fbpx

რა არის Web1, Web2 და Web3?

Web1,web2,web3

რა არის Web1, Web2 და Web3?

თუკი თანამედროვე თაობის ნაწილი ხართ, სავარაუდოდ, უკვე დიდი ხანია, ინტერნეტს იყენებთ. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, არ იცოდეთ, რომ ინტერნეტის რამდენიმე ვერსია (Web 1, Web 2, Web 3) არსებობს. ათწლეულების განმავლობაში ინტერნეტმა თავისი ჰორიზონტი გააფართოვა და სხვადასხვა ვერსიით წარდგა ჩვენ წინაშე. ლოგიკურია, რომ ყოველი მომდევნო ვერსია წინაზე ბევრად განვითარებულია.

დღესდღეობით, ჩვენს ყოველდღიურობაში სოციალური მედიის თვალიერებისა და ინფორმაციის მოსაპოვებლად 2.0 ვერსიას ვიყენებთ. 1986 წლიდან (ინტერნეტის შექმნის პერიოდი) დღემდე ინტერნეტის ორი ვერსია: Web 1 და Web 2 იყო ხელმისაწვდომი. მომავალ ვერსიად კი უკვე Web 3 გვევლინება. აღსანიშნავია, რომ ყოველი მომდევნო ვერსიის გამოყენების ხანგრძლივობა მინიმუმ ათი წელია.

და მაინც, თუკი ინტერნეტი ვირტუალური რამაა, როგორ ფართოვდება ის? მას ხომ ფიზიკური ფორმა არ გააჩნია? – სწორედ ამ კითხვების გასაფანტად, გადავწყვიტეთ, მარტივად გიამბოთ ზემოხსენებული სამი ვერსიის შესახებ.

Web 1

ინტერნეტის დანერგვის პირველ დღეებში შეიქმნა მისი პირველი ვერსია, სახელწოდებით Web 1.0. უფრო მეტად იგი შეიქმნა კომპანიებისთვის და არა – ფიზიკური პირებისთვის. მაშინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა ის, თუ როგორ მუშაობდა ინტერნეტი. იმ პერიოდში მსხვილი კორპორაციების უმეტესობამ კომპიუტერის ექსპერტები დაიქირავა, რათა ინტერნეტი ემართათ და მისი გამოყენება კომპანიის თანამშრომლებისთვისაც ესწავლებინათ.

კონტენტის შემქმნელები პირველ ვერსიაში ცოტანი იყვნენ, ხოლო კონტენტის მნახველები – ბევრი. Web 1-ში საიტებზე რეკლამა აკრძალული იყო, გვერდების უმეტესობა იქმნებოდა HTML-ის საშუალებით. ვებსაიტები იყო საინფორმაციო და შეიცავდა მხოლოდ სტატიკურ შინაარსს; მაშინ არ არსებობდა CSS, დინამიური ბმულები, ინტერაქტიულობა, როგორიცაა მომხმარებლების შესვლა, კომენტარები ბლოგის პოსტებზე და ა.შ. სწორედ ამიტომ ინტერნეტის ამ ვერსიას “წაკითხულ ვებს” უწოდებდნენ.

ინტერნეტი ასევე ბევრად ძვირი ჯდებოდა მაშინ, ვიდრე დღეს. ამ მიზეზით კომპიუტერი და ინტერნეტი მწირი იყო სახლებში. აქვე გეტყვით, რომ 1.0 ვერსიის გამოყენების პერიოდი 1989 წლიდან დაიწყო და 2005 წლამდე გაგრძელდა.

Web 2

ვებ 2.0, ფაქტობრივად, ძალიან დიდი ნაბიჯი იყო ინტერნეტის განვითარების კუთხით, რადგან მან შეცვალა ადამიანების როლი და ხედვა ინტერნეტისადმი. ამ ტიპის ინტერნეტი უფრო ფართოდ გავრცელდა, რადგან ის უკვე მომხმარებელს არამხოლოდ სტატიკურ ინფორმაციას, არამედ ამ ინფორმაციასთან ურთიერთქმედებასაც სთავაზობდა. ვებ 2-ში მომხმარებელს შეეძლო კონტენტის თავად შექმნა და მისი გავრცელება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ უბადლო მიღწევამ გამოიწვია ბოლო წლების განმავლობაში მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის აფეთქება. 2.0-ში ადამიანები უკვე თავად ქმნიდნენ აპლიკაციასა და ვებგვერდებს და ამიტომ, ვებ 2-ს “მონაწილეობითი ინტერნეტი” ეწოდა.  იგი ბევრად უფრო იაფი გახდა, რამაც მის გავრცელებას შეუწყო ხელი.

Web 2.0-ის ამგვარი ზრდა განპირობებულია ძირითადი ინოვაციებით, როგორიცაა მობილური ინტერნეტი, სოციალური ქსელები და მობილური მოწყობილობების სიმრავლე. ამ განვითარებამ საშუალება მისცა სხვადასხვა აპლიკაციას, გამხდარიყო დომინანტი, მაგალითად, AirBnB, Facebook (ახლანდელი Meta), Instagram, TikTok, Twitter, Uber, WhatsApp, YouTube და ა.შ – მათ მნიშვნელოვნად გააფართოვეს ონლაინ ინტერაქტიულობა.

აქვე გეტყვით, რომ ინტერნეტის ამ ვერსიაში ვებ ბრაუზერის ტექნოლოგიები გამოიყენება და ისინი მოიცავს AJAX და JavaScript ჩარჩოებს.

Web 3

WWW-ის მომავალი არის ვებ 3.0., რომელიც დაფუძნებულია ჭკვიანი კომპიუტერის აპლიკაციებზე, თუნდაც, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი. იგი გამიზნულია ბლოკჩეინის, 3D გრაფიკის, მეტავერსიისა და სემანტიკური ვებ-ის გამოყენებაზე. თუმცა, თუ ტექნიკურად ერკვევით, შეიძლება იცოდეთ, რომ ასეთი რამ უკვე არსებობს ინტერნეტის ამჟამინდელ ვერსიაში – 3.0-ის ზოგიერთი მახასიათებელი უკვე დანერგილია, მაგალითად, Blockchain ტექნოლოგია გავრცელებულია სხვადასხვა აპსა და საიტზე, როგორიცაა: Paypal, Microsoft, Amazon და ა.შ.

Web 3-ის მახასიათებლები

დეცენტრალიზაცია: ეს არის Web 3.0-ის ძირითადი პრინციპი. Web 2.0-ში კომპიუტერები იყენებენ HTTP-ს ინფორმაციის მოსაძებნად, რომელიც ინახება ფიქსირებულ ადგილას, ჩვეულებრივ, ერთ სერვერზე. Web 3.0-ში ინფორმაცია მოიძებნება მის შინაარსზე დაყრდნობით, ამიტომაც ის შეიძლება ინახებოდეს რამდენიმე ადგილას ერთდროულად და, შესაბამისად, იყოს დეცენტრალიზებული. ეს დაანგრევს მონაცემთა მასიურ ბაზებს, რომლებსაც ამჟამად ფლობენ ინტერნეტ გიგანტები, როგორიცაა Facebook (ახლანდელი Meta) და Google, და ხელს შეუშლის მათ არასათანადო გამდიდრებას მომხმარებლებისთვის მეტი კონტროლის გადაცემით. ამ შემთხვევაში, რომელიმე პლატფორმა კი არ გადასცემს მომხმარებელს კონტროლს, არამედ მას თავად ექნება კონტროლი ამ ინფორმაციაზე.

უნებართვო: გარდა დეცენტრალიზაციისა, Web 3.0 ასევე იქნება უნებართვო (რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამა თუ იმ ინტერნეტ სივრცეში შესვლა ავტორიზაციის გარეშე). შედეგად, Web 3.0 აპლიკაციები იმუშავებს ბლოკჩეინზე, დეცენტრალიზებულ peer-to-peer ქსელებზე, ან მათ კომბინაციაზე – ასეთ დეცენტრალიზებულ აპებს მოიხსენიებენ, როგორც dApps.

ხელოვნური ინტელექტი (AI): Web 3.0-ში კომპიუტერებს შეეძლებათ ინფორმაციის გაგება ადამიანების მსგავსად, ტექნოლოგიების მეშვეობით, რომლებიც დაფუძნებულია სემანტიკური ვებ-ის კონცეფციებზე და ბუნებრივი ენის დამუშავებაზე. ეს შესაძლებლობები კომპიუტერებს საშუალებას მისცემს, მიიღონ უფრო სწრაფი და შესაბამისი შედეგები ისეთ სფეროებში, როგორიცაა წამლების განვითარება და ახალი მასალების შექმნა.

დასკვნა

Web3 ახლა ისე, როგორც არასდროს, ძალიან აქტუალურია. Web1 და Web2-ის არსებობის პერიოდები თითქმის უკვე გაუტოლდა ერთმანეთს. მეტაზე საუბარმა კი Web3 უფრო პოპულარული გახადა. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ სულ მალე ვიხილავთ Web3 ეპოქას – ტექნოლოგიური სექტორი 3.0 ტექნოლოგიების გამოყენებას უკვე ფართოდ ავრცელებს. არავინ იცის, რა იქნება მომავალში, თუმცა კი, ამბობენ რომ ამ ტემპით სვლის გაგრძელების შემთხვევაში ნაკლები დრო დასჭირდება არათუ 3.0, არამედ 4.0 და 5.0 ვერსიების ხილვასაც.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post