fbpx

როგორ ვაჩუქოთ კრიპტოვალუტა

როგორ გავაჩუქოთ კრიპტოვალუტა

როგორ ვაჩუქოთ კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტა მხოლოდ ტრეიდინგით გატაცებული ადამიანების ინტერესის სფერო აღარ არის. მათზე ინფორმაციას ტექნოლოგიებისკენ ყველაზე ნაკლებად მიდრეკილი პირებიც კი ფლობენ.

აქტივების ამ კლასში ინვესტირების განხორციელების შესახებ მოსაზრებები განსხვავებულია. ბევრი ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ ციფრული ფული (თუნდაც ბიტკოინი) მეინსტრიმული არასდროს გახდება, მისი ღირებულება ხელოვნურადაა გაზრდილი და მკვეთრი ვარდნა გარდაუვალია. სხვები კი უფრო პოზიტიურ თვალსაზრისს იზიარებენ და აცხადებენ, რომ კრიპტოვალუტა ჩვენი მომავალია.

მიუხედავად იმისა, თუ რომელი აზრისკენ იხრებით, კრიპტოვალუტის, როგორც კარგი საჩუქრის კონცეფციას ბოლომდე ვერ უარვყოფთ. კი, შესაძლოა მისი ღირებულება დავარდეს. თუმცა, ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ციფრული ვალუტის რელევანტურობა მზარდია.

ელექტრონული კომერციის კომპანიების დიდი რაოდენობა ციფრულ აქტივებს გადახდის ერთერთ მეთოდად აღიარებს. ანუ, მათი გამოყენება საყიდლებზე და გადასახადების გადასახდელად შეგვიძლია. ამას დავამატოთ რამდენიმე წელიწადში მათი ღირებულების ზრდის შესაძლებლობა და პოტენციურად უნივერსალურ საჩუქარსაც მივიღებთ.

რომელი კრიპტოვალუტა იქნებოდა კარგი საჩუქარი?

ბაზარზე ათასობით კრიპტოვალუტაა ხელმისაწვდომი, რაც რომელიმე ერთერთის არჩევას ართულებს. თუმცა, თუ თქვენ ან საჩუქრის მიმღებს რაიმე სპეციფიკური არ გაქვთ მხედველობაში, ყველაზე გავრცელებული და დამკვიდრებული ციფრული ფულის ვალუტის შერჩევა სჯობს. ეს შეიძლება იყოს თუნდაც Bitcoin, Ethereum ან Ripple.

ბოლო წლებში ბევრი ახალი და იაფი ვალუტაც გამოჩნდა, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია რამდენად მოიპოვებენ ისინი საყოველთაოდ აღიარებული მონეტების ტოლფას პოპულარობის დონეს.

როგორც ინვესტიცია, კრიპტოვალუტა მაღალი რისკის შემცველია და შესყიდვამდე  ვარიანტების კარგად განხილვაა აუცილებელი. შეარჩიეთ მონეტები, რომლებიც ყველაზე მეტად გხიბლავთ და აწონ-დაწონეთ მათი პერსპექტივა. რადგანაც ეს საჩუქარია, გონივრული იქნება მიმღების სავარაუდო სურვილის გათვალისწინებაც.

როგორ ვაჩუქოთ კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტების მზარდი პოპულარობის წყალობით, მათი ყიდვა საკმაოდ მარტივია. ციფრული აქტივების გაჩუქების ორი გავრცელებული გზა არსებობს.

სასაჩუქრე ბარათები

კრიპტოვალუტის სასაჩუქრე ბარათებს არაერთი ვებგვერდი ყიდის. იპოვეთ საიმედო და კარგი შეფასებების მქონე ვებსაიტი, რომელსაც თქვენთვის სასურველი შემოთავაზება აქვს. შემდეგ კი აირჩიეთ რაოდენობა, რომლის ჩუქებაც გსურთ და გადაიხადეთ შესაბამისი თანხა. ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ, მიიღებთ სასაჩუქრე ბარათს იმ ღირებულებით, რაც დეპოზიტზე შეიტანეთ.

სტანდარტული სასაჩუქრე ბარათების მსგავსად, რეციპიენტი საჩუქრის განაღდებას იმავე ვებსაიტზე გადასვლით და ბარათზე მოცემული დეტალების შეყვანით შეძლებს.

კრიპტობირჟები

კიდევ ერთი ვარიანტია კრიპტოვალუტის ბირჟის საშუალებით გაჩუქება. თუ კრიპტოინვესტორი არ ხართ, ჯერ სასურველი ბირჟა უნდა მოძებნოთ, შექმნათ ანგარიში და გადახდის მეთოდი აარჩიოთ.

შეძენილ ციფრულ ვალუტებს კი მარტივად გადაგზავნით საჩუქრის მიმღები პირის საფულის მისამართზე.

კრიპტოვალუტების შენახვა

საჩუქრის შეძენის შემდეგ, მის შესანახად უსაფრთხო ადგილი უნდა იპოვოთ. შესაძლებელია ის იმავე პლატფორმაზე დატოვოთ, რომელზეც შეიძინეთ. თუმცა, მიზანშეწონილია, რომ ოფლაინ გადაიტანოთ, რათა მარტივად ვერ გატეხონ და მოგპარონ.

ქაღალდის საფულეები (Paper Wallets)

კრიპტოვალუტების ოფლაინ შენახვის ყველაზე იაფი მეთოდი ქაღალდის საფულეა. მომხმარებელი დახურულ გასაღებს (private keys) ფურცელზე ბეჭდავს. აღნიშნული დოკუმენტი კი შეიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რაც შეძენილ კრიპტოვალუტაზე წვდომისა და ტრანზაქციის გასამარტივებლადაა საჭირო.

ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ ქაღალდის საფულის გენერატორ ვებსაიტზე, რომელიც გასაღებებს და შესაბამის QR კოდებს შემთხვევითობის პრინციპით ქმნის.

საფულის დაბეჭდვის შემდეგ, ის არ დააზიანოთ და უსაფრთხო ადგილას შეინახეთ, რადგან მასზე დატანილი ინფორმაცია აქტივებზე წვდომის მოპოვების საშუალებაა.

ტექნიკური საფულეები (Hardware Wallets)

შედარებით უფრო უსაფრთხო ოფლაინ მექანიზმი ტექნიკური საფულეა. ეს არის მცირე ზომის, წყალგაუმტარი, ვირუსებისგან დაცული USB მოწყობილობა. იგი დახურული გასაღებების (private keys) უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთერთ საუკეთესო საშუალებადაა აღიარებული.

ამ საფულის ყიდვა საკმაოდ მარტივია. ხოლო შემოთავაზებული ფუნქციების მიხედვით, მისი ფასები განსხვავებულია.

ფიზიკური მონეტები

უფრო მიმზიდველი საჩუქრის გაკეთების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ფიზიკური მონეტების შეძენაც. ისინი შესახედავადაც შთამბეჭდავია და კრიპტოვალუტის შესანახადაც კარგი საშუალებაა. მონეტების ჰოლოგრამის ქვეშ უნიკალურ მისამართი და დახურული გასაღებია (private keys) დაცული.

გარდა ზემოთ აღნიშნული დანიშნულებისა, ისინი საკოლექციო ნივთებიცაა. ანუ, არსებობს შანსი, რომ მათი ღირებულება მომავალში გაიზარდოს.


შენიშვნა: ინვესტირების ნებისმიერი სტრატეგია და ინვესტიციები ზარალის რისკს შეიცავენ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post