Microsoft Defender – რა დანიშნულება აქვს მაიკროსოფტის ახალ აპლიკაციას?
მაიკროსოფტმა გამოუშვა ახალი აპლიკაცია სახელწოდებით Microsoft Defender, რომლის მთავარი დანიშნულებაც ინდივიდების კიბერუსაფრთხოების დაცვაა. Windows-ის, macOS-ის, iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აპლიკაცია მოიცავს ინსტრუმენტთა ცენტრალიზებულ პანელს, რომელიც პირებს რამდენიმე კომპიუტერსა და სმარტფონში უსაფრთხოების სტატუსის ერთდროულად გაკონტროლების საშუალებას მისცემს.
კომპანიის განცხადებით, Microsoft Defender ხელმისაწვდომია Microsoft 365 Personal-ისა და Family-ის აბონენტებისთვის. ხოლო მისი ფუნქციები საოპერაციო სისტემების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, Android-ზე ხელმისაწვდომია ვებდაცვა (თუნდაც, ფიშინგისგან) და მავნე პროგრამებისგან დაცვა; iOS-ს ანტივირუსული დაცვა არა, თუმცა ვებდაცვა აქვს; MacOS-ზე მავნე პროგრამებისგან დაცვა არის ხელმისაწვდომი; ხოლო Windows-ზე ორივე მათგანს Windows Security უზრუნველყოფს და აპლიკაციას ხელსაწყოთა პანელის დანიშნულება აქვს.
გარდა ანტივირუსული და ვებდაცვისა Microsoft Defender მომხმარებლებს სთავაზობს მუდმივ სკანირებას საფრთხის აღმოსაჩენად; აძლევს საშუალებას, ზოგიერთი აპლიკაცია და ფაილი სანდოდ მონიშნონ და გააკონტროლონ, რა დასკანერდება; უსაფრთხოების სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით რეალურ დროში გაფრთხილებებს და რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან თავიანთი მონაცემები და მოწყობილობები. ამასთანავე, მაიკროსოფტი მომავალში მეტი ფუნქციის დამატებასაც გვპირდება:
,,ეს მხოლოდ დასაწყისია. სამომავლოდ ერთ პანელში გავაერთიანებთ უფრო მეტ ფუნქციას, მათ შორის, ისეთებს, როგორიცაა იდენტობის მოპარვისგან დაცვა და უსაფრთხო ონლაინკავშირი’’, – აცხადებს მაიკროსოფტის კორპორაციული ვიცეპრეზიდენტი ვასუ ჯაკალი.