აუდიოწიგნები – Spotify-ის ახალი პროდუქტი
Spotify-ს სურს, აუდიოწიგნები თავისი ბიზნესის მომდევნო საყრდენად აქციოს. ოთხშაბათს, კომპანიის აღმასრულებლებმა აუდიოწიგნების ბიზნესი ინვესტორებს გააცნეს, როგორც ინდუსტრიაში დომინანტობის ერთგვარი საშუალება. ვარაუდობენ, რომ Spotify-ის აუდიოწიგნები არა მხოლოდ გაზრდის კომპანიის ბიზნესს, არამედ საგამომცემლო ინდუსტრიაშიც დიდ როლს ითამაშებს.
Spotify-ის პირველი დიდი ნაბიჯი ამ ბიზნესში არის Findaway-ის შეძენა – ეს არის აუდიოწიგნის პლატფორმა, რომელიც ბევრი დეტალით Anchor-ს ჰგავს. ის ავტორებს საშუალებას აძლევს, შექმნან, გაავრცელონ და მონეტიზაცია გაუკეთონ თავიანთი ნამუშევრებს.
როგორ იმუშავებს მოდელი, ბოლომდე არ არის ნათელი, მაგრამ, როგორც ჩანს, აუდიოწიგნების ნაწილი მაინც უფასო იქნება. თუ ეს მართლაც ასეა, მთელ ინდუსტრიას დიდი ცვლილება ელის. აუდიოწიგნები, ჩვეულებისამებრ, იაფი არ არის. Amazon-ის Audible-ისა და audiobooks.com-ის სააბონენტო პრემიუმ სერვისები $14,95 ღირს. თუმცა, ჯერ კიდევ დაზუსტებით არ ვიცით, რა ფასად იქნება ხელმისაწვდომი პრემიუმ წიგნები Spotify-ზე.
რა როლს ითამაშებს სპოტიფაის აუდიოწიგნები საგამომცემლო ინდუსტრიაში? აუდიო გამომცემელთა ასოციაციის (APA) აღმასრულებელი დირექტორის მიქელე კობის თქმით, მილიონობით ახალი მსმენელი გაეცნობა აუდიოწიგნებს, რამაც შეიძლება, მნიშვნელოვნად გააფართოოს ბაზარი.
ამ კვირის დასაწყისში APA-მ გამოაქვეყნა თავისი 2021 წლის სტატისტიკა – Edison Research-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აუდიოწიგნების ბაზარი 2021 წელს 25%-ით, $1.6 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ოდნავ აღემატება იმავე წელს $1.45 მილიარდიან პოდკასტების ბაზარს.