fbpx

რა უნდა გავითვალისწინოთ ციფრული სარეკლამო კამპანიის დაგეგმვისას

სარეკლამო

რა უნდა გავითვალისწინოთ ციფრული სარეკლამო კამპანიის დაგეგმვისას

ციფრული მარკეტერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ტრაფიკია. ანუ, ის თუ როგორ უნდა მივიპყროთ ადამიანების ყურადღება მარტივად, მოვიზიდოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე და შემდეგ გამომწერებად ან მომხმარებლებად ვაქციოთ. ამ ყველაფრის მიღწევის საიდუმლო კი სწორედ ციფრულ რეკლამაში იმალება. თუ წარმატებული ციფრულ სარეკლამო კამპანიას განახორციელებთ, თქვენს ტრაფიკის ნაკადზე სრული კონტროლი გექნებათ და გაყიდვებსაც გაზრდით.

სანამ კამპანიის დაგეგმვის პროცესში არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებდეთ, პირველ რიგში გავიგოთ, თუ რა განსხვავებაა ფასიან და ორგანულ ტრაფიკს შორის.

ფასიან და ორგანულ ტრაფიკს შორის განსხვავება

კომპანიების უმეტესობის მთავარი ფოკუსი ხშირად ორგანული ტრაფიკის მიღებისკენაა მიმართული. შესაძლოა, ისინი ფიქრობენ, რომ მისი სტაბილური ნაკადის მიღების შემთხვევაში, ციფრულ რეკლამაში დაზოგილ თანხას სხვა რაღაცებში გამოიყენებენ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ფასიანი ტრაფიკი ყოველთვის ჭკვიანური ინვესტიციაა. რატომ?

ფასიანი ტრაფიკი სარწყავი მილის მსგავსია – თქვენ სრული კონტროლი გაქვთ გამომავალი წყლის რაოდენობაზე, მის მიმართულებაზე, სისწრაფესა და იმაზე, თუ როდის ან რამდენ ხანს იდენს წყალი. მილის ჩართვა და გამორთვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. შესაბამისად, თუ საჭიროზე მეტ ტრაფიკს იღებთ, ნაკადს შეანელებთ.

მეორე მხრივ, ორგანული ტრაფიკი უფრო მეტად წვიმას ჰგავს – თქვენ ვერასდროს იქნებით სრულად დარწმუნებული, თუ როდის მოვა ის (ან მოვა თუ არა საერთოდ) და რამდენ ხანს გასტანს. ამ დროს ამინდის პროგნოზის მოსმენაც უშედეგოა, რადგან ზუსტად ვერასდროს დაადგენთ, რეალურად რა მოხდება და, შესაბამისად, პროცესზე კონტროლიც არ გაქვთ.

უკანასკნელ შემთხვევაში ისიც აღსანიშნია, რომ ტრაფიკი შეიძლება დაკარგოთ, თუ მაგალითად Google თავის ალგორითმს შეცვლის ან თქვენი საწყისი გვერდის/ერთგვერდიანი ვებსაიტის (Landing page) URL შეიცვლება.

საბოლოოდ ისიც უნდა ითქვას, რომ რაც უფრო კარგი ფასიანი ტრაფიკი გაქვთ, მით უფრო გაუმჯობესდება თქვენი ორგანული ტრაფიკიც. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ დიდი ტრაფიკის მქონე ვებგვერდები საძიებო სისტემებში უფრო მაღალ რანგზე დგანან.

ფასიანი ტრაფიკის ტოპ 3 წყარო

ფასიანი ტრაფიკისთვის რამდენიმე კარგი პლატფორმა არსებობს. ესენია Facebook, Google, YouTube, Pinterest, LinkedIn და Twitter. ხოლო იმის დასადგენად, თუ რომელი მათგანის გამოყენება სჯობს, უნდა იცოდეთ რომელს გამოიყენებენ თქვენი მომხმარებლები და რომელი შეესაბამება მარკეტინგის იმ ტიპს, რომლის განხორციელებასაც გეგმავთ.

მოდით, განვიხილოთ სამი ყველაზე გავრცელებული მათგანის მახასიათებლები.

Google

იქიდან გამომდინარე, რომ Google საძიებო სისტემაა, ადამიანები მას რაიმე ინფორმაციის მოძიების სურვილის შემთხვევაში გამოიყენებენ. ამის გამო, ის ერთგვარი ყვითელი ცნობარივითაა.

Google-ის მეშვეობით ტრაფიკის მოსაზიდად, თქვენ უნდა გამოიყენოთ ის საკვანძო სიტყვები (keywords), რომლებიც ხალხს თქვენს პოვნაში დაეხმარება.

Facebook

Facebook-ის ახალი ამბების ლენტის (newsfeed) თვალიერებისას მომხმარებელი მრავალ რეკლამას, პოსტსა და შემთხვევით კომენტარს ხედავს. თუ ფასიანი ტრაფიკის მოსაზიდად ამ პლატფორმას გამოიყენებთ, თქვენი მესიჯიც სამიზნე აუდიტორიის ახალი ამბების ლენტაში გამოჩნდება.

იქიდან გამომდინარე, რომ Facebook სოციალური ქსელია და კომპანია ადამიანთა ქცევაზე ბევრ მონაცემს აგროვებს, მან ბევრი რამ იცის მომხმარებლების შესახებ. ეს ყველაფერი კი Facebook-ს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სარეკლამო პლატფორმად აქცევს. შესაბამისად, აქ ცოტა თანხის დახარჯვაც საკმარისი იქნება თქვენი წვდომის გასაფართოვებლად. მთავარია, სამიზნე აუდიტორია საკმარისად ზუსტად განსაზღვროთ და დაელოდოთ, სანამ შესაბამის ადამიანებამდე მივა თქვენი მესიჯი.

YouTube

YouTube-ის მთავარი მეტრიკა ნანახი წუთების რაოდენობაა. შესაბამისად, კომპანიის მიზანი მომხმარებლის ვებგვერდზე რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა და ბევრი ვიდეოს ყურებაა. ამის მისაღწევად კი ის ტრადიციული ტელევიზიის მსგავსად მოქმედებს – ვიდეოებში რეკლამებს რთავს და ყურების პროცესს აფერხებს.

შესაძლოა, გამაღიზიანებელი იყოს, თუმცა YouTube-ის რეკლამები მომხმარებელთათვის ყოველთვის რელევანტურია. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ რეკლამის მიზანმიმართვა იმ YouTube არხებზე და ვიდეოს ტიპებზეა შესაძლებელი, რომლებიც თქვენს აუდიტორიას მოსწონს.

წარმატებული YouTube ვიდეოს 12 ელემენტი

ვიდეოს

ვიდეომასალების წარმოება კონტენტ მარკეტინგის ერთ-ერთი მიმართულებაა. თავისთავად ვიდეომარკეტინგი კი გულისხმობს ვიდეოს დაგეგმვას, შექმნასა და მის გამოყენებას პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაციისთვის, კომპანიის შესახებ ადამიანების ცნობიერების ამაღლებისთვის, გაყიდვების გენერირებისთვისა და ციფრულ არხებში მომხმარებლების ჩართულობის გასაზრდელად.

მეთოდები წარმატებული ციფრული რეკლამის შესაქმნელად

ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნათ ისეთი რეკლამები, რომლებიც მაგნიტურად მოიზიდავს თქვენთვის სასურველ მომხმარებლებს.

თუ იმაზე ფიქრობთ, თუ რა ტიპის რეკლამა ჩაუშვათ და როგორ განსაზღვროთ ზუსტად სამიზნე აუდიტორია, შემდეგი ორი ფუნდამენტური კონცეფცია უნდა გაითვალისწინოთ.

კონცეფცია 1: მომხმარებლის გამოცდილება (customer journey)

მომხმარებლის გამოცდილება გულისხმობს გზას, რომელსაც ადამიანები გადიან თქვენს კომპანიასთან პირველი შეხებიდან ურთიერთობის საბოლოო საფეხურამდე (შესყიდვამდე).

მისი სამი ძირითადი ეტაპია:

• ინფორმირება – ამ დროს ადამიანები იტყობენ თქვენი ბრენდის არსებობისა და იმის შესახებ, რომ მათი პრობლემის გადაჭრაში დახმარება შეგიძლიათ.
• შეფასება – პოტენციური კლიენტები უკვე სერიოზულად განიხილავენ თქვენგან ყიდვას. ამ პერიოდში ისინი განიხილავენ, ხართ თუ არა საუკეთესო მიმწოდებელი.
კონვერსია – ამ ეტაპზე ადამიანები მოქმედებაზე გადადიან და შესყიდვას ახორციელებენ.

კონცეფცია 2: ტრაფიკის ,,ტემპერატურა’’

მომხმარებელთა გამოცდილების თითოეულ ეტაპზე აუდიტორიას განსხვავებული ურთიერთობა აქვს თქვენთან. თავდაპირველად, ისინი თითქმის არ გიცნობენ და შეიძლება არც იცოდნენ, თუ რას ქმნით. თუმცა, თანდათან ისინი უფრო მეტს იგებენ თქვენს შესახებ და მეტად ერთგულები ხდებიან. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ უფრო ,,თბებიან’’ თქვენთან ურთიერთობაში.

ცივი ტრაფიკი – ამ სახის ტრაფიკს იმ ადამიანებისგან იღებთ, რომლებიც ინფორმირებულობის ეტაპზე არიან. ისინი კარგი პოტენციური მყიდველები არიან, თუმცა თქვენს შესახებ არასდროს სმენიათ.

ამ ეტაპზე ახალ აუდიტორიას კომპანია უნდა გააცნოთ და თქვენთან დაბრუნების სურვილი გაუღვივოთ.

თბილი ტრაფიკი – ეს ტრაფიკი მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებმაც იციან, თუ რას წარმოადგენთ, მაგრამ ჯერ არაფერი უყიდიათ თქვენგან. თბილი ტრაფიკი  შეფასების ეტაპს შეესაბამება.

აქ თქვენი საბოლოო მიზანი არის საიტის ვიზიტორის პოტენციურ მყიდველად გადაქცევა.

ცხელი ტრაფიკი – ამ ტრაფიკს იღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც კონვერსიის ეტაპზე არიან. ესენი არიან პირები, რომლებიც მზად არიან იყიდონ ან უკვე შეიძინეს თქვენგან რაიმე.

ამ შემთხვევაში თქვენი მთავარი მიზანი მონეტიზაცია და რაც შეიძლება მეტი ღირებულების პროდუქტის გაყიდვაა.

საბოლოო ჯამში, ადამიანები ცივიდან ცხელ ტრაფიკზე უნდა გადაიყვანოთ და პოტენციური მყიდველები ლოიალურ მომხმარებლებად აქციოთ. ეს კი თქვენი შეტყობინების ადამიანთა ტემპერატურასთან შესაბამისობაში მოყვანით უნდა გააკეთოთ. მაგალითად, ცივი ტრაფიკის პირობებში, მეტ დროს არა ყიდვის შეთავაზებას, არამედ ურთიერთობის დამყარებას დაუთმობთ. ხოლო ცხელი ტრაფიკის დროს მეტად მეგობრული საუბარი გაქვთ ადამიანებთან და შეთავაზებებს იმ საკითხებზე დაყრდნობით აკეთებთ, რაც მათ აინტერესებთ.

წარმატებული სარეკლამო კამპანიის 5 ელემენტი

ახლა კი ვისაუბროთ იმ ელემენტებზე, რომლებიც ზემოხსენებული საკითხების გათვალისწინებით, კარგ სარეკლამო კამპანიას ქმნიან.

შეთავაზება

შეთავაზება არ არის იგივე, რაც პროდუქტი ან მომსახურება. შესაძლოა, მხოლოდ ერთი პროდუქტი/მომსახურება გქონდეთ, თუმცა ის სხვადასხვა გზით შესთავაზოთ ადამიანებს. მაშ, რა არის შეთავაზება? ეს არის პროდუქტის/მომსახურების სხვა ბონუსებთან ან დანამატებთან კომბინაცია, თქვენი აქციის ყველა დეტალის ჩათვლით:

• მისაწოდებელი საქონელი;
• ფასი;
განრიგი;
როგორ ხდება მისი მიწოდება;
სხვა დამატებითი ინფორმაცია.

ქოფი (Copy)

ქოფი გულისხმობს მესიჯებს, რომლებსაც თქვენს სარეკლამო კამპანიაში იყენებთ. ის უნდა იყოს მკაფიო, დამაინტრიგებელი და დამაჯერებელი, ასევე კარგად უნდა გამოხატავდეს პროდუქტის/მომსახურების უპირატესობას ან თქვენ მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ქმედების განხორციელების სარგებელს.

ზოგადად, რეკლამის დასაწყისში ყურადღება უნდა გააამხვილოთ იმ ,,ტკივილზე’’, რომელიც თქვენს სამიზნე აუდიტორიას აქვს. შემდეგ კი, შეთავაზება სიტუაციიდან გამოსავლის სახით უნდა წარადგინოთ.

კრეატივი (იგივე, დიზაინი)

კრეატივი გულისხმობს თქვენი რეკლამის გრაფიკულ ელემენტებს –  გამოსახულებასა და ვიდეოს.

ადამიანი ერთი შეხედვით უნდა მიხვდეს, თუ რას სთავაზობთ. ანუ, კარგი კრეატივი მესიჯს ვიზუალურად მხოლოდ 1-2 წამში გადმოსცემს და ამასთანავე ქოფის აძლიერებს.

ერთგვაროვნება

ერთგვაროვნება მთელი სარეკლამო კამპანიის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოთ. რატომ?  ყოველ ახალ დაწკაპებაზე ადამიანები მარტივ ვიზუალურ ნიშნებს იყენებენ იმაში დასარწმუნებლად, რომ სწორ ადგილას იმყოფებიან. ხოლო თუ რაიმე მომენტში ნიშანთა ერთგვაროვნება გაქრება, ისინი იფიქრებენ, რომ ატყუებთ და საწყის პოზიციაზე დაბრუნდებიან.

მათში ნდობის გასაღვივებლად რეკლამიდან ერთგვერდიან ვებსაიტამდე (Landing page) ერთიანი ნაკადი უნდა შექმნათ ვიზუალური და წერილობითი საშუალებებით. ამისთვის კი ყურადღება 3 ელემენტზე უნდა გაამახვილოთ:

• დიზაინი – გამოიყენეთ მსგავსი გამოსახულება და ფერები კამპანიის თითოეულ ნაწილში.
• შეტყობინებები – გამოიყენეთ ერთმანეთის მსგავსი ფრაზები.
შეთავაზება – თქვენი შეთავაზება უნდა იყოს ერთნაირი მთელ ამ პროცესში.

სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა

წარმატებული სარეკლამო კამპანიის საბოლოო ელემენტი სამიზნე სეგმენტის განსაზღვრაა. ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან კარგი შეთავაზებაც კი წარუმატებელი იქნება, თუ მას შეუსაბამო აუდიტორიას მიაწოდებთ.

სამიზნე სეგმენტის განსაზღვრისას ორი ძირითადი წესი უნდა დაიცვათ:

პირველ რიგში, იყავით რაც შეიძლება კონკრეტული – სპეციფიკა პირდაპირ უკავშირდება კვლევას, ანუ სამიზნე აუდიტორიის შესახებ ინფორმაციის მოგროვებას. მათ იმდენად კარგად უნდა იცნობდეთ, რომ ისეთი კონკრეტული ინტერესების გამოყოფა შეძლოთ, რომელიც სხვა სეგმენტს არ აქვს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ შეტყობინება ზუსტად თქვენი სამიზნე აუდიტორიის ტემპერატურის მიხედვით უნდა შექმნათ.

ახლა კი განვიხილოთ ის, თუ რა მიზანი გაქვთ ტრაფიკის თითოეულ ეტაპზე და რა უნდა შესთავაზოთ რომელიმე სტადიაზე მყოფ ადამიანს.

ცივი ტრაფიკი:

• გაცნობა – მიზნად დაისახეთ ნდობის დამყარება.
• სეგმენტაცია – თუ ადამიანები დააწკაპებენ ელფოსტით მარკეტინგის შესახებ დაწერილ ბლოგპოსტზე, თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ ისინი ამ თემით არიან დაინტერესებულნი. აქედან გამომდინარე კი მოგვიანებით უფრო შესაბამის შეთავაზებას გაუკეთებთ მათ.

რა სახის შეთავაზება შეიძლება მიაწოდოთ ცივ ტრაფიკს?

• ბლოგპოსტები;
• ვიდეოები;
პოდკასტები;
ქვიზები;
საინფორმაციო მასალა;
ინფოგრაფიკა.

თბილი ტრაფიკი:

ჩათვალეთ, რომ ეს ადამიანები არიან ნაცნობები, რომელთაც საპასუხო ინტერესი გამოიჩინეს. თქვენი ურთიერთობა ჯერ არ არის განვითარებული, თუმცა რაღაც დონის კავშირი მაინც გაქვთ. ამ შემთხვევაში, თქვენი მიზნებია:

• პოტენციური კლიენტების გენერირება;
• დაბალი ღირებულების გაყიდვების გაზრდა.

რა სახის შეთავაზება შეიძლება მიაწოდოთ თბილ ტრაფიკ?

• ქვიზები ან გამოკითხვები;
• უფასო ან ფასიანი ვებინარები;
უფასო ან ფასიანი წიგნები;
პროდუქტის დემო;
პროდუქტის საცდელი ვერსია;
ფასდაკლება შეზღუდული დროით.

ცხელი ტრაფიკი:

ეს ადამიანები არიან თქვენი მყიდველები; ისინი, ვინც შესყიდვისთვის არიან მზად; პირები, რომლებმაც კალათში დაამატეს პროდუქტები და აღარ შეიძინეს ან ვინც თქვენგან წარსულში იყიდა რაიმე და ბოლო შეთავაზებებზე არ უპასუხია.

ამ შემთხვევაში, თქვენი მთავარი მიზნებია:

• გააქტიურება თუ მათ დიდი ხანია არ უყიდიათ რაიმე, შეახსენეთ, რომ ისევ არსებობთ.
გაყიდვა – მაღალი ღირებულების შესყიდვების განხორციელება.

რა სახის შეთავაზება შეიძლება მიაწოდოთ ცხელ ტრაფიკს?

• ღონისძიება;
• ფასიანი ვებინარები;
• მაღალი ღირებულების შეთავაზებები;
• Done-for-you სერვისები. 

ადამიანების ,,ტემპერატურის’’ სწორად შეფასება საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი რეკლამა შესაბამისი ადამიანებისკენ მიმართოთ. რაც უფრო ზუსტად შეძლებთ სამიზნე სეგმენტის განსაზღვრას, მით უფრო წარმატებული იქნება ციფრული სარეკლამო კამპანია.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post