როგორ ავუმაღლოთ გუნდის წევრებს მოტივაცია?
სტარტაპის შექმნა და მისი განვითარება ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა, რადგან ეს პროცესი ერთგვარ მარათონს გავს. ასეთ დროს კი გუნდის მოტივაცია სრულად განსაზღვრავს, მიაღწევთ თუ არა სასურველ ფინიშს ხაზს. სწორედ ამიტომ, სტარტაპის შენების დროს, გუნდის მოტივაცია დასახული მიზნების მისაღწევად ლიდერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ლიდერმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ გუნდის მოტივაცია თანდაყოლილი საჩუქარი ან მაგია არაა, არამედ ლიდერის ყოველდღიური მართვის ამოცანა. როგორც ნებისმიერ სხვა ამოცანაში, აქაც გადამწყვეტ როლს თამაშობს სისტემატური მუშაობა, პროცესის თანმიმდევრულობა და კომპეტენტური ორგანიზება.
გუნდის წევრების მოტივაცია
გუნდის მოტივირების ყველა შესაძლო გზა იყოფა ორ კატეგორიად — მატერიალური და არამატერიალური. ფინანსური ბონუსები, ღონისძიებები და სერთიფიკატები, პროცენტი გაყიდვებიდან, სოციალური პაკეტი და კორპორატიული ფიტნესი – ეს ყველაფერი მატერიალური მოტივაციის გზებია. ბევრი ორგანიზაცია დღემდე მიიჩნევს მას მთავარ და ყველაზე ეფექტურ მოტივატორად. მაგრამ უფრო და უფრო მეტი მკვლევარი და HR ექსპერტი თვლის, რომ ადამიანის გადაწყვეტილება, იმუშაოს სადმე, რეალურად, შინაგანი მოტივაციიდან მოდის და მატერიალური მოტივატორები უფრო მეტად მხოლოდ ბონუსის როლს თამაშობენ.
ბრიტანული რეკრუტირების კომპანია HAYS-ის 2020 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ როდესაც სპეციალისტი იღებს გადაწყვეტილებას სამსახურიდან წასვლის შესახებ, ხელფასის გაზრდა მისთვის მნიშვნელოვან როლს აღარ თამაშობს. სწორედ ამიტომ, ქვემოთ განვიხილავთ არამატერიალურ გზებს, რომლებიც შინაგანი მოტივაციის ამაღლებაზე მუშაობენ; გარდა ამისა, ისინი უფრო მეტად არიან სტარტაპებისთვის რელევანტური, სადაც გუნდი მცირეა და რესურსები არც ისე დიდია.
სწავლა და განვითარება
თვითგანვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ს აქვროგორც Y თაობისთვის (მათ, ვინც დაიბადნენ 1984–1998 წლებში), ისე თაობა Z-ისთვისაც (1998 — დღემდე). სტარტაპში მუშაობა, განსაკუთრებით საწყის ეტაპებზე, იძლევა დიდ გამოცდილებას და ცოდნას, მაგრამ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, პერსონალს სწავლის მეტი შესაძლებლობა მისცეთ. მაგალითად, მიეცით გუნდს შანსი, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა კონფერენციასა და სემინარში, გააკეთოთ ბარტერი პარტნიორთან და უფასო სწავლება შესთავაზოთ რომელიმე პროგრამაში თქვენს გუნდს და ა.შ
კარიერული ზრდა
სტარტაპში, კარიერული ზრდის გზას წლები არ უნდა დასჭირდეს: თუ თქვენი გუნდი ეფექტურად მუშაობს, მათი შექება და ახალ-ახალი ამოცანების მიცემა ახლაც შეგიძლიათ. ამბიციური და მოტივირებული ადამიანებისთვის კარიერის სწრაფი ზრდა მნიშვნელოვანია.
მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
როდესაც პერსონალი გრძნობს მათ გავლენას მთელი კომპანიის მიღწევასა და განვითარებაზე, მაშინ სტარტაპის ზრდა მათივე პირადი მიზანი ხდება. ასევე, იქმნება დამატებითი მოტივაცია, გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელი და შეუძლებელია. ასე რომ, დარწმუნდით, რომ თქვენს თანამშრომლებს ნამდვილად ეკითხებით აზრს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში რთავთ.
ატმოსფეროს შექმნა
ბევრი თანამშრომლისთვის სტარტაპების ატმოსფერო თითქმის მთავარი მოტივაციაა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კომპანია ჯერ კიდევ არ არის სერიოზული ორგანიზაცია, თქვენ მაინც შეგიძლიათ, შექმნათ საოცნებო სამუშაო თქვენი თანამშრომლებისთვის.
პატიოსნება და პატივისცემა
ეს არის გუნდთან მუშაობის ქვაკუთხედი და მათ გარეშე სტარტაპებში კარგი შედეგი არ დგება: კარგი პროდუქტები არ იქმნება ტოქსიკურ ატმოსფეროში. პატივისცემამ, თქვენი დაპირებების გაცნობიერებამ, თანამშრომლების საჭიროებებზე გულწრფელმა ზრუნვამ შეიძლება, მრავალი რამ სასიკეთოდ შეცვალოს გუნდში.
უკავშირი
კონსტრუქციული, სამართლიანი და დროული გამოხმაურება არის ძლიერი ინსტრუმენტი თანამშრომლების მოტივაციისა და ტრენინგისთვის. რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, ამ ხელსაწყოსთვის დრო უნდა გამონახოთ. აუცილებლად წაიკითხეთ სპეციალური ლიტერატურა, რადგან თანამშრომლების მუშაობის სწორად შეფასება მთელი ხელოვნებაა.