სტარტაპმა Raycast 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
სტარტაპმა Raycast $15 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. დაფინანსების A სერიას Accel და Coatue ხელმძღვანელობდნენ. რაუნდში ასევე მონაწილეობდა არაერთი ანგელოზი ინვესტორი. მათ შორის იყვნენ ჯონი ბუფარჰატი, ჯეფ ვაინშტაინი, ჯეისონ უორნერი, ოტ კაუკვერი და სხვები.
სტარტაპისა და პროდუქტის შესახებ
Raycast 2020 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები Facebook-ის ყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები პოლ მანი და პეტრ ნიკოლაევი არიან.
კომპანია დეველოპერების მუშაობის პროცესის გამარტივების მიზნით შევქმენით. თავადაც ამ პროფესიის წარმომადგენლები ვართ და ვიაზრებთ, რომ ხშირად დროს ისეთ სამუშაოზე ვხარჯავთ, რომელსაც რეალური შედეგი არ მოაქვს. სწორედ ეს აქვს Raycast-ს წამძღვარებული – ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხელსაწყო სამუშაოს უფრო სწრაფად შესრულებაში დაგეხმარებათ, – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი მანი.
Raycast-ის მიზანია დეველოპერებს ინფორმაციის პოვნა და განახლება გაუადვილოს. პლატფორმა ყოველდღიურად გამოყენებული პროცესების ავტომატიზაციის საშუალებასაც იძლევა. ეს კი დეველოპერებს მნიშვნელოვან ამოცანებზე ფოკუსირებაში ეხმარება.
Raycast-მა ასევე გამოუშვა Extensions API და Store საჯარო ბეტა რეჟიმში, რაც დეველოპერებს პერსონალიზებული ექსთენშენების შექმნისა და მათი გაზიარების საშუალებას აძლევს. აღნიშნული სულ მალე მთელ მსოფლიოში გახდება ხელმისაწვდომი.
სტარტაპის განცხადებით, სულ რაღაც 12 თვეში მათი ყოველდღიურ აქტიურ მომხმარებელთა ბაზა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2020 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 130-ს შეადგენდა, დღეს ის 11 000-ს უტოლდება. ამ დროის განმავლობაში, პლატფორმაზე 20 მილიონზე მეტი აქტივობა განხორციელდა.
სამომავლო გეგმები
მიღებული ინვესტიციით სტარტაპს პლატფორმის ზრდის დაჩქარება და დეველოპერების პროდუქტიულობის მიმართულებით ლიდერობის მოპოვება სურს. ამასთან, Raycast-ის გუნდი ამჟამად 12 ადამიანისგან შედგება და წლის ბოლომდე მეტი თანამშრომლის დაქირავებაც იგეგმება.
დაფინანსებას ჩვენი გუნდის კიდევ უფრო მეტად გაზრდაში გამოვიყენებთ. ასევე გვსურს, რომ პლატფორმა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გავხადოთ, რათა ყველამ შეძლოს სასურველი ინსტრუმენტების შექმნა, – აღნიშნავს პოლ მანი.
კომპანია ინდივიდ დეველოპერებზე ორიენტირებული დარჩება, თუმცა Raycast პროდუქტიულობისთვის საჭირო ინსტრუმენტების სხვებთან გაზიარებაშიც ხედავს პოტენციალს.
ამიერიდან პროგრამაში დარეგისტრირება კომპანიებსაც შეეძლებათ. ისინი ახალ ფუნქციებზე მიიღებენ წვდომას, რომლითაც შექმნიან და გაავრცელებენ გუნდის საჭიროებებზე მორგებულ ექსთენშენებსა და ბმულებს.