რას ნიშნავს სინამდვილეში MVP – ჰაი კემპსი
,,MVP [მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი] აბსოლუტურად არასწორი ტერმინია – კარგი MVP არ არის სიცოცხლისუნარიანი და ის არც პროდუქტია. ამასთანავე, დიდი შანსია, რომ ის არც ისე მინიმალური იყოს, როგორიც გსურთ. უკეთესი ტერმინის შემოთავაზება არ მაქვს, უბრალოდ MVP არ აღიქვათ პროდუქტად, სიცოცხლისუნარიანად ან აუცილებლად მცირე, მარტივ რაიმედ. პირიქით, ზოგიერთი MVP კომპლექსურია. თუმცაღა, მისი მთავარი იდეა არის კითხვაზე პასუხის მისაღებად რაც შეიძლება ნაკლები რესურსის დახარჯვა’’, – წერს ჰაი იენ კემპსი და აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა პროდუქტის შექმნამდე იმის გარკვევა, თუ რამდენად მზად არიან ადამიანები მასში გარკვეული თანხის გადასახდელად.
,,როგორც სტარტაპს, თქვენ გაქვთ ჰიპოთეზა. MVP კი ამ ჰიპოთეზის დადასტურებისთვის ან უარყოფისთვის საჭირო ყველაზე მცირე რაოდენობის სამუშაოა. ამის მაგალითად, ერიკ რისი (წიგნის The Lean Startup ავტორი) Dropbox-ის MVP-ს იყენებს. ის ფუნქციებით სავსე სრულფასოვანი პროდუქტი არ ყოფილა; არც ისეთი პროდუქტი, რომელსაც ბევრი მახასიათებელი აკლდა. Dropbox-ის MVP იყო ვიდეო, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორ იმუშავებდა პროდუქტი. ამ ვიდეოზე მიღებული რეაქცია კი იყო დასტური, რომელიც კომპანიას სჭირდებოდა’’, – წერს კემპსი და ამბობს, რომ კარგი MVP-ის ჩამოყალიბება ჩარჩოებს მიღმა ფიქრს საჭიროებს – ,,რამდენად მცირე რაოდენობის კოდის დაწერა შეგიძლიათ? შესაძლებელია თავის დაძვრენა დიზაინის გარეშე? თუ ბრენდთან დაკავშირებული რისკები გაწუხებთ, შეგიძლიათ ყალბი ბრენდის შექმნა და პასუხების ასე მიღება?’’.
კემპსის თქმით, მთავარი ხრიკი ჰიპოთეზაზე გულდასმით ფიქრია და კარგი MVP-ის შექმნის პროცესი შესაბამისი კითხვების დასმით იწყება. სავარაუდო შეკითხვების მაგალითებს კი თავადვე გვიზიარებს:
შეგვიძლია ხელით შესასრულებელი ბუღალტრული აღრიცხვის სამუშაოებისთვის საჭირო დრო 4 საათიდან 3 წუთამდე დავიყვანოთ? ეს ტექნოლოგიური MVP-ია და გარკვეული კოდის დაწერა იქნება საჭირო იმისთვის, რომ დაადგინოთ, რამდენად კარგად შეგიძლიათ მანუალური ამოცანების ავტომატიზება.
შეგვიძლია ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც მზადაა, რომ ამ ამოცანის ავტომატიზებაში თანხა გადაიხადოს? ზოგიერთ შემთხვევაში, ამ კითხვაზე პასუხი იქნება ,,არა’’. რატომ? დიახ, ამ პროდუქტით უმცროსი ბუღალტრის დროის დაზოგვას შეძლებთ, მაგრამ ზოგიერთ ინდუსტრიაში მაღალი თანამდებობის მქონე პირები სრულიად არ არიან დაინტერესებულნი იმით, თუ რა დროს ხარჯავენ შედარებით დაბალ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლები მანუალური დავალებების შესრულებაზე. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა დაადგინოთ, შეგიძლიათ თუ არა, იპოვოთ 20-30 მომხმარებელი, რომელიც ამ პროდუქტს იყიდის. თანაც გახსოვდეთ, რომ ადამიანი, რომელიც ამბობს – ,,რა კარგი იდეაა’’ განსხვავდება იმ პირისგან, რომელიც ამ იდეაში თანხას გადაიხდის.
დააკოპირებს ინდუსტრიის ლიდერი ჩვენს პროდუქტს და გაგვანადგურებს ამით? თუ თქვენს სფეროში რამდენიმე ლიდერი კომპანია უკვე არსებობს, მცირე კვლევა ჩაატარეთ და ნახეთ, თუ როგორ რეაგირებდნენ ისინი სხვა სტარტაპების გამოჩენაზე. თუ კომპანიები სტარტაპების შესყიდვისკენ არიან მიდრეკილნი, ეს კარგია; ხოლო თუ ლიდერები სტარტაპების წარდგენილ მახასიათებლებსა და ინოვაციებს აკოპირებენ, ამ გზით კი მათ ანადგურებენ, ეს არც ისე კარგია. მეორე შემთხვევაში, პატენტებში მეტი ინვესტიცია განახორციელეთ და ფული იურიდიული მომსახურებისთვის დაზოგეთ.
რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფუნქცია ჩვენი მომხმარებლისთვის? შესაძლოა, მომხმარებლების გარკვეული ნაწილი რაიმე კონკრეტულ ფუნქციას მოითხოვდეს. თუმცა, ალბათ არ იქნებით პირველი კომპანია, რომელიც მოთხოვნის საფუძველზე შექმნის ფუნქციას და საბოლოოდ, პასუხად კოლექტიურ გულგრილობას მიიღებს. ეს ადამიანები მომხმარებელთა მთელი ბაზის სახელით არ საუბრობენ, ამიტომ წინდახედულად იმოქმედეთ – თუ ფუნქცია კომპანიის საერთო ბიზნესმიზნებისთვის რაიმე მნიშვნელოვანი დანამატი არ არის, მას პრიორიტეტს ნუ მიანიჭებთ. MVP-ის შექმნის ერთ-ერთი გზა ვებსაიტის ინტერფეისში შესაბამისი ღილაკის დამატება და შემდეგ იმაზე თვალყურის დევნებაა, თუ რამდენი ადამიანი დააწკაპებს მასზე. ცხადია, ღილაკი მათ გადაიყვანს გვერდზე, რომელსაც ეწერება ,,მალე ხელმისაწვდომი იქნება’’. დიახ, ეს მომხმარებლებს გააღიზიანებს, თუმცა მსგავსი ღილაკის დამატება ბევრად ,,იაფია’’, ვიდრე ისეთი ფუნქციის განვითარების სრულ ციკლზე დროის დახარჯვა, რომელსაც თითქმის არავინ გამოიყენებს.