fbpx

Amazon, Microsoft, Google და IBM ღრუბლოვანი სერვისების გაყიდვებს აჩერებენ რუსეთში

რუსეთში

Amazon, Microsoft, Google და IBM ღრუბლოვანი სერვისების გაყიდვებს აჩერებენ რუსეთში

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებას არაერთი კომპანია გამოეხმაურა რუსეთში მომსახურებების შეზღუდვითა თუ გაყიდვების სრულად შეჩერებით. ასეთ კომპანიებს შორის იყო Visa, Mastercard, PayPal, McDonald’s, Coca-Cola, Adobe, Apple და სხვები. საპასუხო რეაქციას ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მსოფლიოს წამყვანი პროვაიდერები Amazon, Microsoft, Google და IBM შეუერთდნენ.

Amazon-ის თავდაპირველ გამოხმაურებაში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხებოდა, არ იყო ნახსენები რუსეთში მომსახურებისა და გაყიდვების შეწყვეტის შესახებ.

,,AWS-ს არ აქვს მონაცემთა ცენტრები, ინფრასტრუქტურა ან ოფისები რუსეთში და ჩვენთან დიდი ხანია არსებობს რუსეთის მთავრობასთან ბიზნესის არწარმოების პოლიტიკა. ჩვენ ასევე შევწყვიტეთ ახალი AWS მომხმარებლების რეგისტრაცია რუსეთსა და ბელარუსში. ჩვენი უმსხვილესი მომხმარებლები, რომლებიც AWS-ს რუსეთში იყენებენ, არიან კომპანიები, რომელთა სათავო ოფისები მდებარეობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ’’, – წერია კომპანიის მიერ 4 მარტს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში.

თუმცა, 8 მარტს კომპანიამ გაავრცელა ახალი განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან AWS-ზე რეგისტრაციები შეჩერდა.

მსგავსი ზომები მიიღო Microsoft-მაც 4 მარტს. კომპანიის პრეზიდენტის, ბრედ სმიტის განცხადებით, Microsoft პროდუქტებისა და სერვისების რუსეთში გაყიდვას წყვეტს.

,,ჩვენ შევაჩერებთ Microsoft-ის პროდუქტებისა და სერვისების ყველა ახალ გაყიდვას რუსეთში. გვჯერა, რომ უკრაინას ყველაზე ეფექტურად მაშინ ვეხმარებით, როდესაც მთავრობების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან კოორდინირებულად კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. სიტუაციის განვითარების მიხედვით, დამატებით ზომებსაც მივიღებთ’’,აცხადებს ბრედ სმიტი.

რაც შეეხება Google-ს, კომპანიამ TechCrunch-თან დაადასტურა, რომ ამჟამად Google Cloud რუსი მომხმარებლებისთვის არაა ხელმისაწვდომი და განაცხადა, რომ კომპანია განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

IBM-მა ანალოგიური პოზიცია დაიკავა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არვინდ კრიშნამ 7 მარტს განაცხადა, რომ რუსეთში ყველანაირ ბიზნესსაქმიანობას წყვეტს.

აღსანიშნია, რომ მიმდინარე კვირას, International Data Corporation-ის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად შეიძლება ითქვას, რომ ღრუბლოვანი სერვისის მიმწოდებელ კომპანიებზე ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს, სავარაუდოდ, მინიმალური ეკონომიკური გავლენა ექნება.

„მიუხედავად იმისა, რომ IDC რუსეთსა და უკრაინაში საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიებზე დანახარჯების მკვეთრ შემცირებას და ნელ აღდგენას მოელის, ამ კლების გავლენა გლობალურად შეზღუდული იქნება. ეს ორი ქვეყანა ერთად ევროპის მთლიანი საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიური დანახარჯების 5.5%-ს, ხოლო გლობალური მასშტაბით, 1%-ს შეადგენს’’, –  წერია განცხადებაში.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post