LG Nova -მ შერჩეული სტარტაპების სია დაასახელა
კორეული ტექნოლოგიური გიგანტი LG აწარმოებს ყველაფერს, დაწყებული ტელევიზორებიდან, სარეცხი მანქანებითა და მაცივრებით დამთავრებული – ალბათ ძალიან ცოტა დრო დასჭირდება იმ ნივთების ჩამოთვლას, რომელთა წარმოებაშიც ისინი არ მონაწილეობენ. შესაბამისად, არაა გასაკვირი, ეს რომ კომპანია აქტიურადაა დაინტერესებული ინოვაციების მიმართ. სწორედ ამიტომ შექმნა მან LG Nova – ჩრდილოეთ ამერიკის ინოვაციების ცენტრი. სწორედ მისი მეშვეობით, კომპანია ცდილობს, იპოვოს ახალი და საინტერესო გზები სტარტაპებთან მუშაობისთვის.
სულ ცოტა ხნის წინ, ლას-ვეგასში, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე (CES), კომპანიამ გამოაცხადა პირველი სტარტაპები, რომლებიც მოხვდნენ LG Nova-ს შორთლისტში. სტარტაპებს აქვთ რამდენიმე საერთო თვისება, რაც ხაზს უსვამს კომპანიის ფოკუსირებას ზოგიერთ სფეროზე.
ინკუბატორი მიზნად ისახავს, იყოს სტარტაპ ეკოსისტემის ერთგვარი ცენტრი. მას სურს გააერთიანოს მისი ეს მიმართულება LG-ის ძლიერ მხარეებთან და უპირატესობებთან, მათ შორის, ინვესტორების ფართო ლანდშაფტთან, დიდ ტექნოლოგიებთან, აკადემიურ წრეებთან, მეწარმეთა საზოგადოებასთან და კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის არხებთან, სადაც ეს შესაძლებელია.
მიმდინარე პროგრამა, რომელსაც ინკუბატორი ახორციელებს, არის “მომავლის გამოწვევა”, რომელიც ერთგვარად წარმოადგენს ფილტრაციის სისტემას ყველაზე პერსპექტიული მეწარმეებისა და სტარტაპების მოსაძებნად და რომლებსაც შეეძლებათ, იმუშაონ ტექნოლოგიური გიგანტის მეწარმეებთან რეზიდენციაში. LG Nova-ს ცხრათვიანი ყოველწლიური გამოწვევის პროგრამა შექმნილია მსოფლიოში საუკეთესო იდეების, კონცეფციებისა და ბიზნესის მოსაძიებლად, რომლებიც გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს უფრო ჭკვიან და ჯანსაღ მომავალში.
პირველი დიდი თემა ტექნოლოგიური გიგანტისთვის ამ მიმართულებით არის ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი – ჯანდაცვის გაუმჯობესება, რათა მან შეძლოს ადამიანების კეთილდღეობის საჭიროებების დაკმაყოფილება ჯანდაცვის დაწესებულებებსა თუ მათ სახლებში. ინკუბატორმა ამ მიმართულებით გამოაცხადა პირველი ორი შორთლისტში შესული კომპანია: XR Health, რომელიც გთავაზობთ VR მკურნალობის ოთახებს ტელეჯანმრთელობის სერვისებისთვის, და Maya MD – ციფრული AI ჯანმრთელობის ასისტენტი, რომელიც იყენებს LG-ის ტელევიზორებს, რათა წაახალისოს მომხმარებლები აქტიური საუბრით მათი ჯანმრთელობის შესახებ.
მეტავერსია არის მეორე ფართო კატეგორია, რასაც LG Nova განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. აქ ინკუბატორმა შორთლისტში შეიყვანა iQ3, რომელიც ქმნის საწარმოო აპლიკაციებსა და სერვისებს პროდუქტის ტრენინგისთვის მეტავერსისთვის, და I3M, რომელიც ქმნის ჰიპერრეალისტურ ვირტუალურ მოგზაურობისა და ტურიზმის გამოცდილებას.
“მდგრადი გადაადგილება” არის მესამე საყრდენი LG-ის ინოვაციებისთვის, რასაც კომპანია Energizing Mobility-ს უწოდებს. SparkCharge არის საინტერესო კომპანია, რომელიც აწარმოებს ელექტრომობილების დამტენს. ამავდროულად, Driivz აშენებს ოპერაციულ სისტემას ელექტრო მანქანების დატენვის მართვისთვის.
LG Nova-ს ინოვაციების დიაგრამის ბოლო ნაწილი ეხება ჭკვიან ცხოვრების წესს. ამ მიმართულებით მათ აირჩიეს უნივერსალური ჭკვიანი გასაღების ტექნოლოგია, EveryKey, რომელიც არის მცდელობა გამოიყენოს ერთი მოწყობილობა თქვენი მანქანის, ტელეფონისა და კარების გასახსნელად; ხოლო A.kin AI არის კომპანია, რომელიც ვირტუალური ასისტენტის ტექნოლოგიას ამატებს LG-ის აპარატურულ პროდუქტებს.
აღნიშნული სტარტაპები ერთგვარად გვაძლევს შეხედულებას იმაზე, თუ რას ეძებს ინკუბატორი. როგორ ცნობილია, აპლიკაციების მიღების მომდევნო ეტაპი 2022 წლის ბოლოს გაიხსნება.