ჩარჩო საიმისოდ, თუ რა უნდა აკეთო – ერონ ჰარისი
ერთი წლის წინ, მე დავტოვე YC და ვიგრძენი, რომ არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა ამის შემდეგ, განსხვავებით ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებისგან, რომლებმაც ეს იცოდნენ. მაგრამ, მათი შემოთავაზებების უმეტესობამ, სამწუხაროდ, არ აღმაფრთოვანა.
როდესაც ალტერნატიულ გზებზე ვფიქრობდი, მივხვდი, რომ არ მქონდა გადაწყვეტილების მისაღებად გამოსადეგი ჩარჩო. დავიწყე რჩევის თხოვნა მეგობრებისთვის და ერთ-ერთმა სწორედ ის სტრუქტურა მომცა, რომელიც მჭირდებოდა იმის გასარკვევად, თუ რა უნდა მეკეთებინა შემდეგ.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ კარიერული გადაწყვეტილება არ არის სრულყოფილი, თუკი ის რაიმე ტიპის რისკს არ მოიცავს.
შემდეგი რაც უნდა გააკეთოთ, არის 3 ტიპის სიის შედგენა.
პირველი სია არის ყველა იმ თვისებისა და ქმედების ნაზავი, რომელიც თქვენი მომდევნო როლისთვის/პოზიციისთვის დაგჭირდებათ. მაგალითად:
• იმუშავეთ მხიარულ ადამიანებთან
• მარტივად მოერგეთ ცვლილებებს
• არ იმუშავოთ შაბათ-კვირას
• განსაზღვრეთ თანხა, რომელიც უნდა იშოვოთ
• დაეყრდენით პირად გამოცდილებას
მეორე სია ეხება ყველა იმ სამუშაოს, რომელიც, თქვენი აზრით, საინტერესოდ ჟღერს. შეეცადეთ, გადაუხვიოთ თქვენს რუტინულ გამოცდილებას და იმ საქმიანობაზე ფიქრი დაიწყოთ, რომელიც ყოველთვის საინტერესოდ გეჩვენებოდათ, მაგრამ არასოდეს მიუდექით სერიოზულად. ჩააბარეთ და ისწავლეთ თქვენთვის საინტერესო პროფესიაზე. საამისოდ ჩამოწერეთ რამდენიმე ვარიანტი – შესაძლოა, ოდესღაც არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა გსურდათ, ან შეიძლება, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია გინდოდათ, დაგეარსებინათ.
ცხადია, ეს სია დატვირთული იქნება იმის მიხედვით, თუ რა იცით და რა გსურთ. ზოგიერთი მათგანი არაპრაქტიკული იქნება, მაგრამ ამას არაუშავს.
საბოლოო სია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც იცნობთ და ვისთან ერთადაც რეალურად იმუშავებთ. ზოგჯერ ეს სია გრძელია და ზოგჯერ – მოკლე.
მას შემდეგ, რაც ამ სიებს შეადგენთ, დაიწყეთ თქვენთვის სასურველი საქმიანობის, თვისებებისა და ადამიანების ნაზავის ამოკრეფა. ასე დაინახავთ, რისი კეთება გსურთ სამომავლოდ.
ეს არ არის მეცნიერება. თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ინტერესის მიხედვით იმოქმედოთ და ის პროფესია აირჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტ შემოსავალს მოგიტანთ. ასევე, იმ პარტნიორზე შეაჩეროთ არჩევანი, რომელიც ყველაზე პრაქტიკული იქნება.
ამ ჩარჩოს შედგენის დროს საკუთარი თავი ვაიძულე, ყველა ვარიანტი განმეხილა, რამაც ჩემს ძველ საქმიანობასა და ინტერესებზე დამაფიქრა. ამ პროცესისთვის გარკვეული დრო დამჭირდა და საბოლოოდ შევარჩიე კომპლექტი, რომელიც ჩემთვის და ჩემი სამომავლო გეგმებისთვის რელევანტური იყო.
თუმცა, ამ პერიოდში გავითვალისწინე ისიც, რომ ჩემი მომდევნო საქმიანობა იყო ერთგვარი რისკი და მაშინ არ ვიცოდი, ამ საქმის კეთება მთელი ცხოვრების განმავლობაში გამომივიდოდა თუ არა. მე გამიმართლა, რომ შევძელი ამ ექსპერიმენტის ჩატარება. რვა თვის შემდეგ, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.