Twitter ვრცელი ტექსტების გამოქვეყნების ფუნქციას ტესტავს
Twitter ვრცელი ტექსტების დაწერისა და გამოქვეყნების ფუნქციას ტესტავს. ეს არის სოციალური მედიის პლატფორმაზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მას შემდეგ, რაც 2017 წელს ტვიტების სიმბოლოების რაოდენობა 140-იდან 280-მდე გაიზარდა.
ამ ეტაპზე ფუნქციის საწყისი, მცირე მასშტაბის ტესტირება მიმდინარეობს და მასზე წვდომა ა.შ.შ-ში, კანადაში, განასა და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ადამიანთა შერჩეულ ჯგუფს აქვს. როგორც კომპანია აცხადებს, ტესტირების მონაწილეთათვის ხელმისაწვდომი იქნება ,,Write’’ განყოფილება, რომელშიც ისინი დაწერენ და იხილავენ თავიანთ ყველა ჩანაწერს (იქნება ეს გამოქვეყნებული ტექსტი თუ უბრალოდ მონახაზი); ასევე მომხმარებლებს წვდომა ექნებათ პროფილზე განთავსებულ ,,Notes’’ სექციაზე, რომელშიც მათ მიერ გამოქვეყნებული ნამუშევრები შეინახება.
✨ Introducing: Notes ✨
We’re testing a way to write longer on Twitter. pic.twitter.com/SnrS4Q6toX
— Twitter Write (@TwitterWrite) June 22, 2022
აღსანიშნია, რომ მომხმარებლებს ვრცელ ტექსტებში ფოტოების, ვიდეოების, GIF-ებისა და ტვიტების ჩასმაც შეეძლებათ. ამასთანავე, ამ ჩანაწერებს ექნებათ თავიანთი ბმული და მათი გაზიარება, გადაზიარება, პირად შეტყობინებებში გაგზავნა და მოწონება იქნება შესაძლებელი.
სოციალურ პლატფორმაზე ვრცელი ტექსტების დაწერისა და გამოქვეყნების ფუნქციის დანერგვამ შესაძლოა, WordPress-თან ან Medium-თან კონკურენციაც წარმოშვას. ცნობისთვის, Twitter-ის თანადამფუძნებელი ევან უილიამსი Medium-ის თანადამფუძნებელიცაა.