ვინ არის Meta-ის ახალი მთავარი საოპერაციო ოფიცერი?
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Meta-ის ახალი მთავარი საოპერაციო ოფიცერი (COO) ხავიერ ოლივანი იქნება. ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ შერილ სენდბერგის გადადგომის განცხადებას მოჰყვა, რომელიც ამ თანამდებობას 14 წელი იკავებდა.
“მინდა მადლობა გადავუხადო შერილს ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა მეტასთვის და იმ მილიარდობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც ჩვენს პროდუქტებს იყენებენ”, – განაცხადა ოლივანმა.
ზაკერბერგის შემდეგ, სენდბერგი მეტას მეორე ხელმძღვანელი იყო. ის პასუხისმგებელი იყო Facebook-ისა და მისი პროდუქტების გაუმჯობესებაზე, მათ შორის Instagram-ზე, Messenger-სა და WhatsApp-ზე.
სენდბერგი კომპანიის დატოვებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე აპირებს, რათა მის ფონდსა და საქველმოქმედო საქმიანობაზე ფოკუსირდეს. თუმცა, ის მეტას დირექტორთა საბჭოს წევრად მაინც დარჩება.
ოლივანის ადრეული ცხოვრება
ოლივანი ელექტრო და სამრეწველო ინჟინერიას ნავარას სწავლობდა უნივერსიტეტში და წარმოშობით ესპანეთის პირენეის მთიანეთიდანაა. ის გადავიდა შეერთებულ შტატებში, რათა MBA მიიღო სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში.
Facebook-ში მუშაობის დაწყებამდე ის უამრავ ორგანიზაციაში საქმიანობდა, მათ შორის Siemens-ში, NTT Data-ში და ა.შ. ის იყო ფეისბუქის ადრეული მომხმარებელი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა 2005 წელს სტენფორდში ჩავიდა და საიტს ანგარიშის გასახსნელად კოლეჯის ელექტრონული ფოსტის მისამართი გამოიყენა.
ოლივანი იმ დროს Facebook-ის ესპანური ვერსიის შექმნას გეგმავდა, მაგრამ როდესაც ზაკერბერგმა ამის შესახებ შეიტყო, სასწრაფოდ შეეხმიანა მას და 2007 წელს კომპანიაში სამუშაოდ მიიწვია.
კარიერა Facebook-ში
ის ფეისბუკს 2007 წელს შეუერთდა, სანამ შერილ სენდბერგი ოფიციალური დირექტორი გახდებოდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროს კორპორაციას მხოლოდ 40 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, უმეტესობა კი – შეერთებული შტატებიდან. ოლივანს Facebook-ის მომხმარებელთა ბაზის გაფართოება სურდა.
2013 წელს ოლივანი მუშაობდა Internet.org-ზე, პროექტზე, რომელიც შეიქმნა Facebook-ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ განვითარებადი ქვეყნების ადამიანების ინტერნეტსერვისებთან დასაკავშირებლად.
2015 წლისთვის Internet.org-მა დააკავშირა 7 მილიონი ადამიანი და უზრუნველყო უფასო ინტერნეტი 500 მილიონზე მეტი ადამიანისთვის.
ოლივანის წინა წოდება იყო ზრდის მთავარი ოფიცერი, რომელიც მას COO-ის პოზიციაზე დაწინაურებამდე ეკავა. მეტი ავტორიტეტი მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, სწორედ ამიტომ, საინტერესო იქნება იმაზე დაკვირვება, თუ როგორ განვითარდება მეტა მისი ხელმძღვანელობით.