ქართული სტარტაპები: Temi Cloud
Temi Cloud, ანუ Facebook ჯგუფიდან სტარტაპის შექმნამდე – ასე ლაკონიურად შეიძლება გადმოვცეთ ქართული სტარტაპის განვითარების ისტორია. უფრო ვრცლად კი იდეის წარმოშობის, მისი განხორციელებისა და პროცესში გადალახული სირთულეების შესახებ Temi Cloud-ის დამფუძნებლები მარიამ ხომერიკი და სანდრო დოლიძე გვესაუბრებიან.
იდეა
,,Temi Cloud-ის ჩანასახის იდეა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაჩნდა. იმ პერიოდში Facebook-ზე გვქონდა საკმაოდ აქტიური ტექნოლოგიური ჯგუფი – Tech Talent. მისი წევრები ერთმანეთს ბევრ საინტერესო ინფორმაციას, სტატიებს, ღონისძიებებსა თუ ვაკანსიებს უზიარებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, ამ ჯგუფით კომპანიებიც დაინტერესდნენ (კადრების აყვანის აგენტები ვაკანსიებს აზიარებდნენ)’’.
ამის შემდეგ, სტარტაპის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, რომ Tech Talent-ისთვის ტექნოლოგიური მიმართულებით არსებული ვაკანსიების პლატფორმა შეექმნათ, რაც სასურველი სამუშაოს მოძიებას უფრო გაამარტივებდა. როგორც თავად ამბობენ, საწყის ეტაპზე პლატფორმას კომერციული მიზნები არ ჰქონდა. თუმცა, დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, მის იმგვარ ადაპტაციაზე დაფიქრდნენ, რომ მასშტაბირება ყოფილიყო შესაძლებელი. აი, აქ კი უკვე Temi Cloud-ის იდეაც წარმოიშვა.
აღსანიშნია, რომ მარიამს ციფრული და ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების, ასევე პროექტების მართვის მიმართულებით აქვს გამოცდილება; ხოლო სანდროს – ტექნოლოგიურ სფეროში.
რა პრობლემას ჭრის Temi Cloud
Temi Cloud არის SaaS პლატფორმა no-code ელემენტებით. ის სხვადასხვა ჯგუფის შემქმნელებს, ორგანიზატორებსა და კონტენტკრეატორებს კოდის დაწერის გარეშე ბრენდირებული ერთგვერდიანი საიტების (Landing Page) დამზადების, საკუთარ დომეინზე მიბმისა და არსებულ პლატფორმებთან მარტივი ინტეგრაციის საშუალებას აძლევს.
ამის გარდა, Temi Cloud ე.წ. ქომუნითი მენეჯერებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. პლატფორმის საშუალებით, მენეჯერები კომპანიის მიერ მიწოდებულ სხვადასხვა ინფორმაციას (ბრენდის, ვაკანსიის შესახებ და ა.შ) ქომუნითის ვებსაიტებზე აზიარებენ. ეს, ერთი მხრივ, ე.წ. ქომუნითი მენეჯერებსა და ბლოგერებს მონეტიზაციაში ეხმარება, ხოლო, მეორე მხრივ, კომპანიებს – სამიზნე აუდიტორიამდე მარტივად მიღწევაში.
გადაჭრილი პრობლემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, Temi Cloud-ს ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს. ამასთან დაკავშირებით, სტარტაპის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ,,არსებული პლატფორმები, რომლებიც მეტ-ნაკლებად მსგავს პრობლემას ჭრიან, სრულად დეცენტრალიზებული ან ცენტრალიზებული არიან. Temi Cloud კი ცენტრალიზებული პლატფორმაა დეცენტრალიზებული ქომუნითებისთვის. ანუ ე.წ. ქომუნითი მენეჯერებსა და კონტენტკრეატორებს საშუალებას ვაძლევთ, რომ საკუთარი პლატფორმა ჰქონდეთ დეცენტრალიზებულად. ამავდროულად კი, მათ ზრდაში ვეხმარებით ჩვენი ცენტრალიზებული სისტემით, რომელიც სხვადასხვა კომპანიისგან შედგება’’.
სტარტაპერებს არ უნდა შეეშინდეთ შეცდომების დაშვების. პირიქით, უნდა ეცადონ, რომ გადაწყვეტილებები რაც შეიძლება უცბად მიიღონ და მალევე იგემონ წარუმატებლობა, რათა სწრაფადვე ისწავლონ ამ შეცდომაზე.
პირველი ნაბიჯებიდან დღევანდელობამდე
ბაზარზე გადადგმული პირველი ნაბიჯების გახსენებისას, სტარტაპის დამფუძნებლები ძველი პლატფორმის გათიშვასა და თავიდან გაშვებაზე საუბრობენ. ,,Temi Cloud-ის საბაზრო სტრატეგია საკმაოდ მტკივნეული იყო, რადგან უკვე არსებული პლატფორმის გადაწყობა მოგვიხდა. ამან მომხმარებლის ინტერფეისში (UI) გარკვეული ცვლილებები გამოიწვია და მათი (ყოველდღიური) რაოდენობა შემცირდა. ამის გარდა, როგორც კი ახალ ბაზაზე გადავედით და მონეტიზაცია დავიწყეთ, ჯგუფში (Tech Talent) ვაკანსიების განთავსება ფასიანი გახდა, რის გამოც, მათი რაოდენობაც დავარდა. თუმცა, ნელ-ნელა ბევრი გაუმჯობესება დავამატეთ და ჯგუფების ადმინისტრატორებმა, კომპანიებმა თუ საბოლოო მომხმარებლებმა მეტი ღირებულება დაინახეს’’, – აღნიშნავენ ისინი.
Temi Cloud-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ყველაზე რთული მათთვის Tech Talent-ის გარდა სხვა ჯგუფებთან დაპარტნიორება იყო. ,,პირველ რამდენიმე ჯგუფთან თანამშრომლობა ჩვენი ახლო კავშირების დახმარებით შევძელით. თუმცა, შემდეგ ძალიან სწრაფად გავიზარდეთ’’, – აღნიშნავენ ისინი. მათთვის კიდევ ერთი სირთულე გუნდთან ცვლილების დაანონსება აღმოჩნდა – ,,Tech Talent-ის შემდეგ, Temi Cloud პროდუქტის საკმაო ცვლილება იყო. ჩვენთვის გუნდი და მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ამ ინფორმაციის მიწოდება საკმაოდ რთული იყო. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და გუნდი სრული შემადგენლობით გვყავს’’.
დღეისთვის პლატფორმაზე 235-ზე მეტი კომპანია და 7 ათასი მომხმარებელია რეგისტრირებული. ამის გარდა, Temi Cloud-ს 40-ამდე პარტნიორი ჯგუფი ჰყავს. რაც შეეხება შემოსავალს, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ, სტარტაპს ყოველთვიური 30%-იანი ზრდა აქვს.
მნიშვნელოვანი მეტრიკები
სტარტაპის გუნდი საკმაოდ ბევრ მეტრიკას აკვირდება. მათ შორის არის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა; რეგისტრირებული მომხმარებლების, კომპანიებისა და პლატფორმების რაოდენობა; მოპოვებული ლიდების რაოდენობა და განთავსებული ვაკანსიების/კონტენტის რაოდენობა.
სტარტაპზე მუშაობის პროცესში ინვესტორებისგან, მომხმარებლებისგან თუ თანამშრომლებისგან ძალიან ბევრ უარს მიიღებთ. თუმცა, ამის არ უნდა შეგეშინდეთ. მთავარია, უარის მიზეზი გაარკვიოთ და მისგან ისწავლოთ.
ინვესტიციები
სტარტაპის შესაქმნელად საჭირო საწყისი კაპიტალი დამფუძნებლებმა საკუთარი დანაზოგიდან გაიღეს, შემდეგ კი GITA-ის გრანტიც მოიპოვეს. ამ ეტაპზე, Temi Cloud-ს ინვესტიცია არ აქვს მოპოვებული, Pre-Seed რაუნდზეა და სხვადასხვა ინვესტორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
,,ინვესტორის შერჩევისას სტარტაპისთვის რამდენიმე ღირებულებაა მნიშვნელოვანი, თუმცა ორ მათგანს განსაკუთრებით გამოვარჩევდით. პირველ რიგში, ჩვენ შორის ურთიერთნდობა უნდა არსებობდეს და ინვესტორი ჯერ გუნდს, შემდეგ კი პროდუქტს აფასებდეს. ამის გარდა, ინვესტორს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ ბიზნესის ზრდაში და კავშირების მოპოვებაში დაგვეხმაროს’’, – აღნიშნავენ დამფუძნებლები.
სამომავლო გეგმები
სტარტაპს ამჟამად 5 სომხური და 3 უზბეკური პარტნიორი ჯგუფი ჰყავს. დამფუძნებლების თქმით, უცხოური ჯგუფებისა და კომპანიების ონბორდინგი (უცხოურ ბაზარზე ზრდა) მათი ერთ-ერთი ამჟამინდელი გამოწვევა და სამომავლო გეგმაა. ამის გარდა, სტარტაპის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი Pre-Seed ინვესტიციის მოპოვებაა. პლატფორმასთან დაკავშირებულ სიახლეებს რაც შეეხება, დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ სულ მალე ღონისძიებების დასპონსორების ფუნქცია გახდება ხელმისაწვდომი.