fbpx

რა არის და როგორ მუშაობს სტარტაპ-სტუდია

startup-studio

რა არის და როგორ მუშაობს სტარტაპ-სტუდია

ვენტურული კაპიტალის კომპანიების, აქსელერატორებისა და ინკუბატორების შესახებ ქართულ სივრცეში ყველას გვესმენია; მაგრამ, შედარებით ახალი და ჩვენთვის უცხო შეიძლება იყოს სტარტაპსტუდია (იგივე “Venture Builder” ან “Startup Factory”). 2013 წლიდან მოყოლებული, სტარტაპ სტუდიის ფენომენი სილიკონის ველს გაცდა და გლობალურ ხასიათსს იღებს.

საქართველოში, ჯერ-ჯერობით ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ ერთი სტარტაპ სტუდიაა და ის სააგენტო რედბერიშია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი კოლაბორაციული Carfest ზუსტად სტარტაპ სტუდიის პროდუქტია.

პირველ რიგში, სტარტაპ-სტუდია გავმიჯნოთ ინკუბატორ/აქსელერატორ/VC-ებისგან: ის სტარტაპისთვის ბევრად უფრო სიღრმისეულად ერთვება სტარტაპის ცხოვრებაში, ვიდრე კაპიტალით, რჩევებითა და სხვა სტარტაპებთან კავშირებით უზრუნველყოფაა. სტარტაპ-სტუდია მთელი თავისი გუნდით მასთან მისული დამფუძნებლის სამსახურში დგება და მასთან ერთად იწყებს მუშაობას დამფუძნებლის სტარტაპზე. სტარტაპ-სტუდიის გუნდი, როგორც წესი, ბიზნესთან, ფინანსებთან, IT და ანალიტიკურ სფეროებთან დაკავშირებული ხალხია.

სტარტაპ-სტუდიის მიზანია, სტარტაპი “გზაზე დააყენოს”, ე.ი. იდეიდან განვითარებული, ჩამოყალიბებული, წარმატებული კომპანიის ეტაპამდე მიიყვანოს. მას შემდეგ, რაც ყველაფერი კარგად წავა და სტარტაპ-სტუდია “ხვდება”, რომ მის გამოზრდილ სტარტაპს მალე ბევრი კადრი დასჭირდება, შესაბამის ადამიანებსაც პოულობს მისთვის და დამოუკიდებელი არსებობისთვის უშვებს, თავად კი ახალ სტარტაპზე იწყებს მუშაობას.

რეალურად, სტარტაპ-სტუდიის იდეა ძალიან მაგარია – დარწმუნებული ვარ, ბევრს ჰქონია განცდა, რომ რაღაც მილიონიანი იდეა მოუვიდა, მაგრამ მისი სტარტაპად ქცევის უნარები და კომპეტენცია არ აქვს. სტარტაპ-სტუდია კი ოცნებებს ასრულებს; მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჯერჯერობით სტარტაპ-სტუდიები ანტრეპრენერებს შორის ისეთი პოპულარობით არ სარგებლობს (ჯერ-ჯერობით), როგორც აქსელერატორები თუ VC-ებია.

სტარტაპ-სტუდია ძალიან საინტერესო ბიზნეს-მოდელია, რომელიც სათანადოდ დანერგვის შემთხვევაში, სამყაროს პრობლემების მომგვარებელი სტარტაპების უფრო და უფრო სწრაფ გამოჩეკვას გვპირდება

ახლა კი თვითონ სტარტაპ-სტუდიის ვარიანტები გადავიაროთ:

თანადამფუძნებელი სტუდიის პირველი მოდელი

ასეთი სტუდიები არის სიტუაციებისთვის, როცა ანტრეპრენერს აქვს იდეა, მაგრამ სტარტაპის გაშვება და მასშტაბირება მარტოს არ შეუძლია. მაშინ სტუდია ანტრეპრენერთან ერთად თანადამფუძნებლად იქცევა, მფლობელობის მხრივ, დამფუძნებელს წილის ნახევარს მაინც მოსთხოვს და მასთან ერთად, თავისი გუნდით იწყებს სტარტაპზე მუშაობას. ე.ი. სტუდია თავის თავზე იღებს: ბაზრის კვლევის, კონცეფციის ჩამოყალიბების, ინვესტორების მოძიების, ანალიტიკის, ბაზარზე გასვლის სტრატეგიისა და, უკვე აწყობილი სტარტაპისთვის- კადრების მოძიების საქმეებს. საბოლოოდ ანტრეპრენერს აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციასა და სტატუსს მიანიჭებენ და სტარტაპს ბაზარზე გაუშვებენ.

თანადამფუძნებელი სტუდიის მეორე მოდელი

ასეთი სტუდიის მოდელები მაშინაა რელევანტური, როცა ანტრეპრენერს იდეა და MVP აქვს, თავისი პატარა გუნდიც ჰყავს, მაგრამ კონკრეტული ტიპის რესურსები აკლია სტარტაპის მასშტაბირებისთვის. ასეთ დროს როგორც წესი, მას ოპერაციული, ტექნიკური და კონტაქტების გაფართოების კუთხით სჭირდება დახმარება. მოკლედ, ისინი სტუდიასთან კონკრეტული თხოვნებით მიდიან (ვთქვათ: “პროტოტიპის შექმნაში გვჭირდება დახმარება”..) და სტუდიაც – ეხმარებათ.

აუთსორსბილდერი სტუდიის მოდელი

ეს ისეთი ანტრეპრენერებისთისაა, ვისაც სტარტაპის აგება უნდა, მაგრამ პარტნიორს არ ეძებს,  არამედ ტექნიკური კუთხით სჭირდება დახმარება პროდუქტის შექმნაში, დიზაინში, მართვაში. ერთი შეხედვით, ასეთ შემთხვევაში სტუდია დაქირავების სერვისს ემსგავსება, რომელსაც ანტრეპრენერი შესრულებული საქმისთვის გადაუხდის. მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.

მართალია, ბილდერი სტუდია, ფაქტობრივად, მხოლოდ სტარტაპის ინჟინერიას იღებს თავის თავზე, სხვა მხრივ კი ანტრეპრენერი საკუთარი ხედვისამებრ აფორმირებს კომპანიას, მაგრამ დაქირავებულ შემსრულებელთან რომ გვქონდეს საქმე, ანტრეპრენერს მოუწევდა, მისთვის ზუსტად ეთქვა, რა და როგორ გაეკეთებინა –  უბრალოდ ხელებს დაიქირავებდა, რომლებიც მისსავე მითითებებს ზედმიწევნით შეასრულებდნენ.  ბილდერი სტუდიის შემთხვევაში კი თანამშრომლობა კონსალტინგსაც მოიაზრებს, ტექნიკური სამუშაოს შესრულების გარდა.

თანადამფუძნებელი სტუდიის მესამე მოდელი(3rd Co-founder Studio Model)

ასეთ სტუდიებთან კი მიდის ანტრეპრენერი, რომელსაც აქვს იდეა, მაგრამ პროდუქტის შექმნაში, გაყიდვებში, მარკეტინგსა და ზრდაში სჭირდება დახმარება. ეს ბილდერის და პირველი მოდელის ნაზავია; ანუ ისეთი სიტუაციაა, როდესაც არამხოლოდ ტექნიკური კუთხით, არამედ პროდუქტის ბაზრამდე მიტანის კუთხითაც სჭირდება სტარტაპს დახმარება.

 

ახლა თვითონ სტარტაპ-სტუდიის ერთ-ორ მახასიათებელზე შევჩერდეთ. პირველ რიგში, აალბათ, ცოტა გაგიკვირდებოდათ, ზემოთ როცა ვახსენე, რომ სტარტაპ-სტუდია მასთან მისულ დამფუძნებელს წილის დაახლოებით ნახევარზე გაურიგდება-თქო. დიახ, ზოგადად, გარიგებისას სტარტაპ-სტუდია მომავალი სტარტაპის დიდ წილს იღებს ხოლმე. მაგალითად, ბილდერი სტუდია დაახლოებით 10%-ს აიღებს, მესამე მოდელის თანადამფუძნებელი სტუდია კი, ალბათ, 25%-მდე მაინც, რადგან ბილდერზე ბევრად მეტი საქმისა და პასუხისმგებლობის აღება უწევს. მაგრამ წილის სიდიდე სტარტაპ-სტუდიის სიხარბიდან კი არა, მისი სპეციფიკიდან და საჭიროებიდან გამომდინარეობს; წარმოვიდგინოთ: სტარტაპ-სტუდიამ წლის განმავლობაში, შეიძლება 12-მდე სტარტაპი დააყენოს გზაზე, მაგრამ ყოველი მათგანი, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, წარმატებული ვერ იქნება – ეს თუნდაც იმიტომ შეიძლება მოხდეს, რომ დამფუძნებელმა CEO-ს მოვალეობა სათანადოდ ვერ შეასრულოს. სტარტაპ-სტუდიის შემოსავალი და მისი მომავალი ფუნქციონირება კი მისი პარტნიორობით განვითარებული სტარტაპებიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული: მასთან მისული ახალ-ახალი სტარტაპების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ხომ უზარმაზარი ფინანსები სჭირდება?! ამ ყოველივეს გათვალისწინებით, სტარტაპ-სტუდიათაგან მიღებული წილი, წესით, უსამართლოდ აღარ უნდა მოგეჩვენოთ. თუმცა ამას კიდევ ერთი მხარე აქვს; თუკი სტარტაპი ძალიან წარმატებული გახდა და ზრდისათვის დაფინანსებათა ძიების ახალ-ახალი რაუნდები განახორციელა, საბოლოოდ თავდაპირველი დამფუძნებლის წილი საკმაოდ მცირე დარჩება.

საინტერესოა, რომ სტარტაპ-სტუდიებს მხოლოდ სტარტაპები კი არა, დიდი კომპანიებიც იყენებენ თავიანთი თავის გადახალისებისა და მომხმარებლისთვის “გეგმიური ინოვაციის” შეთავაზებისთვის. მაგრამ, ეს სირთულეებთან ასოცირდება: დიდ კომპანიებთან მუშაობისას ყველაფერი ძალიან ნელა ხდება, “საქმიანი სთეიქჰოლდერების” ყურადღების მიპყრობა ცალკე თავის ტკივილია, ხოლო საქმე როდესაც რეალურ დატაზე მიდგება, “კომპანიის პოლიტიკით” გასაიდუმლოებული აღმოჩნდება ხოლმე.

ასეა თუ ისე, სტარტაპ-სტუდია ძალიან საინტერესო ბიზნეს-მოდელია, რომელიც, სათანადოდ დანერგვის შემთხვევაში, სამყაროს პრობლემების მომგვარებელი სტარტაპების უფრო და უფრო სწრაფ გამოჩეკვას გვპირდება. და რაც მთავარია, ის რიგითი ინოვაციური ადამიანებისთვისაც შესაძლებელს ხდის იდეის რეალობად გადაქცევას.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post