რა უნდა ვიცოდეთ სოციალური მედიის კონტენტის შესახებ
ტერმინი სოციალური მედიის კონტენტი გულისხმობს ყველა სახის მასალას, რომელიც იქმნება ან განთავსდება სოციალურ მედიაში ინდივიდების ან კომპანიების მიერ. სოციალური მედია კი მოიცავს ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა: Facebook, Instagram, Twitter, Youtube და სხვები. აღნიშნული მედიაარხები განსაკუთრებით საინტერესოა კომპანიებისთვის, რადგან ისინი მომხმარებელთან უფრო უშუალო კომუნიკაციის დამყარების საშუალებას იძლევა, ვიდრე სხვა, კლასიკური მარკეტინგის ფორმები. თუმცა, მაქსიმალური შედეგის მისაღებად, სოციალურ მედიაში განთავსებული ნებისმიერი კონტენტი არ უნდა იყოს წმინდა სარეკლამო ღონისძიება და შესაბამისი სამიზნე ჯგუფისკენ უნდა იყოს მიმართული.
სოციალური მედიის კონტენტი შესაძლოა, იყოს ფეისბუკზე განთავსებული სახალისო ან შემეცნებითი პოსტები, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული თანამშრომლების ფოტოისტორიები, კომპანიის დამფუძნებლის რეგულარული ტვიტები და ა.შ. ამგვარი მასალები კომპანიას უფრო ადამიანურს ხდის და მომხმარებელთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ამასთანავე, ისეთი კონტენტი, როგორიცაა: კონკურსები, ქვიზები და გათამაშებები, ადამიანების ჩართულობას უზრუნველყოფს და ბრენდის მიმართ ლოიალობის ზრდას უწყობს ხელს.
რატომაა სოციალური მედიის კონტენტი მნიშვნელოვანი?
ბოლო ათწლეულის განმავლობაში სოციალური ქსელები მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა – ისინი დღის მნიშვნელოვან პერიოდს სწორედ სოციალურ ქსელებში ატარებენ. ამასთანავე, სოციალური მედიის პლატფორმები ინფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდა და ტრადიციული მედია (ტელევიზია, გაზეთები, რადიო) გარკვეულწილად ჩაანაცვლა კიდეც. აქედან გამომდინარე, სოციალურ მედიაარხებში განთავსებულ მასალებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია კომპანიის კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიაში – მათი საშუალებით მასობრივი წვდომისა და ადამიანების ნდობის მოპოვება შეიძლება. ამის გარდა, სოციალური მედიის კონტენტის საშუალებით მომხმარებლებისგან პირდაპირი უკუკავშირის (კომენტარის ან მოწონების ღილაკის საშუალებით) მიღებაა შესაძლებელი. აღსანიშნია, რომ მომხმარებლებს მასალების გავრცელებაშიც შეაქვთ წვლილი (გაზიარების საშუალებით).
ცხადია, კარგი შედეგების მისაღებად, სოციალურ მედიაარხებში ხარისხიანი, შესაბამისი ჯგუფებისკენ მიმართული და გარკვეული წესების დაცვით შექმნილი კონტენტი უნდა განვათავსოთ და წინასწარ დასახულ სტრატეგიას მივყვეთ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მასალების შინაარსისა და სიდიდის, კომპანიის მიზნებისა და აუდიტორიის ნიშან-თვისებებიდან გამომდინარე, პლატფორმა სწორად შევარჩიოთ.
სტრატეგიის შერჩევა
როგორ უნდა შევარჩიოთ სწორი სტრატეგია Facebook-ის, Instagram-ის, Twitter-ისა თუ Youtube-ისთვის? სამწუხაროდ, ამ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ის, თუ რა სახის კონტენტია კომპანიისთვის შესაფერისი, ყოველთვის იქნება დამოკიდებული მარკეტინგულ მიზანზე და შეთავაზებულ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე. თუმცა, იმისათვის, რომ სტრატეგიის შერჩევა გამარტივდეს, განვიხილოთ რამდენიმე აპრობირებული და კარგად გამოცდილი ფორმატი:
• გზამკვლევები და ინსტრუქციები;
• ტესტები და ექსპერტების მოსაზრებები;
• მოკლე სიახლეები განსაკუთრებული ღონისძიებების შესახებ.
გზამკვლევები და ინსტრუქციები
გზამკვლევები და ე.წ. ტუტორიალები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტიპის კონტენტია სოციალურ მედიაში. მათში შესაძლოა ვიგულისხმოთ, მაგალითად იატაკის ფილების მწარმოებელი კომპანიის მიერ განთავსებული ვიდეო, რომელშიც ფილების სწრაფად და აკურატულად დაგების გზა არის ნაჩვენები. ამგვარი მასალა მომხმარებელს აჩვენებს, რომ მწარმოებელი მხოლოდ გაყიდვით არ არის დაინტერესებული – მას სურს, რომ მყიდველმაც მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს. გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი გზამკვლევი მომხმარებელს რეალურად უნდა ეხმარებოდეს და არ იყოს ე.წ. ტუტორიალის სახით შეფუთული პროდუქციის რეკლამირების საშუალება.
კიდევ ერთი წარმატებული მეთოდი, რომელიც ამ მიმართულებაში გამოიყენება კარგადაა ნაჩვენები ბლენდერის მწარმოებელი კომპანიის Blendtec-ის მიდგომაში. მათ YouTube არხზე განთავსებული ვიდეოების სერიამ სახელწოდებით ,,დაბლენდერდება თუ არა?’’ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია და დიდი წარმატებაც მოიპოვა. მოკლედ რომ აღვწეროთ, კომპანიის დამფუძნებელი თითოეულ ეპიზოდში ამოწმებს შესაძლებელია თუ არა Blendtec-ის ბლენდერით სხვადასხვა ნივთის (აიფონი, მანათობელი ჯოხები, გოლფის ბურთები და ა.შ.) დამსხვრევა. ამგვარი იუმორისტული შინაარსის მქონე კონტენტი განსაკუთრებით პოპულარულია სოციალურ ქსელებში, ამიტომ ამ ვიდეოებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის ცნობადობის გაზრდაში. ამასთანავე, თითოეული ეპიზოდი შეიცავს მკაფიო გზავნილს – Blendtec-ის პროდუქტები ყველაზე მკაცრ პირობებშიც კი წარმატებით ფუნქციონირებს.
ტესტები და ექსპერტების მოსაზრებები
მიმოხილვები, რეკომენდაციები ან ექსპერტების მოსაზრებებიც საკმაოდ ეფექტური საშუალებებია. მაგალითად, თუ რაიმე უახლეს ანგარიშში მკვლევრები წერენ, რომ რეგულარული ვარჯიში არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა კარგი, არამედ სამსახურთან დაკავშირებული სტრესისგანაც ათავისუფლებს, სპორტდარბაზს შეუძლია ეს ინფორმაცია საკუთარ ფეისბუკის გვერდზე განათავსოს. ამ შემთხვევაში ყურადღება კვლევის შედეგზე უნდა იყოს გამახვილებული და არა რეკლამაზე.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მასალა აბსოლუტურად მართებული იყოს, რადგან საზოგადოება მცირე უზუსტობებსაც სწრაფად ამჩნევს და ეს ბრენდის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება.
მოკლე სიახლეები
სოციალური მედიის საშუალებით კომპანიას შეუძლია, რომ მომხმარებლებს პროდუქტებისა თუ მომსახურების შესახებ სიახლეები გაუზიაროს. ეს შესაძლოა იყოს რაიმე განახლებაზე ინფორმაცია ან თუნდაც ახალი პროდუქტის ბაზარზე ჩაშვების შესახებ ანონსი. ამ გზით მომხმარებლები რეგულარულად იტყობენ ინფორმაციას, რაც მათში ერთგვარ მღელვარებასაც იწვევს. აღსანიშნია, რომ ინფორმაციის გაზიარება ადამიანებში მოლოდინის რეჟიმსაც აღვიძებს, ხშირად ისინი პოტენციური სიახლის წინასწარ განჭვრეტასაც ცდილობენ და მას ერთმანეთში განიხილავენ.
მომხმარებლის ჩართულობა
კონტენტის ნებისმიერი ტიპის გამოქვეყნებისას, მომხმარებელთა ინტერაქცია მნიშვნელოვანი ნაწილია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მასალის განთავსებისას ადამიანებს მივმართოთ, თავი მნიშვნელოვნად ვაგრძნობინოთ და პროცესში ჩავრთოთ. ამ მიზნის მიღწევაში დიდ როლს თამაშობს ინტერაქტიური ტიპის კონტენტი. მაგალითად, ფეისბუკზე გამოქვეყნებული მოკლე გამოკითხვა მომხმარებლებს აჩვენებს, რომ მათი აზრი გვაინტერესებს. სხვადასხვა კონკურსის ჩატარება და ქვიზების დამზადებაც საკმაოდ ეფექტური გზებია. უკანასკნელი მათგანის შინაარსის ნაწილი, შესაძლებლობის შემთხვევაში, კომპანიასთან დაკავშირებული უნდა იყოს. ეს ბრენდის შესახებ დამატებითი ცოდნის მიწოდების საშუალებაა, თანაც, შესაძლოა, რომ მომხმარებლებმა ქვიზის შედეგები გააზიარონ, რაც კომპანიის ცნობადობასაც გაზრდის.
ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა კონტენტის შექმნის პროცესში ადამიანების ჩართვაც. თუმცა, ე.წ. მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი ინტერაქციის განსაკუთრებით მაღალ ხარისხს მოითხოვს. აქ შესაძლოა ვიგულისხმოთ თუნდაც ახალი პროდუქტის სახელის მოფიქრების ან სამომავლოდ შესაქმნელი პროდუქციის იდეების კონკურსი. ამ გზით მომხმარებლები კომპანიასთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას შეძლებენ, ბრენდის იმიჯი გაუმჯობესდება, ხოლო ცნობადობა – გაიზრდება.