უმჯობესია ისეთი მიზნისკენ სწრაფვა, რომელსაც რთულად, მაგრამ მაინც მივაღწევთ.

სემი ამბობს, რომ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დამფუძნებლებისთვის კონკრეტული, ტაქტიკური რჩევების მიცემაა იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიონ ამ მიზნებს. გარდა ამისა, როგორც ინვესტორები, დამფუძნებლებს შეგვიძლია, დავეხმაროთ კავშირების დამყარებაში, თანამშრომლების დაქირავებაში, სხვა ინვესტორების მოძიებაში, სამუშაო ოფისის პოვნასა და სხვა საკითხებში. როგორც ალტმანი აღნიშნავს, ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ უნდა გავაკეთოთ, როდესაც შესაბამის თხოვნას მივიღებთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათი დახმარების შესახებ თხოვნა ბუნდოვანია, ალტმანის თქმით, დამფუძნებლებს უბრალოდ მეგობრის ემოციური მხარდაჭერა სჭირდებათ – ,,მოიწვიეთ ისინი სახლში, მოამზადეთ ჩაი ან დაასხით სასმელი და მოუსმინეთ მათ’’.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post