500 Georgia-ს საუკეთესო პრეზენტაციები
მსოფლიოში უმსხვილესი პრე-აქსელერატორი რომ უკვე საქართველოშია, ამაზე ჩვენი წინა სტატიებიდან შეიტყობდით. მოთხოვნის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, რეგისტრაცია 5 სექტემბრის ნაცვლად, 9 სექტემბრამდე გადაიდო. რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია კი შეგიძლიათ, ამ სტატიაში იპოვოთ.
როგორც იცით, ყოველი აქსელერაციის დასრულების შემდეგ, იმართება დემო დღე, სადაც ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპები ინვესტორების და საზოგადოების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპების 3 წუთიანი პრეზენტაციით, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაზარდონ ცნობადობა და შანსები დამატებითი დაფინანსების მოსაპოვებლად.
ჩვენ არაერთ სტატიაში გიამბეთ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი pitch deck-ი. ასევე, გიამბეთ pitch deck-ის სახეების შესახებაც. ამ სტატიაში კი გვსურს, გაგიზიაროთ ჩვენი აზრი, 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპებში საუკეთესო პრეზენტაციების შესახებ. ეს პრეზენტაციები mvp-ის გუნდმა შემდეგი კრიტერიუმებით შევაფასეთ:
• ლაკონიურობა – რაც შეიძლება მოკლედ და მარტივი წინადადებებით გადმოსცემს სათქმელს;
• სიცხადე – მაქსიმალურად ზუსტად გადმოსცემს ინფორმაციას და არ ტოვებს ინტერპრეტირების საშუალებას მსმენელისთვის;
• Pitch deck-ის სტრუქტურა – დაცულია სლაიდებს შორის ლოგიკური თანმიმდევრობა;
• ვიზუალი – ცხადად და მკვეთრად გადმოცემულია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები;
• პრეზენტაციის უნარი – ცხადად და გასაგებად გადმოსცემს სათქმელს, სწორად ანაწილებს აქცენტებს მთავარ საკითხებზე. გამომსვლელი თავდაჯერებულია.
Mvp-ის გუნდი ერთხმად შეჯერდა, რომ საუკეთესო პრეზენტაცია Cardeal-ს ჰქონდა. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებისა, ლაშა ანთაძემ თავისი პრეზენტაცია დაიწყო ისტორიის მოყოლით, რითაც დამსწრე საზოგადოებას გაუმარტივა პრობლემის რეალურობის აღქმა და ყოფით ცხოვრებაშიც ხაზი გაუსვა პრობლემის სიმწვავეს. შემდეგ კი ეს ისტორია რიცხვებით გაამყარა (Total Available Market). ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ გამოკვეთილად გადმოსცა მან სათქმელი – ისაუბრა ნელა და ლაკონიურად.
შემდეგი 2 საუკეთესო პრეზენტაცია ვფიქრობთ, Payze-ს და Cargon-ს ჰქონდათ. Cardeal-ისგან განსხვავებით, კარგონმა ბევრად მეტი ყურადღება გაამახვილა რიცხვებზე. პრობლემის იდენტიფიცირებისას ახსენა, თუ რამდენად არაეფექტურია ტრადიციული ლოჯისტიკური ბიზნესი და რამდენად ზრდის ეს არაეფექტურობა ხარჯებს. ასევე, დეტალურად ისაუბრა ბაზრის ზომაზე და რაც მთავარია, ყურადღება გაამახვილა Traction-ზე – იმაზე, რაც იმ დროისთვის სტარტაპს უკვე გაკეთებული ჰქონდა.
ანალოგიურად, Payze-მაც გაამახვილა ყურადღება არამარტო იმაზე, თუ რა შედეგებზე იყვნენ იმ დროისთვის გასულები, არამედ იმაზეც, თუ რა საპროგნოზო შედეგებზე გავიდოდნენ უახლოეს მომავალში.
მიზეზი, თუ რატომაც ვერ მოხვდა ეს 2 სტარტაპი ჩვენი სიის სათავეში, არის ის რომ, მათ პრეზენტაციებში არ იყო საუბარი კონკურენტებსა და კონკურენტულ უპირატესობებზე. თუმცა, ორივე სტარტაპმა აღნიშნა, რომ მათი ბიზნესი კონკრეტულ რეგიონზე იყო გათვლილი – CIS.
ბოლოს კი საუკეთესო პრეზენტაციებში გამოვყოფდით Nextsales-ს. აქაც კარგად იყო დაცული pitch deck-ის სტრუქტურა, კონკურენტებზე და კონკურენტულ უპირატესობაზე აქაც ნაკლებად იყო ყურადღება გამახვილებული. თუმცა, Სხვა სტარტაპების გამოსვლასთან შედარებით, იმის შესაფასებლად, თუ რა შედეგებს მიაღწია სტარტაპმა, დამფუძნებელმა ყურადღება გაამახვილა MRR – Monthly Recurring Revenue- ზე, როდესაც სხვა სტარტაპები ფოკუსირდებოდნენ Monthly Growth rate მაჩვენებელზე.
დამატებით სტარტაპ მეტრიკების შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენი სტატიიდან.
სტარტაპერის ცხოვრებაში უდიდეს ნაწილს იკავებს კომუნიკაცია – ინვესტორებთან, მომხმარებლებთან, პარტნიორებთან. კომუნიკაციის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი კი Pitch deck-ია – სტარტაპის პრეზენტაცია, მისი არსებული მდგომარეობის და სამომავლო გეგმების შესახებ.
სხვა ყველა დეტალთან ერთად, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ სტარტაპს შეეძლოს პრობლემის ზუსტი იდენტიფიცირება – ის კონკრეტული რამ, რასაც აგვარებს. ყოველთვის ერთი რაღაც არის მთავარი პრობლემა, ხოლო სხვა ყველაფერი – გვერდითი მოვლენაა. ასევე, აუცილებელია ერთი წინადადებით შეეძლოს დამფუძნებელს სტარტაპის აღწერა – ე.წ Unique Selling Proposition-ის წარმოთქმა. სტარტაპის მიერ Პრობლემის გადაწყვეტაც ერთი მთავარი ინგრედიენტისგან შედგება, სხვა ყველაფერი კი უბრალოდ შემავსებელია.
სწორედ პრობლემის იდენტიფიცირება და პრობლემის გადაწყვეტა – ეს 2 უმნიშვნელოვანესი სათქმელი აქვს სტარტაპს Pitch deck-ში. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია კონკურენტული უპირატესობის, მასშტაბის და სხვა დეტალების წარმოჩენაც თუმცა, თუ პრობლემა და მისი გადაწყვეტა ცხადად არ დაფიქსირდა პირველ 3-4 წინადადებაში, მაშინ დიდი ალბათობით, ინვესტორს ვეღარ მიჰყიდი შენი პრეზენტაციით სტარტაპს.
როგორც ხვდებით, კარგად ჩატარებული პრეზენტაცია ნამდვილად არის წარმატების საწინდარი. ზემოთ ჩამოთვლილ სტარტაპებზე ჩვენი სტატიებიდან ბევრი გსმენიათ და სამომავლოდაც კიდევ ბევრს გაიგებთ. მათი ღირებულება ყოველდღიურად იზრდება და უკვე რამდენიმე ათეულ მილიონზე მეტია.
იმისათვის, რომ შენც შეძლო მსგავსი სიმაღლეების დაპყრობა, დაიწყე სტარტაპი. ან თუ უკვე დაწყებული გაქვს, დარეგისტრირდი 9 სექტემბრამდე 500 Georgia-ზე და გაიარე აქსელერაცია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პრე-აქსელერატორში.
შეგახსენებთ, რომ 500 Georgia საქართველოში 4 წლის განმავლობაში ჩატარდება და ამ პროგრამის მხარდამჭერები საქართველოს ბანკი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა.