რჩევები წარმატებული Crowdfunding კამპანიისთვის
გასული ათწლეულის განმავლობაში, სტარტაპების კაპიტალისა და ინვესტიციების მოზიდვაში Crowdfunding-მა ძალიან დიდი როლი ითამაშა. ფაქტობრივად, 2019 წელს, გლობალურმა ქრაუდფანდინგის ბაზარმა მიაღწია 13,93 მილიარდ დოლარს; 2026 წლისთვის კი, ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ გაიზრდება და 39 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
დღესდღეობით უამრავ ადამიანს სურს მსგავსი კამპანიის წარმოება, მით უფრო, რომ მრავალი პლატფორმა არსებობს, სადაც მეწარმეებს შეუძლიათ თავიანთი დიდი იდეების წარმოჩენა და ბაზარზე გამოტანა. და მაინც, როგორია წარმატებული ქრაუდფანდინგ კამპანია და როგორ უნდა შევქმნათ ის?
განსაზღვრეთ თქვენი მესიჯი Crowdfunding კამპანიისთვის
მიზნობრივი მესიჯი არის ის, რაც ამოძრავებს თქვენს კამპანიას, მიმართავს თქვენს აუდიტორიას და პირდაპირ საუბრობს მათ საჭიროებებსა და სურვილებზე. თუ თქვენ ცდილობთ, საზოგადოების ყველა სუბიექტს მიმართოთ, ძალიან გაგიჭირდებათ. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, დაადგინოთ ვის მიემართება თქვენი პროდუქტი ან სერვისი ყველაზე მეტად და აქედან გამომდინარე განსაზღვროთ თქვენი მესიჯი.
ისწავლეთ, რა ხდის Crowdfunding კამპანიას კარგს და რა – ცუდს
არსებობს უთვალავი წარმატებული და წარუმატებელი კამპანიის მაგალითი და თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია მათ შესახებ პირდაპირ crowdfunding პლატფორმიდან. დაუთმეთ დრო პროფილების შესწავლას, ასევე, თუ შესაძლებელია, დაუკავშირდით სხვა მეწარმეებს და იმსჯელეთ, რა შეცდომა დაუშვეს და რა გააკეთეს სწორად ამ კამპანიის წარმოებისას.
შექმენით საზოგადოება Crowdfunding კამპანიის გაშვებამდე
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაზეც ფოკუსი უნდა მიმართოთ, არის თქვენი პროდუქტით დაინტერესებული ადამიანების ელ.ფოსტის სიის შექმნა. მასთან ერთად, შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოკითხვები, საინფორმაციო ბიულეტინები, სოციალური მედია და ა.შ კონკურსები და საჩუქრები ასევე შეიძლება იყოს აუდიტორიის ჩართულობის გაზრდის შესანიშნავი გზა.
გამოიყენეთ მულტიმედია
ვიდეოები და ანიმაციები კარგი crowdfunding კამპანიების ძირითადი ნაწილია და მათ შეუძლიათ მოკლე დროში მიაწოდონ უზარმაზარი ინფორმაცია თქვენს პოტენციურ ინვესტორებს. ხშირად მარტივმა, გულწრფელმა და მოკლე ვიდეომ შეიძლება ყველაზე კარგი შედეგი მოუტანოს თქვენს კამპანიას – დაინტერესდეს და ჩაერთოს მასში უამრავი პირი. გირჩევთ, ფოკუსირება გააკეთოთ იმაზე, რომ პირველი 20 წამი, რაც შეიძლება, თვალშისაცემი და მიმზიდველი გახადოთ. გარდა ამისა, შეეცადეთ, ვიდეოში ისეთი პერსონაჟები შემოიყვანოთ, რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს.
ჩამოაყალიბეთ მკაფიო როლები თქვენს გუნდში
თქვენი crowdfunding კამპანიის შექმნა შეიძლება იმაზე მეტ სამუშაოს მოიცავდეს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. გაითვალისწინეთ, რომ იარსებებს უამრავი კითხვა და კომენტარი, რომელთა წინაშეც ყოველდღიურად აღმოჩნდებით და მოგიწევთ, რომ დაუყოვნებლივ უპასუხოთ მათ, რათა პოტენციური ინვესტორების დაინტერესება შეძლოთ. ამიტომაც, ეცადეთ, გადაანაწილოთ როლები გუნდში ისე, რომ არ მოგიწიოთ შეფერხება რომელიმე მომენტში.
ფოკუსირდით პრესაზე
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია ფასდაუდებელია, მედიაში გაშუქება საუკეთესო გზაა თქვენი წარმატებული კამპანიის შესაქმნელად. შეიმუშავეთ მიზნობრივი მედიის სია, გააგზავნეთ კარგად დაწერილი პრესრელიზი მათთან და შექმენით სტრატეგიული გეგმა, რათა ინფორმაცია რაც შეიძლება მეტ მედიასაშუალებამდე მიიტანოთ.
აირჩიეთ თქვენზე მორგებული პლატფორმა
შემდეგი რჩევა წარმატებული crowdfunding კამპანიისთვის არის პლატფორმის გონივრულად შერჩევა. საზოგადოებისთვის მრავალი ქრაუდფანდინგ პლატფორმაა ხელმისაწვდომი, მაგრამ მათ შორის ორი ყველაზე პოპულარულია: Kickstarter და Indiegogo. Kickstarter არის ფავორიტი, მაგრამ მას აქვს “ყველაფერი ან არაფერი” დაფინანსების მოდელი. თუ არ მიაღწევთ ან გადააჭარბებთ თქვენს ფინანსურ მიზანს, ვერაფერს მიიღებთ. Indiegogo-სთან ერთად, შეგიძლიათ შეინახოთ მიღებული თანხა თქვენი მიზნის სტატუსის მიუხედავად.
საუკეთესო პლატფორმის არჩევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, თავიდანვე დასახოთ თქვენი დაფინანსების მიზანი. იფიქრეთ იმაზე, თუ რა ოდენობის ფული დაგჭირდებათ ბიზნესის დასაწყებად. გახსოვდეთ, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება, შეცვალოთ დაფინანსების მიზანი კამპანიის დასრულების შემდეგ.
დაბოლოს, იყავით ღია ცვლილებებისთვის
არც ერთი პროდუქტი ან სერვისი არ არის სრულყოფილი, ამიტომაც იყავით ღია ცვლილებებისთვის. სანამ დაიწყებთ crowdfunding კამპანიის წარდგენას, გადახედეთ ყველაფერს და გააუმჯობესეთ ის, როგორც შეგიძლიათ. მიიღეთ გამოხმაურება სანდო ადამიანებისგან და დახვეწეთ პროდუქტი პროცესში.
შეიძლება გჯეროდეთ, რომ თქვენ გაქვთ გასაოცარი სერვისი ან პროდუქტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. მცირე ძალისხმევით და შრომით, თქვენი პროდუქტი შეიძლება გადაიქცეს გამორჩეულ პროექტად.