კონგრესის წევრები სოციალურ ქსელებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მიმართავენ
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ოთხმა წევრმა Meta-ს, TikTok-ის, YouTube-ისა და Twitter-ის აღმასრულებელ დირექტორებს წერილები გაუგზავნა და მოუწოდა, რომ არქივში შეენახათ მათ პლატფორმებზე გაზიარებული ნებისმიერი მასალა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებებად შეიძლება იქნეს გამოყენებული.
კაროლინ მალონის, გრეგორი მიქსის, სტივენ ლინჩისა და უილიამ კიტინგის თქმით, სოციალური ქსელებში, მომხმარებელთა დაცვის მიზნით, ძალადობის შემცველი მასალები რეგულარულად იშლება. ისინი შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ მიდგომამ, რომლითაც სოციალური მედიის პლატფორმები შლიან ან ბლოკავენ კონტენტს (მათ შორის, ავტომატიზებული და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების მეშვეობით), შეიძლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებათა უნებლიე, სამუდამო წაშლა გამოიწვიოს.
,,მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი განაახლა, მსოფლიო თვალს ადევნებს, თუ როგორ განურჩევლად ძალადობდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრები უკრაინელ ხალხზე… ხშირად, ამ სასტიკი ქმედებების სურათები და ვიდეოები სოციალური მედიის პლატფორმებზე, მათ შორის, Youtube-ზე [Facebook-ზე, Instagram-ზე, Twitter-სა და TikTok-ზე], ზიარდება. თუ დადასტურდება, რომ აღნიშნული მასალები ავთენტურია, მათ შესაძლოა, აშშ-ის მთავრობა და ადამიანის უფლებათა გამომძიებლები მნიშვნელოვანი მტკიცებულებებით უზრუნველყონ…’’, – ვკითხულობთ კომპანიების აღმასრულებელი დირექტორებისთვის გაგზავნილ წერილებში.
Human Rights Watch-ის (HRW) ანგარიშის თანახმად, გაუგებარია, თუ რა ბედი ეწევა იმ ვიდეოებს, რომლებიც სოციალური ქსელებიდან იშლება. მაგალითად, Facebook ამბობს, რომ წაშლილ მონაცემებს მინიმუმ 90 დღის განმავლობაში ინახავს. თუმცა, კომპანიის განცხადებით, სამართალდამცავების მოთხოვნის შემთხვევაში, მასალებს ზოგჯერ უფრო დიდი პერიოდის განმავლობაშიც ინარჩუნებს.
,,ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ სოციალური მედიის პლატფორმებს, მათ შორის, Youtube-ს [Facebook-ს, Instagram-ს, Twitter-სა და TikTok-ს], არ გააჩნიათ ამ მასალების არქივში შენახვის ადეკვატური პროცედურები იმისთვის, რომ კონტენტი ხელმისაწვდომი გახდეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ომის დანაშაულებსა და სხვა სისასტიკეებში ბრალდებების შესახებ გამოძიებას აწარმოებენ. ამ მასალების სათანადო საარქივო პროცედურებისა და მექანიზმების გარეშე წაშლა ნიშნავს, რომ „ღირებული მტკიცებულება… შეიძლება სამუდამოდ დაიკარგოს“, რაც კიდევ უფრო აფერხებს გამომძიებლების შესაძლებლობას, შეაგროვონ, გამოიკვლიონ და გადაამოწმონ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ომის დანაშაულების მტკიცებულებები’’, – აცხადებენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები.
როგორ პასუხობს Google რუსეთის უკრაინაში შეჭრას
ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, არაერთმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა. აღნიშნულ პროცესში ისეთი დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც ჩაერთნენ, როგორებიცაა Google, Meta, Twitter და SpaceX.
მათი თქმით, რუსული ძალების მიერ უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ეუთო და აშშ-ის მთავრობა მტკიცებულებების შეგროვებას აგრძელებენ. სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად კი, ამ ორგანიზაციებს სოციალურ პლატფორმებში გამოქვეყნებულ მასალებზე წვდომა სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები Meta-ს, Twitter-ს, YouTube-სა და TikTok-ს მოუწოდებენ, რომ პოტენციურად სასარგებლო მასალების (მათ შორის, მეტამონაცემების) არქივში დიდი ხნის განმავლობაში შესანახად საჭირო ზომები მიიღონ. ამის გარდა, ისინი მოითხოვენ, რომ კომპანიებმა შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად კონტენტის კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისი გზებით გაზიარების მეთოდები შეიმუშაონ. ასევე, მომხმარებლებს მისცენ საშუალება, მონიშნონ ისეთი მასალები, რომლებიც, მათი აზრით, ომის დანაშაულის მტკიცებულებებს შეიცავს.
ამ ეტაპზე, Meta-ს, TikTok-ს, YouTube-სა და Twitter-ს თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.