fbpx

iOS 16 – რა გავიგეთ Apple-ის WWDC-იდან

iOS 16

iOS 16 – რა გავიგეთ Apple-ის WWDC-იდან

Apple-მა მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციას (WWDC) 6 ივნისს უმასპინძლა. ღონისძიებაზე კომპანიამ თავის პროდუქტებთან დაკავშირებით არაერთი სიახლე შემოგვთავაზა. მათ შორის კი იყო ოპერაციული სისტემის განახლება iOS 16, რომლის დებიუტიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ზაფხულში ბეტა ტესტირების გავლის შემდეგ, იქნება. როგორც კომპანიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, იგი ხელმისაწვდომი იქნება iPhone 8 და უფრო ახალ მოდელებზე.

რა ძირითად ფუნქციურ განახლებებს უნდა ველოდოთ?

Lock screen

iOS 16 განახლების ფარგლებში, Lock screen-ის უფრო მეტად პერსონალიზება იქნება შესაძლებელი – მომხმარებლებს ეკრანზე არა მხოლოდ ფონის, არამედ ფერებისა და ფონტების შეცვლაც შეეძლებათ. ასევე, შესაძლებელი იქნება რამდენიმე Lock screen-ის შექმნა და ეკრანზე ხელის გადასმით კონკრეტული მომენტისთვის სასურველი მათგანის არჩევა.

ამის გარდა, განახლდება Apple-ის მიერ შემოთავაზებული ეკრანის ფონები – მათ პრაიდის თემატიკის გამოსახულებები დაემატება; ასევე ხელმისაწვდომი იქნება ფონი, რომელიც ამინდს რეალურ დროში აჩვენებს და დღის განმავლობაში შეიცვლება.

შეტყობინებები

მომხმარებლებს ამიერიდან შეეძლებათ, რომ გაგზავნილი შეტყობინებები ჩაასწორონ, წაშალონ, ასევე აღადგინონ ახლახან წაშლილი შეტყობინებები და უკვე წაკითხული შეტყობინებები წაუკითხავად მონიშნონ, რათა მათ მოგვიანებით მიუბრუნდნენ.

ფოტოები და ვიდეოები

iOS 16-ის ფარგლებში, Apple-მა საერთო მოხმარების iCloud ბიბლიოთეკებიც წარადგინა. მათი მეშვეობით, 6-ამდე მომხმარებელს შეეძლება, რომ ფოტოები და ვიდეოები ერთმანეთს გაუზიაროს. გაზიარებული ბიბლიოთეკის ყველა წევრს ექნება შესაძლებლობა, რომ დაამატოს, წაშალოს, დაარედაქტიროს ან რჩეულად მონიშნოს გაზიარებული მასალა.

ამის გარდა, კომპანიამ ფოტო- და ვიდეომასალასთან დაკავშირებით გაგვაცნო კიდევ ერთი ახალი ფუნქცია, რომლის დახმარებითაც, Photos აპლიკაციაში დამალული ან ახლახან წაშლილი ალბომები მეტად კონფიდენციალური გახდება. კონკრეტულად, აღნიშნული ალბომები ამიერიდან ავტომატურად დაბლოკილი იქნება და მათზე წვდომის მოსაპოვებლად Face ID, Touch ID ან პაროლი იქნება საჭირო. აღსანიშნია, რომ Photos-ის განახლება არ არის ერთადერთი ფუნქცია, რომელიც Apple-მა მომხმარებელთა უსაფრთხოების დასაცავად შექმნა.

რა შეზღუდვები დააწესა Apple-მა რუსეთისთვის

Apple-მა

რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიური კომპანიების საპასუხო რეაქციას Apple-იც შეუერთდა. უკრაინის ხელისუფლებისგან თხოვნის მიღების შემდეგ, Apple-მა რუსეთში ყველა პროდუქტის გაყიდვა შეაჩერა.

Safety Check

Apple-მა ასევე წარადგინა Safety Check, რომლის მთავარი მიზანი ძალადობრივ ურთიერთობებში მყოფი ადამიანების დაცვაა. კერძოდ, აღნიშნული ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სხვა ადამიანებთან გაზიარებულ ინფორმაციაზე წვდომა გააუქმონ.

„ბევრი ადამიანი პარტნიორს პაროლებსა და მოწყობილობებზე წვდომას უზიარებს, თუმცა ძალადობრივ ურთიერთობებში ამან შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას პირად უსაფრთხოებას და მსხვერპლს დახმარების მიღება გაურთულოს… ეს [ფუნქცია] ადამიანებს საშუალებას აძლევს, საკუთარ მონაცემებსა და ადგილმდებარეობაზე წვდომა მოძალადეებს სწრაფად შეუზღუდონ, რაც მათ კავშირის შეწყვეტის საშუალებას აძლევს’’, – აღნიშნა Apple-ის კონფიდენციალურობის ინჟინერიის მენეჯერმა, ქეთი სკინერმა.

Safety Check-ის ფარგლებში მომხმარებლებს შეეძლებათ, გამოიყენონ  Emergency Reset ფუნქცია, რომლითაც დაუყოვნებლივ გააუქმებენ ყველა ადამიანისა და აპლიკაციის წვდომებს მათ ინფორმაციაზე, ერთდროულად მათ iCloud ანგარიშთან სინქრონიზებულ ყველა მოწყობილობაზე.

Face ID

კიდევ ერთი განახლება, რომელიც iOS 16-ის ფარგლებში გახდება ხელმისაწვდომი, Face ID-ის ლანდშაპტის რეჟიმში გამოყენების მხარდაჭერაა. კომპანიის თქმით, მომხმარებლებს iPhone-ების განბლოკვა მალე შეეძლებათ მაშინაც, თუკი მათი მობილური ჰორიზონტალურად იქნება დახრილი. როგორც Apple აცხადებს, ფუნქცია მხოლოდ ზოგიერთ მოდელზე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ის არ აზუსტებს, კონკრეტულად რომლებზე.

ცნობისთვის, iPad-ზე Face ID-ის ჰორიზონტალურ რეჟიმში გამოყენება უკვე შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ფუნქციის iPhone-ზე დამატება ოდნავ დაგვიანებულიც კია.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post