როგორ გახდება კრიპტოინვესტიციები უფრო უსაფრთხო
კრიპტობაზრის ზრდასთან ერთად, კრიპტოთაღლითობების სულ უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ციფრული ვალუტების უსაფრთხოება კი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც ადამიანების ნაწილს ამ ტიპის ინვესტიციისგან თავშეკავებისკენ უბიძგებს. GOBankingRates-ის მიერ 2022 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, 1 037 ამერიკელიდან 77%-ს კრიპტოვალუტაში ინვესტიცია არ ჩაუდია; ციფრული ვალუტის არმქონე ადამიანების 26% ამბობს, რომ ამის მიზეზი უსაფრთხოების მიმართულებით უნდობლობა იყო; 17%-ს თქმით კი, კრიპტობაზარი საკმარისად რეგულირებული არ არის.
რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისთვის, რომ კრიპტოინვესტიცია უფრო უსაფრთხო გახდეს?
მეტი რეგულაცია
კრიპტობაზარი ერთგვარ ველურ დასავლეთად რჩება, როდესაც საქმე რაიმე სახის რეგულირებას ან ზედამხედველობას ეხება. ხოლო იმისთვის, რომ კრიპტოქსელები უფრო უსაფრთხო იყოს როგორც მფლობელებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის, რეგულაცია საჭიროა მიუხედავად იმისა, თუ რამდენი კრიპტოენთუზიასტი ეწინააღმდეგება ამ საკითხს.
Allnodes-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის, ტალი გრინბერგის თქმით, რეგულირება დაიწყება, რაც ბაზარს კიდევ უფრო დაასტაბილურებს. ამასთანავე, იგი აღნიშნავს, რომ რეგულაციები ინვესტორებს იცავს, ამიტომ მათი შემოღება ცუდი ნამდვილად არ არის.
Cold Storage
კრიპტოვალუტის უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი თავად ინდივიდუალურ ინვესტორებს ეკისრებათ. მათ ციფრული ვალუტის შესანახად ორი ვარიანტი აქვთ – hot storage (ონლაინ) და cold storage (ოფლაინ). უკანასკნელი მათგანი კი მომხმარებლებს უსაფრთხოების ბევრად მაღალ სტანდარტს სთავაზობს, რადგან თუ ციფრულ საფულეზე წვდომისთვის საჭირო პირადი გასაღები არასდროს მოხვედრილა ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობაში, საფულე ონლაინშეტევებისგან დაცულია.
კომპანია Unchained Capital-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, პარკერ ლუისი აღნიშნავს, რომ Cold storage-ის კაპიტალზე წვდომის მიღების ერთადერთი გზა პირადი გასაღებია, რის გამოც მისი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. Netenrich-ის ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი ბრენდონ ჰოფმანი მას ეთანხმება და ამბობს, რომ პირადი გასაღების შესანახად ყველაზე უსაფრთხო გზა Cold storage-ის გამოყენებაა.
მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია
კრიპტოვალუტების უსაფრთხოების გასაზრდელად მომხმარებლებს მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციის გამოყენება შეუძლიათ. თუმცა, როგორც 2022 წლის იანვარში, Crypto.com-იდან $35 მილიონის ღირებულების ბიტკოინისა და ეთერიუმის მოპარვის შემთხვევამ გვაჩვენა, ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციაც კი არ არის ყოველთვის საკმარისი.
Coinbase-ის უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი ფილიპ მარტინი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის მომხმარებლებმა ინვესტიცია უნდა ჩადონ YubiKey-ში, რომელიც დამატებითი ავთენტიფიკაციის USB მოწყობილობაა. მისი თქმით, ეს მოწყობილობა არის „ოქროს სტანდარტი ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციისთვის“.
თაღლითობის თავიდან აცილება
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, უსაფრთხოების დაცვის პრობლემა არა კრიპტოვალუტებში, არამედ მომხმარებლების მიდგომებშია. მაგალითად, ფინანსური ტექნოლოგიების საინფორმაციო გამოცემა FIN-ის რედაქტორი აღნიშნავს, რომ თავად ბიტკოინს არ აქვს დაუცველობის პრობლემა; აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ მართავენ მას ინვესტორები.
ფედერალური სავაჭრო კომისიის თქმით, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული თაღლითობების რაოდენობა მზარდია და ეს განსაკუთრებით გამოიხატება ელფოსტაზე გაგზავნილი სხვადასხვა ტიპის შეტყობინებების, რეფერალური ქსელის სქემების ან ინვესტირების ყალბი შეთავაზებების სახით. ასე რომ, ამ შემთხვევაში ინვესტორების მხრიდან დაკვირვება და ინფორმაციის გაფილტვრის უნარია საჭირო.