როგორ პასუხობს Google რუსეთის უკრაინაში შეჭრას
ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, არაერთმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა. აღნიშნულ პროცესში ისეთი დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც ჩაერთნენ, როგორებიცაა Google, Meta, Twitter და SpaceX. ისინი უკრაინაში მცხოვრები ადამიანების დასაცავად შესაბამის ზომებს მიმართავენ. დღეს კი მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ გამოეხმაურა Google რუსეთის უკრაინაში შეჭრას და რა მიმართულებებით დააწესა შეზღუდვები მან თავის მომსახურებებზე.
Google Maps
ვიდრე ვლადიმერ პუტინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასის რეგიონში ,,სპეციალური სამხედრო ოპერაციის’’ დაწყების შესახებ ტელეეთერში გამოაცხადებდა, რუსული ჯავშანტექნიკის მოძრაობის ტრაექტორია Google Maps-ის საშუალებით, რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი. კალიფორნიაში მდებარე მიდლბერის ინსტიტუტის პროფესორმა, ჯეფრი ლუისმა ტვიტერზე გამოაქვეყნა რუკის გამოსახულება. ფოტოზე ჩანდა, რომ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, უკრაინის საზღვრისკენ მიმავალ სამანქანო გზაზე საცობი იყო.
,,ის [საცობი] იწყება ზუსტად იქ, რა ადგილასაც გუშინ რუსული ჯავშანტექნიკა და BMP/APC დავაფიქსირეთ. დიდი ალბათობით, საგზაო მონაცემები ჯარისკაცების სმარტფონებისგან არაა მიღებული. სამაგიეროდ, სამოქალაქო პირები ამ გზებზე ძნელად მოძრაობენ და Google Maps სწორედ ამას აფიქსირებს.’’, – წერდა ჯეფსი ლუისი.
რამდენიმე წუთში პროფესორმა განაახლა ინფორმაცია და განაცხადა, რომ საცობი უკვე უკრაინის საზღვრამდე იყო გადაჭიმული.
აღნიშნულიდან (და სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან) მე-3 დღეს, 27 თებერვალს, უკრაინის საავტომობილო გზების სახელმწიფო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოსახლეობას, რუსული ჯარის დაბნევის მიზნით, საგზაო ნიშნების დემონტაჟისკენ მოუწოდებდა.
,,Укравтодор მოუწოდებს ყველა საგზაო ორგანიზაციას, ადგილობრივ თემსა და ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ საგზაო ნიშნების დემონტაჟი. მტერს მტერს ცუდი კომუნიკაციები აქვს და ორიენტირება უჭირს.’’, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
სწორედ ამ განცხადებიდან 1 დღეში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდეგ, Google-მა გადაწყვიტა, რომ უკრაინელი მოქალაქეების დაცვის მიზნით, ქვეყნის ტერიტორიაზე Google Maps-ის ორი ფუნქცია დროებით დაებლოკა.
,,პირველი არის გზებზე არსებული მოძრაობის რუკაზე რეალურ დროში ჩვენება. ზოგიერთი მკვლევარი სწორედ მას იყენებდა სიტუაციაზე შორიდან დასაკვირვებლად. ხოლო მეორე არის Live Busyness ფუნქცია. ის გვიჩვენებს, თუ რამდენად პოპულარული შეიძლება იყოს კონკრეტული ადგილი დროის მოცემულ მონაკვეთში’’, – წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილო ფედოროვი.
აღსანიშნია, რომ Live Busyness მოიცავს ისეთ ობიექტებს, როგორებიცაა მაღაზიები, მეტროსადგურები და სხვა შენობები, რომლებსაც შესაძლოა თავს აფარებდეს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა.
Google-ის თქმით, გზებზე არსებული მოძრაობის რუკაზე რეალურ დროში ჩვენების ფუნქცია კვლავ ხელმისაწვდომი იქნება მძღოლებისთვის, რომლებიც რეგიონში turn-by-turn ნავიგაციას იყენებენ.
მედია
უკრაინული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, Google-მა რუსული სახელმწიფო მედიის, Russia Today-ის აპლიკაციის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოტვირთვა აკრძალა. ეს ნიშნავს, რომ ახალი მომხმარებლები RT News-ს ვერ გადმოწერენ, ხოლო აპლიკაციის ამჟამინდელ მომხმარებლებს მასზე წვდომა კვლავ ექნებათ, განახლებების მიღების გარეშე. უკრაინაში RT და სხვა რუსული YouTube არხებიც აღარ იქნება ხელმისაწვდომი. აღსანიშნია, რომ Google-მა RT-ს და რუსულ სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებულ მედიასაშუალებებს თავის ვებსაიტებზე, აპლიკაციებსა და YouTube ვიდეოებზე მონეტიზება აუკრძალა.
ფინტექი
მას შემდეგ, რაც არაერთმა ქვეყანამ რუსეთის მიმართ სანქციები დააწესა, ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტები გადახდების სექტორში პრობლემებს წააწყდნენ. რუსეთის ცენტრალური ბანკის გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებული ბანკების მომხმარებლები Google Pay სერვისს ვეღარ გამოიყენებენ.