Twitter-თან დაკავშირებული გეგმები – ილონ მასკის პრეზენტაცია
ბოლო პერიოდში ახალი სოციალური ქსელის საჭიროების საკითხის განხილვისა და Twitter-ის ამჟამინდელ ფორმაზე უარყოფითი დამოკიდებულებების გასაჯაროების შემდეგ, 25 აპრილს ილონ მასკმა Twitter Inc-ის (TWTR.N) შესყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა და პლატფორმა $44 მილიარდად შეიძინა.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამბიციურობით ნამდვილად გამოირჩევა და ეს არცაა გასაკვირი – შეიძლება ითქვას, რომ მან საკუთარი კომპანიებით ორი ინდუსტრია გარდაქმნა. ამჯერად კი, მისი ყურადღების ნაწილი Tesla-დან და SpaceX-იდან Twitter-ისკენ მიემართა. სულ ახლახან ილონ მასკმა ინვესტორებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელშიც სოციალურ ქსელთან დაკავშირებული მისი გრანდიოზული (ზოგიც, ძნელად დასაჯერებელი) გეგმები იყო ასახული.
New York Time-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, მასკის მთავარი გეგმები შემოსავლის, ასევე მომხმარებელთა და დასაქმებულთა რაოდენობების გაზრდას უკავშირდება.
შემოსავლის 5-ჯერ გაზრდა
მასკმა თავის პრეზენტაციაში აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის Twitter-ის წლიურ შემოსავალს 5-ჯერ, $26,4 მილიარდამდე გაზრდის. ცნობისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელს $5 მილიარდს შეადგენდა.
რეკლამებზე დამოკიდებულების შემცირება
დოკუმენტის თანახმად, Twitter-ის მიერ რეკლამირებიდან მიღებული ფინანსები მთლიანი შემოსავლის 45%-ამდე შემცირდება. აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წელს დაახლოებით 90%-ს შეადგენდა. მასკის ხედვით, 2028 წელს, რეკლამირება $12 მილიარდის, ხოლო გამოწერები $10 მილიარდის შემოსავალს გამოიმუშავებს. ამის გარდა, კომპანიას დამატებითი შემოსავალი ექნება ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა მონაცემთა ლიცენზირება.
შემოსავლის გადახდების ბიზნესიდან გამომუშავება
პრეზენტაციის მიხედვით, გადახდების ბიზნესიდან Twitter 2023 წელს $15 მილიონს გამოიმუშავებს, რაც 2028 წლისთვის დაახლოებით $1,3 მილიარდამდე გაიზრდება. ამ საკითხთან დაკავშირებით გაჩნდა ვარაუდი, რომ მასკმა Twitter-ზე შეიძლება გადახდის შესაძლებლობები დანერგოს. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ მან ციფრული გადახდის სერვისის, PayPal-ის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.
ერთ მომხმარებელზე საშუალო შემოსავლის გაზრდა
მასკი ვარაუდობს, რომ Twitter-ის საშუალო შემოსავალს ერთ მომხმარებელზე [რაც სოციალური მედიის შემთხვევაში ძირითადი მეტრიკაა] 2028 წლისთვის $30.22-ამდე გაზრდის. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელს გასულ წელს $24.83-ს შეადგენდა.
მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა
მასკის მოლოდინით, Twitter-ის მომხმარებელთა საერთო რაოდენობა 2025 წლისთვის 600 მილიონამდე, ხოლო 2028 წლისთვის 931 მილიონამდე გაიზრდება. ცნობისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ბოლოს 217 მილიონს უტოლდებოდა. ამის გარდა, პრეზენტაციის თანახმად, Twitter Blue-ს [რაშიც მომხმარებლები ყოველთვიურად $3-ს იხდიან] 2025 წლისთვის 69 მილიონი, ხოლო 2028 წლისთვის 159 მილიონი მომხმარებელი ეყოლება.
პროდუქტის, სახელწოდებით ,,X’’, გამომწერები
ილონ მასკის პრეზენტაციაში შედიოდა ახალი პროდუქტის, სახელწოდებით ,,X’’, გამომწერების რაოდენობასთან დაკავშირებული შეფასებაც. დოკუმენტის თანახმად, 2028 წელს ,,X’’-ს 104 მილიონი გამომწერი ეყოლება. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა პროდუქტზეა საუბარი, თუმცა, დოკუმენტის თანახმად, ის 2023 წელს გამოვა და მისი მომხმარებელთა რაოდენობა პირველსავე წელს 9 მილიონს გაუტოლდება.
თანამშრომლების რაოდენობის შემცირება და შემდეგ გაზრდა
პრეზენტაციის მიხედვით, 2025 წლისთვის კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა დღევანდელ 7,500-სთან შედარებით მკვეთრად გაიზრდება და 11,072-ს გაუტოლდება. ილონ მასკის მოლოდინით, Twitter-ში დასაქმებულთა რაოდენობა მერყევი იქნება – 2022 წელს ის 9,225 თანამშრომლამდე გაიზრდება, 2023 წელს 8,332-ამდე შემცირდება და შემდეგ კვლავ გაიზრდება.